Facebook Twitter

¹ას-132-126-2010 3 მაისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ 1. ამხანაგობა “ძ-ა”; 2. ნ. ჩ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 15 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოპასუხეების: ამხანაგობა „ძ-ას“, ნ. ჩ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. ბათუმში, ... ქუჩა ¹28-ში მდებარე სარდაფის ნაწილის _ 32,8 კვ.მ-ის ნ. ჩ-ძის საკუთრებაში გადაცემისა და ამ ფართზე მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ამხანაგობის წევრთა საერთო კრების 2008 წლის 26 აპრილის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ. სადავო ფართის ნ. ჩ-ძის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა; გ. მითითებული სარდაფის სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვა (ტომი 1, ს.ფ. 1-8).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა „ძ-ას“ წევრთა საერთო კრების 2008 წლის 26 აპრილის საოქმო გადაწყვეტილება ბათუმში, ... ქუჩა ¹28-ში მდებარე სარდაფის ნაწილის, 32,8 კვ.მ-ის ნ. ჩ-ძის საკუთრებაში გადაცემისა და ამ ფართზე მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების ნაწილში, ხოლო აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ შეწყდა წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით (ტომი 1, ს.ფ. 149-154).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 იანვრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი 1, ს.ფ. 201-205).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებით, ამხანაგობა „ძ-ასა“ და ნ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივრების განხილვის შედეგად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ტომი 1, ს.ფ. 269-279).

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა “ძ-ამ” და ნ. ჩ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 289-299, 303-323).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ნ. ჩ-ძისა და ამხანაგობა ძ-ას” საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი 1, ს.ფ. 372-379).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა “ძ-ასა” და ნ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა “ძ-ას” წევრთა საერთო კრების 2008 წლის 26 აპრილის საოქმო გადაწყვეტილება ბათუმში, ... ქ. ¹28-ში მდებარე სარდაფის ნაწილის, 32.8კვ.მ-ის ნ. ჩ-ძის საკუთრებაში გადაცემისა და ამ ფართზე მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ნაწილში, საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება ასევე გაუქმდა ამხანაგობა “ძ-ასა” და ნ. ჩ-ძისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი ამხანაგობა “ძ-ას” წევრთა საერთო კრების 2008 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ამხანაგობა “ძ-ასა” და ნ. ჩ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 150-150 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება იმის თაობაზე, რომ სადავო სარდაფი არ წარმოადგენდა ამხანაგობის საკუთრებას. მართალია, საქმეში მოიპოვებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ცნობა, რომლის თანახმად, ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მასალებით, ... ქ. ¹28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში არსებული 32.8კვ.მ ირიცხება ბათუმის მერიაზე, თუმცა საქმეში ასევე მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომ შემდგომში, ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, ამ მისამართზე არსებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ამხანაგობა “ძ-ას” საკუთრებად. აქედან გამომდინარე, ამხანაგობამ განკარგა ის უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენდა მის საკუთრებას. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეს ჩანაწერი სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. საჯარო რეესტრის აღნიშნულ ჩანაწერს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არც შეცილებია და არც მის უზუსტობაზე მიუთითებია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ეს ჩანაწერი სწორად მიიჩნია. მართალია, ტექნიკური აღრიცხვის მასალებით სადავო სარდაფი ეკუთვნოდა ბათუმის მერიას, მაგრამ სარდაფის განკარგვის დროისათვის დასახელებული ჩანაწერი უკვე აღარ არსებობდა. შესაბამისად, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია იმის შესახებ, რომ ამხანაგობამ გაასხვისა სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, დაუსაბუთებელი იყო.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძვლად ტექაღრიცხვის სამსახურის არქივის მონაცემების მიჩნევის შემთხვევაშიც, სარჩელი უსაფუძვლო იქნებოდა. ამ ჩანაწერის მიხედვით, სადავო ფართი ეკუთვნოდა არა სახელმწიფოს, არამედ _ ქ. ბათუმის მერიას. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არც აღნიშნულ ჩანაწერს შეცილებია. შესაბამისად, საჯარო რეესტრში ქონების ამხანაგობის საკუთრებად რეგისტრაციის უსწორობის დადგენის შემთხვევაშიც, დადგინდებოდა ბათუმის მერიის საკუთრება. ამის გამო კი, დადგინდებოდა, რომ სარდაფის გასხვისებით დაირღვა არა სახელმწიფოს, არამედ _ ქ. ბათუმის მერიის უფლებები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელემ შეიძლება მოითხოვოს მხოლოდ თავისი და არა სხვისი დარღვეული უფლებების დაცვა. სარჩელი, რომელიც არ არის მიმართული მოსარჩელის უფლებების დაცვისაკენ, უსაფუძვლოა. რამდენადაც სადავო გარიგებით სახელმწიფოს ქონებრივი უფლებები არ დარღვეულა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი წარმომადგენლის _ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი უსაფუძვლო იყო. აქვე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამხანაგობის კრების მოწვევისა და გადაწყვეტილებათა მიღების წესის აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული დარღვევების თაობაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაირღვეოდა მოსარჩელის უფლებები (ტომი 2, ს.ფ. 26-32).

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. გარდა ამისა, კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

კასატორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სადავო სარდაფის გასხვისებით დაირღვა არა სახელმწიფოს, არამედ _ მერიის უფლებები, ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით მის მესაკუთრეს წარმოადგენდა ქ. ბათუმის მერია. ამასთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის ამოქმედებამდე არ იყო გამიჯნული ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების ცნება. დასახელებული კანონით განისაზღვრა ასეთი საკუთრება და მისი შექმნის საფუძვლები. “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო. ამავე კანონით განსაზღვრულია საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები. ქონების გადაცემაზე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

კანონის აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, კასატორისათვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ ქონება თვითმმართველობის საკუთრებად. მისი მითითებით, საქმეში მოიპოვება ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 4 ივლისის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან ბათუმში, ... ქ. ¹28-ში მდებარე ქონებასთან დაკავშირებით “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მიხედვით უფლებამოსილ ორგანოს (ეკონომიკის სამინისტრო) _ არ აქვს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ქონება არ წარმოადგენს თვითმმართველობის საკუთრებას და განიხილება სახელმწიფოს საკუთრებად. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უფლებები არ დარღვეულა და სარჩელი აღძრული იყო არასათანადო მოსარჩელის მიერ, ასევე გაუგებარია, თუ რატომ არ შესთავაზა სასამართლომ მხარეებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სათანადო მოსარჩელით შეცვლა.

კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამხანაგობა “ძ-ას” მესაკუთრეობის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია მხოლოდ მიწის ნაკვეთის შესახებ და არ არის დაკონკრეტებული შენობა-ნაგებობების ფართობი, კერძოდ, ამონაწერში აღნიშნულია, რომ ... ქ. ¹28-ში მდებარე 1031.5კვ.მ მიწის ნაკვეთი არის ამხანაგობა “ძ-ას” წევრთა საერთო საკუთრება. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში სხვის სახელზე რეგისტრირებული საკუთრება წარმოადგენდა ამხანაგობის სახელზე რეესტრში რეგისტრირებულ საკუთრებას.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე წარმოების დასრულებამდე აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, რათა ეცნობებინა, ნ. ჩ-ძეზე საკუთრების უფლებით გადაცემამდე ირიცხებოდა თუ არა სადავო სარდაფი საჯარო რეესტრში ამხანაგობა “ძ-ას” საკუთრებად. საჯარო რეესტრიდან მიღებული პასუხით ირკვეოდა, რომ მითითებული ქონება საჯარო რეესტრში ამხანაგობის სახელზე არ ირიცხებოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სწორედ ამ დოკუმენტაციის საქმეზე დართვას ითხოვდა მტკიცებულების სახით, რაც, მისი მოსაზრებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა (ტომი 2, ს.ფ. 39-48).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.