ას-1346-1186-2010 21 თებერვალი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ჭ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ნ. მ-შვილი, ლ. მ-შვილი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სესხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ჭ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ლ. მ-შვილების მიმართ 1200 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ ნ. და ლ. მ-შვილებთან გააფორმა სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეებს ასესხა 1200 აშშ დოლარი პროცენტის დაურიცხავად. მოპასუხეები არიან დედა-შვილი. მოსარჩელემ ნაწილი თანხით ტანსაცმელი ჩამოუტანა ნ. მ-შვილს ქ.მოსკოვიდან, დანარჩენი თანხა კი, პირადად მოპასუხე ლ. მ-შვილს გადასცა. როგორც შემდგომში მისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული თანხა განკუთვნილი იყო პირადად ნ. მ-შვილის ქორწილთან დაკავშირებით პირადი საჩუქრებისათვის. ვინაიდან, ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხეები, რაიმე სახის წერილობითი ხელშეკრულება სესხის შესახებ არ გაუფორმებიათ. აღნიშნული თანხის დაბრუნება შეთანხმების დროს ვერ მოხერხდა 1991-1992 წლებში საქართველოში საომარი ვითარების გამო. მას შემდეგ არაერთხელ სთხოვა მოპასუხეებს, დაებრუნებინათ თანხა, მაგრამ, დაპირების მიუხედავად, მათ დღემდე არ დაუბრუნებიათ. M
მოპასუხეებმა ნ. და ლ. მ-შვილებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ ისინი მოსარჩელეს საერთოდ არ იცნობენ, მისგან საქორწინოდ ტანსაცმელი არ უყიდიათ, ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ჭ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჭ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ა. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ მხარეებს შორის წერილობითი სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. მოსარჩელე მოპასუხეებისაგან თანხის დაბრუნებას მოითხოვდა 1990 წლიდან. Mმან ნ. მ-შვილს 2009 წელსაც მიაკითხა სამუშაო ადგილზე თანხის დაბრუნების მოთხოვნით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დავა უნდა მოწესრიგდეს ვალდებულებითი სამართლით გათვალისწინებული სასესხო ურთიერთობით. ამასთან, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 361-ე მუხლებით, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლის მესამე ნაწილით და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა ვერ შესძლო რაიმე სახის მტკიცებულების წარდგენით დაედასტურებინა ვალდებულების არსებობისა და მისი ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტი, მიიჩნია, რომ აპელაცია უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-131 მუხლების შესაბამისად, ა. ჭ-შვილის სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჭ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლომ უგულებელყო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ნ. და ლ. მ-შვილებთან გააფორმა სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეებს ასესხა 1200 აშშ დოლარი პროცენტის დაურიცხავად. მოპასუხეები არიან დედა-შვილი. მოსარჩელემ ნაწილი თანხით ტანსაცმელი ჩამოუტანა ნ. მ-შვილს ქ. მოსკოვიდან, დანარჩენი თანხა კი, პირადად მოპასუხე ლ. მ-შვილს გადასცა. როგორც შემდგომში მისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული თანხა განკუთვნილი იყო პირადად ნ. მ-შვილის ქორწილთან დაკავშირებით პირადი საჩუქრებისათვის. ვინაიდან, ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხეები რაიმე სახის წერილობითი ხელშეკრულება სესხის შესახებ არ გაუფორმებიათ. აღნიშნული თანხის დაბრუნება შეთანხმების დროს ვერ მოხერდა 1991-1992 წლებში საქართველოში საომარი ვითარების გამო. მას შემდეგ არაერთხელ სთხოვა მოპასუხეებს დაებრუნებინათ თანხა, მაგრამ, დაპირების მიუხედავად, მათ დღემდე არ დაუბრუნებიათ. კასატორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 316-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა, მის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისროთ 1200 აშშ დოლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ა. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ჭ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
მოცემული დავის საგანია სესხად გაცემული თანხის დაკისრება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.