¹ ას-1334-1174-10 10 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. რ. შ-იე (მოსარჩელე)
2. შპს გამომცემლობა “ა.” (მოპასუხე)
3. ბ. კ-ავა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ საავტორო უფლების დარღვევით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. შ-იემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს გამომცემლობა “ა.-სა” და ბ. კ-ავას მიმართ საავტორო უფლების დარღვევით გამოწვეული მატერიალური ზიანის _ 24200 ევროს, მიუღებელი შემოსავლის _ 30250 ევროს, ასევე მორალური ზიანის _ 100000 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული აქვს კულტურის ძეგლთა ფოტოები, რომლებიც გამოქვეყნებულია 1987 წელს გერმანიაში გამომცემლობა “ზ.-ს” მიერ გამოცემულ წიგნში “საქართველოს ციხესიმაგრეები და ეკლესიები”, ასევე 1977 წელს ლაიფციგში გამოცემულ წიგნში “ძველი საქართველოს ხელოვნება”.
2002-2004 წლებში გამომცემლობა “ა.-მ” და ბ. კ-ავამ გამოსცეს მე-5, მე-7, მე-8 და მე-10 კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები, რომლებშიც გამომცემლების მიერ უკანონოდ რეპროდუცირდა 242 ფოტო. აღნიშნულით დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლებები და მიადგა სულიერი ტკივილი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით რ. შ-იეს სარჩელი შპს გამომცემლობა “ა.-სა” და ბ. კ-ავას მიმართ საავტორო უფლებების დარღვევით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით რ. შ-იეს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და რ. შ-იეს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ა.-სა” და ბ. კ-ავას რ. შ-იეს სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის _ 2090 ლარის, არაქონებრივი ზიანის _ 1000 ლარის, ადვოკატის ხარჯის _ 500 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის _ 24 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლითYდა მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოღვაწე ფოტო-შეფასების, ფოტო-საზღაურის, პრესის და ილუსტრირებული ფოტოგრაფიების ექსპერტ ბერნდ ვაიზეს მიერ ჩატარებული საექსპერტო დასკვნა ემყარება შესადარებელ ობიექტთა სრულყოფილ გამოკვლევას და სარწმუნოდ ადასტურებს შემდეგ ფაქტებს:
წიგნიდან “საქართველოს ციხესიმაგრეები და ეკლესიები” (“Gეორგიენ ჭეჰრბაუტენ უნდ Kირცჰენ”) 11 ფოტოსურათი (¹63, 111, 282, 357, 402, 417, 419, 423, 447, 480 და 490) გამოყენებულ იქნა შპს “ა.-ს” მიერ გამოცემულ მე-5 კლასის სახელმძღვანელოში “ჩვენი სამშობლოს მატიანე” (2003 წელი), ასევე რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან გამოცემებში (2004 წელი). წიგნიდან “საქართველოს ციხესიმაგრეები და ეკლესიები” 2 ფოტოსურათი (423, 111) გამოყენებულ იქნა შპს “ა.-ს” მიერ გამოცემულ მე-5 კლასის მოსწავლის რვეულში (2004 წელი). წიგნიდან “საქართველოს ციხესიმაგრეები და ეკლესიები” 28 ფოტოსურათი (¹28, 44, 45, 55, 83, 112, 142, 174, 177, 184, 221, 277, 298, 321, 367, 391, 417, 423, 427, 447, 457, 461, 471, 476, 490, 506) გამოყენებულ იქნა შპს “ა.-ს” მიერ გამოცემულ მე-7 კლასის სახელმძღვანელოებში “საქართველოს ისტორია” (2004, 2005 წლები). წიგნიდან “საქართველოს ციხესიმაგრეები და ეკლესიები” 25 ფოტოსურათი (¹28, 30, 31, 47, 51, 52, 59, 85, 94, 125, 142, 184, 206, 221, 287, 367, 422, 426, 427, 456, 469, 483, 490, 492) გამოყენებულ იქნა შპს “ა.-ს” მიერ გამოცემულ მე-10 კლასის სახელმძღვანელოში “საქართველოს ისტორია” (2004 წელი).
წიგნიდან “ძველი საქართველოს ხელოვნება” (“დიე Kუნსტ დეს ალტენ Gეორგიენ”) სამი ფოტოსურათი (გვერდები: 152, 220) გამოყენებულ იქნა შპს “ა.-ს” მიერ გამოცემულ მე-7, მე-10 კლასის სახელმძღვანელოში “საქართველოს ისტორია” (შესაბამისად, 2004, 2005, 2002, 2004 წლების გამოცემები).
ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოხსენებული გერმანულენოვანი წიგნიდან გამოყენებულია სულ 57 ფოტო 152-ჯერ. ამასთან, სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა შეამცირა სარჩელი მე-8 კლასის სახელმძღვანელოში გამოყენებული 8 ფოტოსურათის თაობაზე 2003 წლის გამოცემის მიმართ და მოითხოვა 57 ფოტოს 152-ჯერ უნებართვოდ გამოყენებისათვის თანხის დაკისრება.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ი” ქვეპუნქტით, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით და ჩათვალა, რომ კანონი არ იძლევა კონკრეტულად ნაწარმოების ზუსტ დეფინიციას, თუმცა ზემოთ დასახელებული სამივე ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ნაწარმოების ცნება და იგი ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფს უნდა წარმოადგენდეს. ინტელექტი განმარტებით ლექსიკონში განსაზღვრულია, როგორც ადამიანის აზროვნების უნარი, გონება, ჭკუა, ხოლო შემოქმედებითი ნიშნავს შემქმნელობითს. კანონი სწორედ ინტელექტუალურშემოქმედებითი პროცესის შედეგს, ნაყოფს მიიჩნევს საავტორო უფლებით დაცვის ობიექტად _ ნაწარმოებად, რაც განსხეულებული უნდა იყოს ობიექტური ფორმით. იმ საკითხის დამატებით გამოსარკვევად, არის თუ არა რ.შ-იეს მიერ გადაღებული ფოტოები ფოტონაწარმოები, პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 204-ე მუხლის საფუძველზე მოიწვია სპეციალისტები _ მ. კ-ძე, ი. ი-შვილი და გ. გ-ძე. სამივე სპეციალისტის გამოკითხვის საერთო ანალიზიდან გამომდინარე პალატამ დაასკვნა, რომ მათ ფოტოგრაფიასა და ფოტონაწარმოებს შორის მკვეთრი ზღვარი არ გაუვლიათ, თუმცა ორი მათგანის განმარტებით გამოირკვა, რომ რ.შ-იეს ფოტოებში ჩანს ინტელექტუალური შრომის შედეგი, თუნდაც მიკროსკოპული.
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მოსარჩელე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან სპეციალურად მოიწვიეს კონკრეტული მიზნით _ სამეცნიერო ისტორიული წიგნების საილუსტრაციოდ, ქართული ისტორიული ძეგლების გადასაღებად, რაც მხარეთა მიერ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა. თავისთავად აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ ცნობილი ფოტოგრაფის წინაშე დასმული იყო მნიშვნელოვანი საკითხი _ ფოტოზე აესახა ქართული კულტურის ძეგლები მთელი თავისი დიდებულებით. ამდენად, ქართულ მხარეს გააჩნდა საამისო მოლოდინი და ცხოველმყოფელი ინტერესი, რომ საილუსტრაციო ფოტოები სწორედ მოსარჩელეს გადაეღო. აღნიშნული კი გამორიცხავს საქალაქო სასამართლოს შეფასებას დ. ძ-შვილის წიგნის “ფოტოგრაფიული გამოსახულების დაცვა საქართველოში” მიხედვით, რომ რ. შ-იეს მიერ გადაღებული ფოტოები წარმოადგენს “ფოტოაპარატის დაჩხაკუნების შედეგს.” ცხადია, სამეცნიერო წიგნისათვის მნიშვნელოვანი ფოტოების შექმნა მეტ ძალისხმევას საჭიროებს და ამისათვის სხვა ქვეყნიდან სპეციალისტის მოწვევაც გახდა აუცილებელი. საბოლოოდ, სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ფოტოები წარმოადგენს ფოტოგრაფიულ ნაწარმოებებს.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტს, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გამომცემლობა ლაიფციგის მიერ 1977 და 1987 წლებში გამოცემულ ორ წიგნში _ “ძველი საქართველოს ხელოვნება” და “საქართველოს ციხესიმაგრეები და ეკლესიები” გამოყენებული ფოტოების ავტორი არის რ. შ-იე. ამასთან, მოსარჩელეს სადავო სურათებზე საავტორო უფლებები მოპასუხისთვის არ გადაუცია.
მოწვეული სპეციალისტის _ მ. კ-ძის განმარტების საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს მასშტაბით სასკოლო სახელმძღვანელოებში ფოტოს გამოყენების ღირებულებაა 10 ლარი.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის “ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით, მე-18 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით, “ბერნის კონვენციის” მე-6ბის მუხლით, მე-9 მუხლის პირველი პუნქტით და მიიჩნია, რომ რ. შ-იეს ფოტოსურათების გამოყენებისას ავტორის სახელის მიუთითებლობის გამო, დარღვეულია მისი საავტორო და რეპროდუცირების უფლება, რადგან არ მომხდარიყო მოსარჩელის ფოტოსურათების მისივე ნებართვის გარეშე გამოყენება და გამრავლება, ასევე ჰონორარის მიღების უფლება.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მეორე პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილევლ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადაღებული 57 ფოტო უნებართვოდ გამოყენებულ იქნა 152-ჯერ.
პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის გაანგარიშება ზიანის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით, რადგან იგი არ ეფუძნება საქართველოში ფოტონაწარმოების მართლზომიერი გამოყენებისათვის დადგენილ ტარიფებს. შესაბამისად, ზიანის ოდენობის გაანგარიშებისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ფარგლებში არსებული ნიხრები, რაც მსგავს შემთხვევაში შეადგენს 10 ლარს. მოსარჩელეს მიადგა ზიანი იმ შემოსავლების დაკარგვით სახით, რასაც იგი მიიღებდა საავტორო უფლების დარღვევის გარეშე, მისი ფოტოების მართლზომიერად გამოყენების პირობებში, აღნიშნული კი შეადგენს 2090 ლარს.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლითა და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის საკომპენსაციოდ გონივრული ოდენობა შეადგენს 1000 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში რ. შ-იემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის მატერიალური ზიანის _ 15200 ევროს, მორალური ზიანის _ 100000 ლარის, იურიდიული მომსახურების _ 13700 ევროსა და ექსპერტიზის ხარჯების 1050 _ ევროს ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად განსაზღვრა მატერიალური და მორალური კომპენსაციის, ასევე ადვოკატის ხარჯების ოდენობა. სასამართლომ მხოლოდ ცალმხრივად შეაფასა მოწვეული სპეციალისტის _ მ.კ-ძის განმარტება. მითითებული პირის განმარტებით, იგი თავის ფოტოსურათების სახელმძღვანელოში გამოყენების ღირებულებად ასახელებს 10 ლარს, თუმცა აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნებში ფოტოების ღირებულება დამოკიდებულია ფოტოგრაფის რეიტინგზე და მერყეობს 100-დან 60000 აშშ დოლარამდე. ამდენად, საქართველოში არსებული ფოტოების ფასი სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შექმნილ ფოტოებზე არასწორად გაავრცელა. ამასთან, საქართველოს სასამართლოების მიერ რ.შ-იეს სასარგებლოდ ფოტოების საკომპენსაციოდ მეტი ოდენობის კომპენსაცია იქნა დაკისრებული.
სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის და 393-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნები, როდესაც საერთოდ არ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, სელეს (ქვემო საქსონიის მიწის) სააპელაციო სასამართლოს 1997 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საავტორო უფლების დამრღვევს დაეკისრა 12000 გერმანული მარკა 11 ფოტოსურათის უნებართვოდ გამოყენებისათვის და გაფრთხილებულ იქნა, რომ ყოველი შემოდგომი გამოყენებისათვის დაჯარიმდებოდა 30000 მარკამდე თანხით, ასევე ფრანკფურტის სააპელაციო სასამართლოს 1997 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საავტორო უფლების დამრღვევს დაეკისრა ფოტოგრაფისათვის 15891,30 გერმანული მარკის გადახდა 4 ფოტოსურათის უნებართვოდ მესამე პირისათვის გადაცემის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს გამომცემლობა “ა.-მ” და ბ. კ-ავამ ასევე გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-17, მე-18, 58-ე, 59-ე მუხლები და სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ რ.შ-იეს ფოტოები, მათი ხარისხის მიუხედავად, ვერ მიიჩნევა ნაწარმოებად, რადგან ისინი მოკლებულია ნაწარმოების უნიკალურობასა და ორიგინალურობას. ფოტოგრაფის მიერ აღბეჭდილია ფაქტები და არ იკვეთება მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა.
აღსანიშნავია, რომ სადავო ფოტოსურათების ფოტონაწარმობად მიჩნევის შემთხვევაშიც, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 22-ე და 23-ე მუხლებიდან გამომდინარე, არ არსებობდა კომპენსაციის დაკისრების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 დეკემბრის განჩინებებით რ. შ-იეს, ბ. კ-ავასა და შპს გამომცემლობა “ა.-ს” საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ. შ-იეს, ბ. კ-ავასა და შპს გამომცემლობა “ა.-ს” საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორები ვერ ასაბუთებენ და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს გამომცემლობა “ა.-სა” და ბ. კ-ავას უნდა დაუბრუნდეთ 2010 წლის 16 დეკემბერს მ. კ-ავას, შპს გამომცემლობა “ა.-სა” და ბ. კ-ავას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300-300 ლარის 70%, თითოეულს _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. შ-იეს, შპს გამომცემლობა “ა.-სა” და ბ. კ-ავას საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს გამომცემლობა “ა.-ს” დაუბრუნდეს მ. კ-ავასა და შპს გამომცემლობა “ა.-ს” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
კასატორ ბ. კ-ავას დაუბრუნდეს მ. და ბ. კ-ავების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.