Facebook Twitter

ას-1336-1176-2010 28 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პ.ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ს-იკო

წარმომადგენელი _ ნ. ფ-ური

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ც-ოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ც-ოვას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ც-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. ს-იკოს ე. ც-ოვას სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანზღაურების სახით დაეკისრა 5951.52 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გააჩივრა ნ. ს-იკომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ნ. ს-იკოს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 297.58 აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2011 წლის 21 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. ს-იკოს წარმომადგენელმა ნ. ფ-ურმა და წარმოადგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოდგენილი განცხადებით კასატორი ითხოვს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას ან დამატებით 15 დღიანი ვადის მიცემას სახელმწიფო ბაჟის სრულად გადასახდელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-იკოს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მთითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება 2011 წლის 10 იანვარს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენლის – ნ. ფ-ურის ოჯახის წევრს (შვილს) გ. ა-იას, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის ხელმოწერით. შესაბამისად, სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება როგორც კასატორის წარმომადგენლისათვის, ასევე კასატორისთვისაც. ამასთან, მართალია, კასატორს ხარვეზის განჩინება პირადად ჩაბარდა 2011 წლის 13 იანვარს, მაგრამ ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, უნდა დაიწყოს არა ამ თარიღიდან, არამედ 2011 წლის 11 იანვრიდან - წარმომადგენლისათვის ხარვეზის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ვინაიდან წარმომადგენლისათვის უწყების (გზავნილის) ჩაბარება ნიშნავს მხარისთვის ჩაბარებასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 11 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 17 იანვარს. კასატორის მიერ განცხადება ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ შეტანილია ფოსტის მეშვეობით 2011 წლის 18 იანვარს, ანუ ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-იკოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ნ. ს-იკოს დაუბრუნდეს ნ. ფ-ურის მიერ ნ. ს-იკოს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.