ას-1332-1172-2010 14 თებერვალი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ქ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ქ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე ა. არ.-ს ძე ქ-შვილი დაიბადა 1952 წლის 4 აპრილს. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდია) სარდლის ბრძანებაში ¹187 §3 და ეროვნული გვარდიის საფინანსო სამსახურის 2008 წლის 4 ივნისს გაცემულ ცნობაში ¹3052 შეცდომით არის მითითებული განმცხადებლის სახელი, ტ., ნაცვლად სახელისა - ა., რის გამოც შეუძლებელია ომის მონაწილის სტატუსის დადგენა.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ დაეთანხმა განცხადების მოთხოვნას შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის 1 ივლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹155 ბრძანებით დამტკიცდა “საბრძოლო მიკვლევის შესახებ” დებულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბრძოლო მოკვლევას ატარებს თავდაცვის სამმართველოს უფროსის ბრძანებით უფლებამოსილი პირი, რაც საბოლოოდ მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნული მოკვლევით დგინდება მხოლოდ მონაწილეობის ფაქტი და არა სამხედრო მოსამსახურედ ყოფნისა და შესაბამისი სტატუსის ქონა. საბრძოლო მოკვლევა არ პასუხობს არც ერთ დადგენილ რეკვიზიტს. განცხადების ავტორის მიზანია, აღნიშნული დოკუმენტის კუთვნილების დადგენის შემდეგ დაადგინოს ვეტერანის სტატუსი და მიიღოს გარკვეული შეღავათები.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ქ-შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტები, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდია) სარდლის 1992 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება ¹187 §3 და ეროვნული გვარდიის საფინანსო სამსახურის 2008 წლის 4 ივნისის სახელფასო ცნობა, გაცემული ტ. არ.-ს ძე ქ-შვილის სახელზე, არის ა. ქ-შვილის კუთვნილება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ქ-შვილის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა, დადგენილ იქნა უფლების დამდგენი დოკუმენტები: საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოქტომბრის ბრძანება ¹187 §3 და ეროვნული გვარდიის საფინანსო სამსახურის 2008 წლის 4 ივნისის ცნობა ¹3052, გაცემული ტ. არ.-ს ძე ქ-შვილის სახელზე, ეკუთვნის ა. არ.-ს ძე ქ-შვილს შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასმართლომ დადგენილად ცნო, რომ ა. არ.-ს ძე ქ-შვილი დაიბადა 1952 წლის 4 აპრილს. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდია) სარდლის ¹187 §3 ბრძანებაში და ეროვნული საფინანსო სამსახურის 2008 წლის 4 ივნისის ¹3052 ცნობაში შეცდომით არის მითითებული განმცხადებლის სახელი, ტ., ა.ის ნაცვლად. ამასთან, სწორად არის აღნიშნული მისი გვარი ქ-შვილი და მამის სახელი არ.. Mმოწმე დ. ქ-ძის ჩვენებაზე დაყრდნობით დადასტურებულად ცნო, რომ განმცხადებელს მოიხსენიებენ ორი სახელით - ტ.-ითა და ა.-ით. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული მართვის ორგანოს 2009 წლის 17 თებერვლის ცნობის საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ.დუშეთში, ... ქ. ¹10-ში მცხოვრები ა. ქ-შვილი და ტ. ქ-შვილი (დაბადებული 1952 წლის 4 აპრილს, პ/მ ¹ა0629168, პ/ნ 16001004971) არის ერთი და იგივე პიროვნება. დუშეთის საბრძოლო ბატალიონის შეიარაღებისა და ტექნიკური აღჭურვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის განმარტების საფუძველზე დადასტურებულად ცნო საბრძოლო მოქმედებების დროს ა. ქ-შვილის ექიმად მსახურობის ფაქტი და ის გარემოება, რომ განმცხადებელს დუშეთში იცნობენ სახელით - “ტ.”. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ტ. არ.-ს ძე ქ-შვილის სახელზე გაცემული საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდია) სარდლის 1992 წლის 1 ოქტომბრის §3 ¹187 ბრძანება დ ეროვნული გვარდიის საფინანსო სამსახურის 2008 წლის 4 ივნისის ¹3052 ცნობა ეკუთვნის ა. არ.-ს ძე ქ-შვილს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით, 312-ე ნაწილის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ უდავო წარმოების წესით განიხილება მხარის მოთხოვნა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, რა დროსაც შეუძლებელია, მოხდეს პირის იდენტიფიცირება იმ დოკუმენტების მიმართ, რომლებიც მისი პირადი მონაცემები არასწორადაა დაფიქსირებული. განმცხადებელი მოითხოვს უფლების დამდგენი საბუთების მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რომელშიც მისი სახელი აღნიშნულია არასწორად, მითითებულია “ტ.” “ა.-ს” ნაცვლად. ამასთან, დადგენილად ცნო უფლების დამდგენი დოკუმენტების პირისადმი კუთვნილება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განცხადება განუხილველად უნდა დაეტოვებინა. პალატამ, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მიუთითა, რომ უდავო წარმოებით საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, შესაძლებელია თუ არა აღიძრას დავა უფლების შესახებ და მიიღოს ზომები, რომ განსახილველი ფაქტის შესახებ შეატყობინოს სავარაუდოდ დაინტერესებულ პირებს. უდავო წარმოებით განსახილველი საქმე სასარჩელო წარმოებით განსახილველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეზე აღიძვრება დავა უფლების შესახებ. Uუდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ყველა იურიდიული ფაქტის დადგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიზნისა და ფაქტის იურიდიული მნიშვნელობის დადგენა. ამასთან, განმცხადებლის იურიდიული ფაქტის დადგენის მიზანს უმეტესწილად უკავშირდება დაინტერესებული პირის არსებობა, რომელიც არ არის იდენტური მოდავე პირისა. Uუდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეში დადგენილია ფაქტები და არა ამ ფაქტების სამართლებრივი შედეგები, ე.ი თუ რა შედეგს უკავშირებს კანონი უდავო წარმოების წესით დადგენილ ფაქტს. Uუდავო წარმოებაში დაინტერესებული პირის არსებობა და ამ პირის მიერ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრება დასადგენ იურიდიულ ფაქტთან მიმართებით, არ ნიშნავს ამ პირის უფლების დარღვევას. Pპალატამ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ დავა უფლების შესახებ მაშინ არსებობს, როდესაც კონკრეტული განმცხადებლისათვის დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იჭრება დაინტერესებული პირის უფლებაში და ართმევს მას შესაძლებლობას, სრულად და თავისუფლად გამოიყენოს ეს უფლება. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეების განხილვისას დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ პროცესის ის მონაწილენი, რომელთა უფლებებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ. Pპროცესის ეს მონაწილეები ამიტომაც დაინტერესებული არიან საქმის სწორად გადაწყვეტით. პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არც სააპელაციო საჩივარში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუთითა განსახილველი იურიდიული ფაქტის დადგენით თავისი მატერიალური უფლების დარღვევაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და 105-ე მუხლის მეორე ნაწილის, 310-ე მუხლისა და 311-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, Uკერძოდ, უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ყველა იურიდიული ფაქტის დადგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიზნისა და ფაქტის იურიდიული მნიშვნელობის დადგენა. განცხადების ავტორის მიზანია, აღნიშნული დოკუმენტის კუთვნილების დადგენის შემდეგ დაიდგინოს ვატერანის სტატუსი და მიიღოს გარკვეული სოციალური შეღავათები, სწორედ აქედან გამომდინარეობს დაინტერესებული პირის მიერ შედავების უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს განცხადება განსახილველად მას უნდა ერთვოდეს დოკუმენტი ამ ფაქტის დადგენის შეუძლებლობის შესახებ ამა თუ იმ მიზეზის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
მოცემული დავის საგანია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.