ას-132-128-2011 18 აპრილი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები _ 1. სს «ე.პ.ჯ»;
2. შპს «ნ.»
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ელექტროენერგიის დავალიანებისაგან გათავისუფლება
კასატორ სს «ე.პ.ჯს» მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს «ნ.ს» სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში
კასატორ შპს «ნ.ს» მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს «ნ.ს» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «ნ.მ» მოპასუხე სს «ე.პ.ჯს» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. შპს «ნ.სათვის» უკანონოდ დარიცხული 74190 კვტ.სთ ელექტროენერგიის დავალიანების მოხსნა;
ბ. ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენის საკომპენსაციოდ მოპასუხე სს «ე.პ.ჯსათვის» შპს «ნ.ს» სასარგებლოდ 2197320 კვტ.სთ ელექტროენერგიის ღირებულების, 12744 ლარის დაკისრება;
გ. შპს «ნ.ს» კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით გატარებულ თითოეულ კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოპასუხე სს «ე.პ.ჯსათვის» 2009 წლის ოქტომბრიდან 0.580 ლარის დაკისრება (ტომი 2, ს.ფ. 1-10, 204-207, 236-238).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს «ნ.ს» სარჩელი უკანონოდ დარიცხული 74190 კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხსნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენის საკომპენსაციოდ სს «ე.პ.ჯსათვის» თანხის დაკისრებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 4394 ლარის გადახდა დღგ-ს გარეშე; მასვე შპს «ნ.ს» კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით გატარებულ თითოეულ კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 2009 წლის 1 ოქტომბრიდან დაეკისრა 0.2 თეთრის ანაზღაურება დღგ-ს გარეშე.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ შპს «ნ.ს» საკუთრებაში ირიცხებოდა სამტრედია 1-ის 110კვტ-იან ქვესადგურში არსებული 6.6კვ.მ მაღალი ძაბვის ¹2 და ¹10 ფიდერები, ხოლო ¹2 ფიდერს თავისივე გადამცემი ხაზებით მოიხმარდა სს «ე.პ.ჯს» სამტრედიის მომსახურების ცენტრი;
სს «ე.პ.ჯ» წარმოადგენდა ელექტროენერგიის გადაცემის ლეცენზიატს და 2007 წლის ივნისის თვიდან აწვდიდა ელექტროენერგიას თავის აბონენტებს, მათ შორის, მოსარჩელე შპს «ნ.ს».
შპს «ნ.ს» საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზი წარმოადგენდა 6.6კვტ-იან ძაბვის მატარებელ ხაზს;
ქვესადგურ სამტრედია 1-ის ¹2 ფიდერის მიერ 2007 წლის ივლისიდან 2009 წლის სექტემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგია შეადგენდა 2197320 კილოვატსაათს;
2008 წლის 20 მაისს ფიდერ ¹10-ზე A და B ფაზებზე განხორციელდა დენის ტრანსფორმატორების შეცვლა და ორივე დამონტაჟდა K=10/5 კოეფიციენტით 1800, ხოლო 2009 წლის 22 მაისს ფიდერ ¹10-ზე შეიცვალა დენის ტრანსფორმატორები და K=10/5-ის ნაცვლად დაიდგა K=50/5;
ერთ აღრიცხვის კვანძში სხვადასხვა კოეფიციენტის მქონე დენის ტრანსფორმატორების შეერთება იწვევს მრიცხველის გავლით გატარებული ენერგიის ცდომილებით აღრიცხვას, რაც არც ერთი სტანდარტების მოთხოვნებს არ შეებამება;
მხარეებს შორის 2007 წლის ივნისიდან არსებობდა ელექტროენერგიის გატარების მომსახურების ფაქტობრივი სახელშეკრულებო ურთიერთობა;
კომისიის მიერ ელექტროენერგიის გატარებისა და განაწილების ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი) 6-10 კილოვოლტ ძაბვაზე შეადგენდა 0.580 თეთრ/კვტსთ-ს.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოდ დარიცხული 74190 კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხსნასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო, რამდენადაც «ელეტროერეგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მომსახურების წესების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტოენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად გამოიწერა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება, რომ მოსარჩელის აღრიცხვის კვანძზე დამონტაჟებული დენის ტრანსფორმატორის კოეფიციენტი არ შეესაბამებოდა კომპანიის ბილინგის ბაზაში დაფიქსირებულ დენის ტრანსფორმატორების კოეფიციენტს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც შპს «ნ.» გახდა სს «ე.პ.ჯს» აბონენტი (2007 წლის 3 ივნისიდან 2009 წლის 18 მაისამდე) მრიცხველიდან აღებული ანათვალის გამრავლება ხდებოდა 600-ზე, ნაცვლად 1800-ზე გამრავლებისა. შესაბამისად, მოხდა არასწორად აღრიცხული ჩვენების დაკორექტირება და აბონენტის ქვითრის ჩასწორება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმწოდებელი ვალდებული იყო აღმოჩენის შემდეგ გადაეანგარიშებინა აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია და ჩაესწორებინა მის ქვითარში. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია, რომ მას მოპასუხემ უკანონოდ დაარიცხა 74190 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, უსაფუძვლობის გამო გაზიარებული ვერ იქნებოდა.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენის საკომპენსაციოდ თანხის დაკისრების შესახებ, მასთან მიმართებით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლებზე, «ელეტროერეგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მომსახურების წესების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-15 მუხლზე, აგრეთვე, «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების» დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს 77-ე ბრძანების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის «გ» ქვეპუნქტზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისათვის დადგენილი ელექტროენერგიის გატარების ტარიფი (ზედა ზღვარი) 6-10 კილოვოლტ ძაბვაზე შეადგენდა 0.580 თეთრ/კვტსთ-ს. განსახილველ შემთხვევაში კი, მხარეთა შორის ელექტროენერგიის გატარებისათვის უნდა განსაზღვრულიყო ტარიფი გონივრულ ფარგლებში, კერძოდ, 6.6 კილოვოლტ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სარგებლობისათვის ყოველ გატარებულ 1კვტ. ელექტროენერგიაზე 0.2 თეთრის ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2007 წლის ივნისიდან 2009 წლის სექტემბრის ჩათვლით შეადგენდა 2197320 კილოვატსაათს, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 4394 ლარის გადახდა დღგ-ს გარეშე (2197320X0.2).
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა შპს «ნ.ს» კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით გატარებულ თითოეულ კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 2009 წლის ოქტომბრიდან 0.580 თეთრის ანაზღაურებაზე ასევე უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, სს «ე.პ.ჯს» მოსარჩელის სასარგებლოდ 2009 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველ გატარებულ კვტ.სთ ელექტროენერგიაზე უნდა დაკისრებოდა 0.2 თეთრის ანაზღაურება დღგ-ს გარეშე (ტომი 2, ს.ფ. 242-246).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი უკანონოდ დარიცხული 74190 კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხსნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ნ.მ». აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 250-259).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «ნ.ს» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს «ნ.ს» სარჩელი უკანონოდ დარიცხული 74190 კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხსნასთან დაკავშირებით; მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: უკანონოდ იქნა აღიარებული შპს «ნ.სათვის» 10590 კვტ.სთ ელექტროენერგიის შესაბამისი დავალიანება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს «ე.პ.ჯ» არის ელექტროენერგიის გადაცემის ლეცენზიატი და 2007 წლის ივნისის თვიდან აწვდის ელექტროენერგიას თავის აბონენტებს, მათ შორის, მოსარჩელე შპს «ნ.ს»;
2008 წლის 15 მაისს 110/35/6 კვ ქ/ს «სამტრედია I-ის» ფიდერ ¹10-ზე ენერგოკომპანიამ შეამოწმა აღრიცხვის კვანძი. აღმოჩნდა, რომ A ფაზაზე ეყენა 50/5 (კოეფიციენტი 600), ხოლო ჩ ფაზაზე 100/5 (კოეფიციენტი 1200) დენის ტრანსფორმატორები. ამიტომ, ვერ დგინდებოდა აპელანტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი რაოდენობა. აღნიშნულის გამო, 2008 წლის 20 მაისს ენერგოკომპანიამ შეცვალა A და ჩ ფაზაზე დენის ტრანსფორმატორები და ორივეზე დააყენა 150/5-ზე (კოეფიციენტი 1800). 2009 წლის 18 მაისს, მრიცხველის შეცვლასთან ერთად, შეიცვალა და დამონტაჟდა ახალი დენის ტრანსფორმატორი, 50/5-ზე;
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 20 მაისიდან 2009 წლის 18 მაისამდე პერიოდში ფიდერზე ეყენა 1800 კოეფიციენტიანი ტრანსფორმატორები, ენერგოკომპანია მრიცხველზე დაფიქსირებულ კილოვატ საათებს ამრავლებდა 600-ზე, ნაცვლად 1800-სა; ამის გამო, 2008 წლის 20 მაისიდან 2009 წლის 18 მაისამდე პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა მოიხმარა 95400 კვტ.სთ. ელექტროენერგია, მას დაერიცხა 31800 კვტ.სთ. ელექტროენერგია. შესაბამისად, სხვაობამ აპელანტის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას _ კვტ.სთ-სა და დარიცხულ კვტ.სთ-ს შორის შეადგინა 95400-31800=63600 კვტ.სთ.;
გარდა ამისა, 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის 20 მაისამდე პერიოდისათვის აპელანტს ენერგოკომპანიამ დამატებით დაარიცხა 31770-21180=10590 კვტ.სთ. ელექტროენერგია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ არ დასტურდებოდა 2008 წლის 20 მაისს ენერგოკომპანიის მიერ დენის ტრანსფორმატორების შეცვლის ფაქტი. საქმეზე დაკითხულმა მოწმემ, გ. ლორიამ განმარტა, რომ ¹10 ფიდერზე მან ტრანსფორმატორები შეცვალა 2008 წლის 20 მაისს. სასამართლომ გაიზიარა ამ მოწმის ჩვენება, რადგან საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითაც დგინდებოდა, რომ ფიდერზე ტრანსფორმატორები სწორედ ამ დროისათვის უნდა შეცვლილიყო. რაც მთავარია, აღნიშნული დგინდებოდა თავად შპს «ნ.ს» მიერ სს «ე.პ.ჯს» დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორისათვის 2009 წლის 15 ივნისს გაგზავნილი წერილიდანაც. ამ წერილში აპელანტი თავად ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ფიდერზე ტრანსფორმატორები შეიცვალა 2008 წლის მაისის თვეში.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თავისი სამართლებრივი ბუნებით, მხარეთა შორის დადებული იყო ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული გამომდინარეობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების» მე-3 მუხლიდანაც.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტს, რომ მის მიერ 2008 წლის 20 მაისიდან 2009 წლის 22 მაისამდე მიღებული ელექტროენერგიის ოდენობა უნდა დადგენილიყო ¹20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-11 ან მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული წესით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მიღებული ელექტროენერგიის დადგენილი წესი განსაზღვრულია ¹20 დადგენილების 30-ე მუხლში. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ¹20 დადგენილების წესები ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელზეც, რაც ნიშნავს, რომ მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის ვალდებულება ეკისრება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელსაც. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმის და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ამდენად, დასახელებული ნორმიდან ცხადად ჩანს, რომ იგი არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია. იგივე გამომდინარეობს დადგენილების აპელანტის მიერ მითითებული, მე-11 მუხლის მე-11 და მე-13 პუნქტებიდანაც.
მოცემულ შემთხვევაში კი, აპელანტის მიერ 2008 წლის 20 მაისიდან 2009 წლის 22 მაისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელი არ იყო. საქმის მასალებით არ მტკიცდებოდა და აპელანტს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას არასწორად აღრიცხავდა მრიცხველი. მარტოოდენ ის ფაქტი, რომ კომპანიამ მრიცხველი შეიცვალა, ამას არ ადასტურებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მრიცხველზე სწორად აისახებოდა აპელანტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა. მხოლოდ, ენერგოკომპანია მრიცხველზე ასახულ ჩვენებას, ნაცვლად 1800-სა შეცდომით ამრავლებდა 600-ზე. შესაბამისად, მრიცხველის ჩვენების 600-ის ნაცვლად 1800-ზე გამრავლების შემთხვევაში ზუსტად დადგინდებოდა, თუ, 2008 წლის 20 მაისიდან 2009 წლის 22 მაისამდე, რამდენი კვტ.სთ. ელექტროენერგია მოიხმარა აპელანტმა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ პერიოდისათვის აპელანტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის განსასაზღვრად დადგენილების 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის გამოყენება არ შეიძლებოდა. შესაბამისად, 2008 წლის 20 მაისიდან 2009 წლის 22 მაისამდე პერიოდისათვის ენერგოკომპანიამ აპელანტს სწორად დაარიცხა დამატებით 63600 კვტ.სთ. ელექტროენერგია და ამ დარიცხვის გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა.
იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ენერგოკომპანიამ აპელანტს არასწორად დაარიცხა დამატებით ელექტროენერგია 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის 20 მაისამდე პერიოდისათვის. დგინდებოდა, რომ 2008 წლის 20 მაისამდე ¹10 ფიდერზე ეყენა სხვადასხვა კოეფიციენტის ტრანსფორმატორები. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, აპელანტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია. ამის გამო, ¹20 დადგენილების 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, აპელანტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა უნდა დადგენილიყო, მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან. ამასთან, ენერგოკომპანიას უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმი და სეზონური ცვლილებები, დარიცხვა უნდა მომხდარიყო მხოლოდ სამ კალენდარულ თვეზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის 20 მაისამდე პერიოდი მოიცავდა თითქმის თერთმეტ თვეს. აქედან გამომდინარე, მთელი ამ დროისათვის დარიცხვა უკანონო იყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ენერგოკომპანიას შეეძლო დამატებით დაერიცხა ელექტროენერგია, მხოლოდ, 2008 წლის 20 თებერვლიდან 2008 წლის 20 მაისამდე პერიოდისათვის. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო: აპელანტის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმი და სეზონური ცვლილებები (იგულისხმება ის, თუ რა ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარდა აპელანტი წინა წლებში თებერვლიდან მაისამდე დროის განმავლობაში; რა ოდენობის პროდუქციას უშვებდა საანგარიშო პერიოდში (როგორც წინა წლებში, ასევე 2008 წლის თებერვალ-მაისში, ასევე _ აღრიცხვიანობის მოწესრიგების შემდეგ); როგორ აისახებოდა ეს მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე და მსგავსი). ენერგოკომპანიამ ისე დაარიცხა აპელანტს დამატებით მოხმარებული ელექტროენერგია, რომ ხსენებული გამოთვლები არ უწარმოებია. აქედან გამომდინარე, 10590 კვტ.სთ-ის დარიცხვა 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის 20 მაისამდე პერიოდისათვის უკანონო იყო და გაუქმებას ექვემდებარებოდა (ტომი 3, ს.ფ. 73-84).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ე.პ.ჯმ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, გამოიყენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების და მოხმარების წესების» 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ამდენად, დასახელებული ნორმა არეგულირებს იმ შემთხვევას, როდესაც მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია მრიცხველის დაზიანების შედეგად.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2007 წლის 30 ივნისიდან 2008 წლის 20 მაისამდე ¹10 ფიდერზე ეყენა სხვადასხვა კოეფიციენტების მქონე დენის ტრანსფორმატორები, ხოლო მრიცხველის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია და მოხმარებული ელექტროენერგია სრულად აღირიცხებოდა შპს «ნ.ს» მრიცხველზე. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სემეკის ¹20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად გამოიწერა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. რაც შეეხება მრიცხველის წაკითხვას, ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება არამარტო ჩვენების აღება, არამედ მთლიანი პროცედურა, რომელიც მოიცავს როგორც ჩვენების აღებას, ასევე შესაბამის კოეფიციენტზე გამრავლებას და საბოლოო ხარჯის აბონენტის პირად ბარათზე ასახვას. ამდენად, თუ ენერგოკომპანიის მხრიდან მოხდება უნებლიე შეცდომის დაშვება, მრიცხველის წაკითხვის დროს მომხმარებლის სასარგებლოდ ან საზიანოდ, კომპანია ვალდებულია ჩაასწოროს შესაბამისი ანგარიში, რაც განახორციელა კიდეც კასატორმა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დარიცხვა გააუქმა დაუსაბუთებლობის მოტივით, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ნ.მაც». კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ რიგ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების 4.9 პუნქტში აღნიშნულია, რომ 2009 წლის მაისიდან 2009 წლის 22 მაისის ჩათვლით ფიდერზე მიერთებული იყო თანაბარი კოეფიციენტის ტრანსფორმატორები. კასატორისათვის გაუგებარია, დროის რა მონაკვეთზეა საუბარი მოცემულ შემთხვევაში ან დროის ამ პატარა შუალედზე დაყრდნობით, რატომ უნდა ვიგულისხმოთ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული 2009 წლის მაისამდე, ტრანსფორმატორები იყო ერთნაირი კოეფიციენტების. სს «ე.პ.ჯს» არ გამოუკვლევია მწარმოებელი ქარხნის მიერ ტრანსფორმატორებზე შესრულებული ტექნიკური მონაცემები. ფიდერზე მათი დაყენება ან მოხსნა მოითხოვდა შესაბამისი პროცედურების დაცვას, რაც მხარემ არ შეასრულა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ვარაუდი, რომ ტრანსფორმატორები შეიძლებოდა ერთნაირი კოეფიციენტების ყოფილიყო, მიუღებელია. ამ ვარაუდებზე დაყრდნობით გამოტანილი გადაწყვეტილება ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების 4.11 პუნქტში მითითებულია, რომ 2008 წლის მაისისათვის ფიდერზე მიერთებული იყო სხვადასხვა კოეფიციენტების ტრანსფორმატორები, რაც შემდეგ შეიცვალა. ეს ყველაფერი სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ ვარაუდია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.
სააპელაციო სასამამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2008 წლის 20 მაისიდან 18 მაისამდე პერიოდში, შპს «ნ.მ» მოიხმარა 95400 კვტ.სთ. ელექტროენერგია, ხოლო დარიცხულ და მოხმარებულ კვტ.სთ-ებს შორის სხვაობამ სასამართლოს გაანგარიშებით შეადგინა 63600 კვტ.სთ. კასატორი აღნიშნულს არ ეთანხმება, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ აღრიცხვის კვანძი დროის ამ პერიოდში იყო სრულიად მოუწესრიგებელი. მოწინააღმდეგე მხარეს არ მოეპოვება არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც მათი მხრიდან აღრიცხვის კვანძის მოწესრიგებას და აქედან გამომდინარე მრიცხველის გამართულად მუშაობას დაადასტურებდა.
სასამართლო გადაწყვეტილების 4.12 პუნქტში მითითებულია, რომ სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ჟურნალის 2008 წლის 6 აგვისტოს ჩანაწერით, ამ დღეს ფიდერზე შეიცვალა მრიცხველი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ჩანაწერში არაფერია ნათქვამი ტრანსფორმატორების შესახებ, რაც თითქოს მოწმობს, რომ ამ დროისათვის ისინი უკვე თანაბარი კოეფიციენტის იყო. კასატორის მითითებით, სასამართლო მოცემულ შემთხვევაშიც მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა და იგნორირებას ეკუთებს იმ ნორმებს, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარეს იმპერატიულად ავალებს, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. მოწინააღმდეგე მხარეს მრიცხველის მოხსნასთან დაკავშირებით აქტი საერთოდ არ შეუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ე.პ.ჯს», აგრეთვე, შპს «ნ.ს» საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ სს «ე.პ.ჯს» უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ხოლო კასატორ შპს «ნ.ს» უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (304 ლარი) 70% _ 212.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ე.პ.ჯს» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს «ნ.ს» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. კასატორ სს «ე.პ.ჯს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
4. კასატორ შპს «ნ.ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (304 ლარი) 70% _ 212.8 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.