¹ბს-1129-707(კ-05) 24 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ. ზ-მა და 01.11.94წ. ე. ხ-ი-ზ-ის მიერ თბილისში, ... მდებარე ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მისი დ. ზ-ის მემკვიდრედ აღიარება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი ძმისშვილი დ. ზ-ი, რომელიც ცხოვრობდა თბილისში, ..., 12.02.94წ. გარდაიცვალა. დ. ზ-ი იყო ფსიქიურად ავადმყოფი და მას მეურვედ დანიშნული ჰყავდა მოსარჩელის შვილი ნ. ლ-ა. დ. ზ-ი 1976 წლიდან იყო განქორწინებული ე. ხ-ი-ზ-თან. მიუხედავად ამისა ე. ხ-ი-ზ-მა 1994წ. ნოემბერში მოახდინა მისი ყოფილი ქმრის ბინის პრივატიზება, რითაც მან უკანონოდ მიითვისა ბინა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 29.07.03წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილდობრივ. ხანდაზმულობის გამო ქ. ზ-ს უარი ეთქვა 01.11.94წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებაზე, ქ. ზ-ი ცნობილი იქნა დ. ზ-ის მეოთხე რიგის მემკვიდრედ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. ზ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტის განმარტებით ე. ხ-ი-ზ-ს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სადავო ბინაში არ უცხოვრია, რის გამოც მას ბინის პრივატიზების უფლება არ გააჩნდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 30.05.05წ. განჩინებით ქ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში მყოფი ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 24.08.94წ. გადაწყვეტილებით დადგენილად იყო ცნობილი ქ. თბილისში, ... მდებარე ბინით ე. ხ-ი-ზ-ის სარგებლობის უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ე. ხ-ი-ზ-ი წარმოადგენდა ამ ბინის პრივატიზებისათვის უფლებამოსილ პირს, რაც განხორციელდა კიდეც 01.11.94წ. ხელშეკრულების დადებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 01.11.94წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის რაიმე საფუძველი, გარდა იმისა, რომ ე. ხ-ი-ზ-ი ამ ბინაში არ ცხოვრობდა, აპელანტს არ დაუსახელებია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გაშვების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 30.05.05წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ზ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ 01.11.94წ. სადავო პრივატიზების ხელშეკრულების არსებობა მისთვის ცნობილი გახდა 1999 წელს. სასამართლოს სარჩელით კასატორმა 2001 წელს მიმართა. ამდენად, კასატორის აზრით, მან სარჩელი სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინა და უსაფუძვლოა როგორც რაონული, ისე სააპელაციო სასამართლოების მოსაზრება მისი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი დავის საგანს 01.11.94წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენს. სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმებულია თბილისის მთაწმინდის რაიონის 64-ე საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და ე. ხ-ი-ზ-ს შორის. «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ბინა უსასყიდლოდ გადაეცემოდათ ბინის დამქირავებლებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ბინაში ჩაწერილები იყვნენ დ. ზ-ი და ე. მ-ა-ზ-ი. დ. ზ-ი გარდაიცვალა 12.02.94წ. მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 24.08.94წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე ¹2/341) ე. მურზინა-ზ-ი-ხ-ის სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მთაწმინდის რაიონის 24.08.94წ. გადაწყვეტილებით (საქმე ¹2/342) ე. ზ-ი-ხ-ისა და დ. ზ-ის შვილი პ. ზ-ი 1991წ. 30 დეკემბრიდან ცნობილი იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. საქმის მასალებით არ დასტურდება დ. ზ-ის ან მისი კანონიერი მეურვის მიერ დ. ზ-ის გარდაცვალებამდე ბინის პრივატიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვა. ამდენად, სადავო პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმების დროს ბინის ერთადერთ დამქირავებელს ე. ზ-ი-ხ-ი წარმოადგენდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ე. ხ-ი-ზ-ი წარმოადგენდა სადავო ბინის პრივატიზებისათვის უფლებამოსილ პირს და ქ. ზ-ის მიერ დასახელებული გარემოებები არ ქმნის სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ქ. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ კასატორს უნდა სცოდნოდა სადავო ბინის პრივატიზების შესახებ, ვინაიდან პირველი და სააპელაციო სასამართლოების ოქმების მიხედვით დასტურდება, რომ კასატორისათვის ცნობილი იყო ე. ზ-ის ბინის დამქირავებლად ჩაწერის ფაქტი, აგრეთვე, ბინის მეორე დამქირავებლის დ. ზ-ის გარდაცვალება. მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორს სადავო ბინაზე პრეტენზია არ განუცხადებია და სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მხოლოდ 25.07.02წ. მიმართა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.05.05წ. განჩინება. სსკ-ის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ათავისუფლებს კასატორს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.05.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.