Facebook Twitter

ას-1341-1181-2010 16 თებერვალი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

სხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე

კასატორი _ გ. მ-შვილი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ა. ხ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. პ-იანი (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. მ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ე. პ-იანის მიმართ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1964 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა ქალაქ თბილისის სარაიონათაშორისო სახელმწიფო საწარმო “მეორედრესურსების” საწყობის გამგედ. ამავე საწარმოში, 1986 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა მ. კ-ოვა - საწარმოს ბუღალტრად. ერთმანეთთან ახლო და კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდათ, რასაც დაემატა ისიც, რომ მოსარჩელე ფაქტობრივ, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მის მეზობელთან, მოპასუხე ე. პ-იანთან. იმის გამო, რომ მ. კ-ოვასა და მის მეუღლე ი. მ-ოვს არ ჰყავდათ შვილები და ახლო ნათესავები, მათივე თხოვნით მეურვეობა და მზრუნველობა მოსარჩელემ და მოპასუხემ გაუწიეს. მოპასუხის მეურვეობა და მზრუნველობა გამოიხატებოდა და შემოიფარგლებოდა დიასახლისობით, ხოლო მათი მოვლის მატერიალურ ხარჯებს იღებდა მოსარჩელე. მადლიერების ნიშნად, მ. კ-ოვმა და ი. მ-ოვმა გადაწყვიტეს მათი კუთვნილი ბინის მხარეებისათვის ჩუქება. ქ.თბილისში, ... გამზირ ¹82-ში მდებარე ბინა ¹37 ირიცხებოდა ი. მ-ოვის სახელზე, და ვინაიდან, იგი იყო ღრმად მოხუცებული, ორივე მხარის გადაწყვეტილებით, ი. მ-ოვის საკუთრებაში არსებულ და ფაქტობრივად ნაჩუქარ ბინაზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, იმის გამო, რომ ი. მ-ოვის მიერ, ანდერძის დაწერისა და გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით ბინის მხარეთათვის მიღების შემთხვევაში, როგორც არაკანონიერი მემკვიდრეები, არ დაბეგრილიყვნენ ან სიცოცხლეშივე ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში არ ჰქონოდათ საშემოსავლო გადასახადი. ასევე მოსარჩელის, ე. პ-იანისადმი, ნდობისა და სიყვარულის გამოხატვის ნიშნად, იგი დასთანხმდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულიყო ე. პ-იანთან და ბინა აღრიცხულიყო მის სახელზე. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2001 წლის 7 ივნისს. ხელშეკრულების თანახმად, ბინა გაიყიდა 1500 ლარად, ხოლო გამყიდველმა აიღო ვალდებულება, მყიდველისათვის ბინა გადაეცა 2001 წლის 15 ივნისისათვის. სინამდვილეში, “მყიდველს” “გამყიდველისთვის” ბინა არ გადაუცია, ე.ი 2001 წლის 7 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება იყო ფორმალური გარიგება. მისი ამ სახით გაფორმებით დაიფარა ნამდვილი ხელშეკრულების შინაარსი, სადაც მყიდველებად უნდა დაფიქსირებულიყვნენ მოსარჩელე და მოპასუხე თანაბარწილად. უფრო მეტიც, ეს იყო ფაქტობრივად სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა იკისრეს მოხუცი ცოლ-ქმრის სიკვდილამდე რჩენა და შემდგომ დაკრძალვა. აღნიშნული მხარეთა მიერ პირნათლად იქნა შესრულებული. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ მისთვის ხელშეკრულების დადების ფაქტი ცნობილი იყო, მაგრამ არ იყო ცნობილი ხელშეკრულების შუნაარსი, რომელიც შეიტყო მხოლოდ სარჩელის მომზადების ეტაპზე, რაც განპირობებული იყო მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ აპირებდა ხელშეკრულებით დაინტერესებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისში, ... გამზირ ¹82-ში მდებარე ¹37 ბინის ½ წილზე თანამესაკუთრედ ცნობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძველებით: მოსარჩელე გ. მ-შვილი და ე. პ-იანი 18 წელი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შვილები არ შესძენიათ. მანამდე ორივე მათგანი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ სხვა მეუღლეებთან და ჰყავთ შვილები. ამასთან, გ. მ-შვილის სახელზე, რეგისტრირებული ქორწინების დროს თბილისში, მუხიანის დასახლებაში ირიცხებოდა ოთხოთახიანი ბინა, რომელიც განქორწინებისას და ე. პ-იანთან საცხოვრებლად გადმოსვლისას დაუტოვა ცოლ-შვილს. მემკვიდრეობით მიღებული აქვს და მის სახელზე ირიცხება სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში საცხოვრებელი სახლი 22000 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით. სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ მოსარჩელე თანამესაკუთრედ ცნობის საფუძვლად მიუთითებდა იმას, რომ ი. მ-ოვთან და მის მეუღლესთან ერთად მუშაობდა და ე. პ-იანთან ერთად ცხოვრების პერიოდში უვლიდნენ მოხუცებულებს და, მათი აზრით, ი. მ-ოვსა და ე. პ-იანს შორის დადებული ხელშეკრულება ნასყიდობა კი არა, ჩუქებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინებისთვის აუცილებელია ქალისა და მამაკაცის კავშირის რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურში. სწორედ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს შეუძლიათ, მოითხოვონ ერთად შეძენილი ქონების თანამესაკუთრეობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაშიც რომ ყოფილიყვნენ, სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდებოდა, რადგან ე. პ-იანი, სსკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებულია მესაკუთრედ. სსკ-იის 311-ე მუხლის თანახმად კი, არსებობს საჯარო რეესტრის სისწორისა და უტყუარობის პერზუმფცია. ე. პ-იანი ბინის კეთისლსინდისიერი შემძენია. ე. პ-იანი არ აღიარებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფარული იყო სამისდღეშიო რჩენის გარიგება. მოპასუხე მოხუცებთან ერთად ცხოვრობდა 30 წლის განმავლობაში და შვილივით იყო მათთვის. მოსავლელ თანხას თავისი შვილი უგზავნიდა, ხოლო მოსარჩელე 2001 წლიდან უმუშევარი იყო და არ ჰქონდა მოხუცების მატერიალურად უზრუნველყოფის შესაძლებლობა. სიმართლეს მოკლებულია ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ არ იცოდა ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე, რადგან იგი თავად იღებდა მონაწილეობას მის გაფორმებაში. მოპასუხემ ასევე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-შვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გ. მ-შვილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: დადგენილად ცნო, რომ გ. მ-შვილი და ე. პ-იანი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ი. მ-ოვსა და ე. პ-იანს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ე. პ-იანი არის ქ. თბილისში, ... გამზირ ¹82-ში მდებარე ¹37 ბინის მესაკუთრე. გ. მ-შვილმა ე. პ-იანის მიმართ სარჩელით მიმართა 2009 წლის 26 ოქტომბერს. პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გ. მ-შვილისათვის ი. მ-ოვსა და ე. პ-იანს შორის 2001 წლის 7 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე ცნობილი იყო აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე Mმოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ცოლქმრულ ურთიერთობაში, რეალურად მოპასუხესა და ი. მ-ოვს შორის დაიდო სხვა გარიგება. მხარეთა შორის გაფორმდა არა ნასყიდობის, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვების შესახებ გამომდინარეობს ხელშეკრულებაზე დაფუძნებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან. ამასთან, პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლით და დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ იცოდა მისი დადებისთანავე. პალატამ განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება შემოსაზღვრულია ამ მოთხოვნის წარდგენის გარკვეული ვადით, ანუ იმ დროით, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირს შეუძლია, თავისი უფლების დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს. ხანდაზმულობის ვადის გასვლა ყოველთვის არ იწვევს თავად უფლების გაქარწყლებას, მაგრამ კონკრეტული დავის გადაწყვეტისას ხანდაზმულობით გაქარწყლებული უფლების (ასეთის არსებობის პირობებში) დაცვის მოთხოვნამ განაპირობა სარჩელზე უარის თქმა. პალატამ დადგენილად ცნო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდიათ თავად ხელშეკრულების მხარეებს: გამყიდველ ი. მ-ოვსა და მყიდველ ე.პ-იანს, მხოლოდ მოსარჩელემ გახადა სადავოდ გარიგების დამდებ პირთა ნება. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლით, რომლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს კანონის ფარგლებში მინიჭებული აქვთ ხელშეკრულებათა დადების თავისუფლება და მათვე შეუძლიათ, განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების კონტრაჰენტი პირების მიერ გამოვლენილი ნების მიმართ მესამე პირის პრეტენზია მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს საფუძვლიანი, თუკი ეს ხელშეკრულება ლახავს ამ უკანასკნელის უფლებებს, კერძოდ, მოსარჩელის მითითებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ იგი (მოსარჩელე) ი. მ-ოვასა და მის მეუღლეს უზრუნველყოფდა ფინანსურად. აღნიშნული გარემოება კი არ წარმოადგენს ე. პ-იანის სახელზე რიცხული სადავო ბინის თანასაკუთრებაში გადაცემის საფუძველს. ამგვარ კანონისმიერ წინაპირობას არ შეიცავს სამოქალაქო კოდექსის არც ერთი ნორმა. ასეთ შემთხვევაში მხარეს შეუძლია, მოითხოვოს მის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება და არა ბინის თანასაკუთრებაში გადაცემა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ გ.მ-შვილი და ე.პ-იანი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და უძრავი ქონება შეძენილი იყო ამ პერიოდში, რაც მოპასუხემაც დაადასტურა. ასეთი გარემოების არებობისას, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლები და დაეკმაყოფილებინა სარჩელი, რაც მან არ გამოიყენა. სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და იმსჯელა სარჩელის ხანდაზმულობაზე, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. მ-შვილის წარმომადგენელმა ა.ხ-შვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის გამოხმობა, რასაც მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-შვილის სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. მ-შვილის წარმომადგენელმა ა. ხ-შვილმა და მოითხოვა სარჩელის გამოხმობა. აღნიშნულს დაეთანხმა ე. პ-იანის წარმომადგენელი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გ. ხ-შვილის მოთხოვნა საფუძვლიანია და, მის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს, ხოლო გ. მ-შვილის სარჩელი დარჩეს განუხილველად. გ. მ-შვილი განთავისუფლებულია სახელმწიფო სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს კანონის “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მეხუთე მუხლის “მ” პუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. მ-შვილის წარმომადგენელ ა. ხ-შვილის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები.

გ. მ-შვილის სარჩელი მოპასუხე ე. პ-იანის მიმართ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.