ას-1327-1169-2010 10 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ბ-კო
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ო-ძე
დავის საგანი – მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ო-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ-კოს მიმართ და მოითხოვა მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი, გ. ბ-კოს სახელზე რეგისტრირებული, ქ.გორში, ს-ის ქ¹20-ში მდებარე ¹3 ბინის 1/2-ის½მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში მათ შეიძინეს სადავო ქონება, რომელიც, მართალია, აღირიცხა მხოლოდ გ.ბ-კოს სახელზე, მაგრამ, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბინა შეიძინა მისი დედის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გაცვლის და არა ნასყიდობის შედეგად და, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, რაც ცხადყოფს, რომ სადავო ბინა მხარეთა თანასაკუთრება არ არის.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ო-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. ო-ძე ცნობილ იქნა გ. ბ-კოს სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების 1/2-ის½ მესაკუთრედ.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ე. ო-ძე და გ. ბ-კო ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფებიან 1988 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შესძენიათ. 2008 წლამდე მხარეები ცხოვრობდნენ მისამართზე: ქ. გორი ს-ის ქ.¹20, ბინა¹1. 2008 წლის ნოემბრიდან დღემდე მხარეები ერთად ცხოვრობენ სადავო ბინაში (ქ. გორი, ს-ის ქ.¹20, ბინა¹3). გრიგორ ბ-კო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, რომელსაც უვლის მოსარჩელე ე. ო-ძე;
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ბ-კოსა და ე. ო-ძეს შორის შეწყდა ქორწინება. მხარეებს განქორწინების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის არ მიუმართავთ;
ე. ო-ძესა და გ. ბ-კოს შორის საქორწინო კონტრაქტი არ დადებულა;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 21 ნოემბერს ე. ო-ძესა და გ. ც-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ. ც-ძის მიერ გადახდილი ბინის საფასური მეუღლეებმა თანაბრად გაინაწილეს;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გორში, ს-ის ქ.¹20, ბინა ¹3-ში (ფართით 55.2-კვ.მ) მდებარე უძრავი ქონება 2008 წლის 28 ნოემბრიდან ირიცხება გ. ბ-კოს სახელზე, რომლის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 2008 წლის 21 ნოემბერს გ. ბ-კოსა და გ. ც-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
მოპასუხის მოსაზრება მასზე, რომ სადავო ქონება გ. ბ-კოს სახელზე აღირიცხა გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ, ¹3 და ¹1 ბინების ურთიერთგაცვლით, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ნასყიდბოის ხელშეკრულება-სანოტარო აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო მოპასუხესა და გ. ც-ძეს შორის, რომელმაც გაყიდა, ხოლო გ. ბ-კომ იყიდა ს-ის ქ. ¹20-ში მდებარე ბინა ¹3. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 51-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, გაცვლისას გასაყიდი ფასის ადგილს იკავებს ნივთი, რასაც 2008 წლის 21 ნოემბერს დამოწმებული ხელშეკრულების _ სანოტარო აქტის მიხედვით, ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზე, რომ ს-ის ქ.¹20-ში მდებარე ¹1 ბინაზე არასწორად გაიცა საკუთრების მოწმობა და მოცემული ბინა წარმოადგენდა რაისა ბ-კო-ოვსიანიკოვის საკუთრებას, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ე. ო-ძესა და გ. ც-ძეს შორის 2008 წლის ნოემბერში, ქ. გორში, ს-ის ქ.¹20-ში მდებარე ¹1 ბინაზე სანოტარო წესით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ასვეე არ წარმოადგენდა გაცვლის ხელშეკრულებას, როგორც ამას მოპასუხე თვლიდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც გ. ც-ძესა და ე. ო-ძეს შორის დადებული ხელშეკრულება, ისე გ. ც-ძესა და გ. ბ-კოს შორის დადებული ხელშეკრულება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი იყო, ერთმანეთთან სამართლებრივი კავშირი არ ჰქონდათ და არ იყო მიმართული ერთი სამართლებრივი შედეგისკენ _ ქონების გაცვლისკენ.
იმის გათვალისწინებით, რომ განქორწინების რეგისტრაციის თაობაზე მხარეებს შესაბამისი ორგანოსათვის განცხადებით არ მიუმართავთ, სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-კოსა და ე. ო-ძეს შორის ქორწინება არ შეწყვეტილა.
იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ქონებაზე მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო და საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა 2008 წელს, ხოლო მხარეები რეგისტრირებულ ქორიწნებაში იმყოფებიან 1988 წლიდან, რომელი ქორწინებაც არ შეწყვეტილა და მეუღლეები სადავო ბინაში ერთად ცხოვრობენ, სასამართლომ მოპასუხის მოსაზრება მასზე, რომ ქონება ერთად ცხოვრების პერიოდში არ შეუძენიათ, არ გაიზიარა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გორში, ს-ის ქ.¹20-ში მდებარე ბინა ¹3-ზე, გ. ბ-კოს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო და აღირიცხა მის სახელზე 2008 წლის ნოემბერში, როდესაც იგი იმყოფებოდა მოსარჩელესთან ქორწინებაში. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ბინა მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა, რაც ცხადყოფდა, რომ ე. ო-ძეს, მოპასუხესთან ერთად, ჰქონდა სადავო ბინაზე თანაბარი უფლება, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1158-1159-ე და 1164-ე მუხლები.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-კომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-კოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში სადავო ქონება არ შეუძენიათ, ვინაიდან საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდებოდა.
სააპელაციო საჩივარში მოყვანილი ახალი ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380.2-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, ვინაიდან აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, მხარემ ვერ დაასაბუთა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-კოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-კომ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია თანასაკუთრების ობიექტად სადავო ბინა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. ბ-კო იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი და ვერ შეძლო მოსამზადებელ სხდომაზე იმ დოკუმენტების წარდგენა, რითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ყალბი დოკუმენტებით საკუთრების უფლების მოპოვება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად არ გაიზარა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი ხელშეკრუელბები არ წარმოადგენდა გაცვლის ხელშეკრულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი, გახდა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-კოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-კოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ბ-კოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორი, გ. ბ-კო «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-კოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.