¹ას-1350-1189-2010 3 თებევალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “ჯ. ბ. ი.” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ.-ლ.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ პრტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ჯ. ბ. ი.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “მ. ლ.-ს” მიმართ და მოითხოვა შპს “მ. ლ.-ს” პარტნიორთა კრების 2010 წლის 12 იანვრის ¹1 ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომელიც ეხება მათთვის საწესდებო კაპიტალის გაზრდის მოტივით დამატებითი შენატანის შეტანის ვალდებულების დაკისრებას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “ჯ. ბ. ი.-ს” სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჯ. ბ. ი.-ს” წარმომადგენელმა მ.ყ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 2037 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შპს “ჯ. ბ. ი.-ს” სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა მის წარმომადგენელ მ. ყ-შვილს 2011 წლის 14 იანვარს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ჯ. ბ. ი.-ს” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულ ვადაში მხარის მიერ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 2037 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შპს “ჯ. ბ. ი.-ს” სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა მის წარმომადგენელ მ. ყ-შვილს 2011 წლის 14 იანვარს (ტ.II, ს.ფ. 71).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
დასახელებული ნორმით კანონმდებელი სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო შეტყობინება გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ამ პირთაგან ერთ-ერთისათვის, ან ამავე მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტებისატვის შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატს გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა დასახელებული ნორმებით დადგენილი წესით 2011 წლის 14 იანვარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 15 იანვარს და, ვინაიდან, ვადის უკანასკნელი დღე _ 19 იანვარი ემთხვეოდა უქმე დღეს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 20 იანვარს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ჯ. ბ. ი.-ს” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.