ას-1325-1168-10 10 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ჯ. ლ-ია, მ. ხ-ა, თ. კ-ძე, ლ., ს., ბ. ჯ-ი, ს. და ქ. ლ-იები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ფ-ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ფ-ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ლ-იას, მ. ხ-ას, თ. კ-ძის, ლ., ს., ბ. ჯ-ის, ს. და ქ. ლ-იების მიმართ და მოითხოვა ჯ. ლ-იას, მ. ხ-ას, თ. კ-ძის, ბ. კ-ძის, ს. ლ-იასა და ქ. ლ-იას გ. ფ-ვას საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹34-ში მდებარე 25,56 კვ.მ სარდაფიდან გამოსახლება, რამდენადაც აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო მოპასუხეები აღნიშნულ ფართში უკანონოდ ცხოვრობენ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ მათ კანონიერად აქვთ მოპოვებული ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, სადავოა მოსარჩელის საკუთრების უფლება მათ მფლობელობაში არსებულ ნივთთან მიმართებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ. ლ-ია, მ. ხ-ა, თ. კ-ძე, ლ. ჯ-ა, ს. ჯ-ა, ბ. ჯ-ა, ს. ლ-ია, ქ. ლ-ია გამოსახლდნენ გ. ფ-ვას საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹34-ში მდებარე 25,56 კვ.მ სარდაფიდან და სადავო უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ჯ. ლ-იას, მ. ხ-ას, თ. კ-ძის, ლ. ჯ-ას, ს. ჯ-ას, ბ. ჯ-ას, ს. ლ-იას, ქ. ლ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აპელანტის პრეტენზია მათთან მიმართებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დავის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით, «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით და სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ნორმათა სწორი განმარტება.
საფუძველს მოკლებულია აპელანტის მითითება უძრავ ნივთთან მიმართებით გ. ფ-ვას სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერების უსწორობის თაობაზე. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებისა და მათი კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობისა და განხილვის საგანს.
სასამართლოს მითითებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მესაკუთრის მიერ აღძრული ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობისათვის პირი, რომელიც ითხოვს ნივთის გამოთხოვას, უნდა იყოს ამ ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს და არ გააჩნდეს ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტები ფლობენ ქ.თბილისში, ... ¹34-ში მდებარე სარდაფს, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ. ფ-ვას სახელზე, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 312-ე მუხლებით მოქმედებს რეესტრის ჩანაწერთა სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფცია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ სადავო მისამართზე რეგისტრაცია ადასტურებს სადავო ფართის ფლობის მართლზომიერებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილით, «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის «გ”, «ვ”, «ი” ქვეპუნქტებით, ამავე კანონის მე-5 მუხლის მეოთხე პუნქტის «დ” ქვეპუნქტით, მე-5 მუხლის მეორე პუნქტის «ლ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ სადავო მისამართზე მოპასუხეთა რეგისტრაცია თავისთავად არ წარმოშობს მფლობელობის მართლზომიერ საფუძველს. რეგისტრაციის ფაქტით არ დასტურდება მფლობელობის მართლზომიერება. რეგისტრაციის არსებობა არ შეიძლება გახდეს უფლების, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვის, განკარგვის, ან მათი განხორციელების საფუძველი.
«საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემული რაიმე აქტი, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხეების ჩასახლებას მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართში, როგორც კომპაქტური ჩასახლების ობიექტში, არ მოიპოვება საქმის მასალებში, ხოლო ის გარემოება, რომ მოპასუხეები რეგისტრირებული იქნენ ქ.თბილისში, ... ¹34-ის მისამართზე, არ გულისხმობს, უფლებამოსილი, კომპეტენტური ორგანოს მიერ მათ კომპაქტურად ჩასახლებას მოსარჩელის კუთვნილ ფართში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებს არ გააჩნიათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ნივთი მართებულად იქნა გამოთხოვილი მათი მფლობელობიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ. ლ-იას, მ. ხ-ას, თ. კ-ძის, ლ. ჯ-ას, ს. ჯ-ას, ბ. ჯ-ას, ს. ლ-იას, ქ. ლ-იას წარმომადგენელმა ნ. ს-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 155-ე მუხლები, მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი და უკანონოდ არ მიიღო მოპასუხის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები.
სასამართლომ არ გამოიკვლია, რომ სადავო ფართი მოსარჩელეს გადაეცა კანონდარღვევით და საჯარო რეესტრის მონაცემები გ. ფ-ვას სახელზე რეგისტრირებული ქონების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს შეიცავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. ხ-ას, ბ. ჯ-ას, ქ. ლ-იას, ჯ. ლ-იას, ს. ჯ-ასა და ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შეს.მისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ხ-ას, ბ. ჯ-ას, ქ. ლ-იას, ჯ. ლ-იას, ს. ჯ-ასა და ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ხ-ას, ბ. ჯ-ას, ქ. ლ-იას, ჯ. ლ-იას, ს. ჯ-ასა და ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.