Facebook Twitter

ას-1356-1194-2010 4 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თ. თოდრია, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ქ. ყ-ანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ქ-ავა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ქ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ყ-ანის მიმართ არასრულწლოვანი შვილის _ ც. ყ-ანის სასარგებლოდ ალიმენტის _ 800 ლარისა და მიუღებელი ალიმენტის სახით 2500 ლარის დაკისრების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ მოპასუხე მხარეთა საერთო არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში მონაწილეობას არ იღებს.

მოპასუხემ სარჩელი გადაუხდელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში არ ცნო, ხოლო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა ცნო 167 ლარის დაკისრების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ქ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქ. ყ-ანს არასრულწლოვანი შვილის _ 1999 წლის 27 თებერვალს დაბადებული ც. ყ-ანის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2009 წლის 8 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ე. ქ-ავას სარჩელი წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ქ. ყ-ანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ყ-ანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ალიმენტის _ 600 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ე.ქ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ.ყ-ანს 1999 წლის 27 თებერვალს დაბადებული შვილის _ ც.ყ-ანის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის _ 500 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2009 წლის 8 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: ქ. ყ-ანსა და ე. ქ-ავას ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი 1999 წლის 27 თებერვალს დაბადებული ც. ყ-ნი. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ე. ქ-ავა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, ცხოვრობს ყოფილი მუსიკალური ტექნიკუმის შენობაში პენსიონერ მშობლებთან ერთად, სადაც არ აქვს ბავშვის აღზრდისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო პირობები.

2001 წლის 28 აპრილიდან ქ. ყ-ანი ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფება თ. ყ-ანთან.

ქ. ყ-ანი მუშაობს ... უნივერსიტეტში მენეჯმენტის ლექტორად და მისი ყოველთვიური, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 675 ლარს, ასევე ის მუშაობს საქართველოს ... კანცელარიის უფროსის მოადგილედ _ ... დეპარტამენტის უფროსად და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2720 ლარს.

ე. ქ-ავა მუშაობს საქართველოს ... ... კომიტეტის აპარატის მთავარ სპეციალისტად და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1189 ლარს.

1999 წლის 27 თებერვალს დაბადებული ც. ყ-ანი 2008 წლის ოქტომბრიდან ვარჯიშობს, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის სპორტულ კლუბ «...” და არის ქორეოგრაფიული ანსამბლ “...” სოლისტი.

ქ. ყ-ანი ... ბანკიდან აღებული კრედიტის გადახდის მიზნით ყოველთვიურად იხდის საშუალოდ 142 ლარს. 2010 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, საბოლოო ნაშთი შეადგენს 1299,00 ლარს, ხოლო საქართველოს ბანკიდან აღებული კრედიტის (ოვერდრაფტის) გადახდის მიზნით ყოველთვიურად იხდის საშუალოდ 248,08 აშშ დოლარს. 2010 წლის 25 იანვრის მდგომარეობით, საბოლოო ნაშთი შეადგენს 6969,11 აშშ დოლარს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ქ. ყ-ანის კმაყოფაზე იმყოფება მისი დედა _ ნ. ყ-ანი, რომლის ერთადერთი შემოსავალი 90 ლარის ოდენობის პენსიაა, ვინაიდან ქ.ყ-ანის მიერ 2010 წლის 1 მაისის მდგომარეობით შევსებული ქონებრივი დეკლარაციით დასტურდება, რომ ნადია ყ-ანი მუშაობს თბილისის ... უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად და წლიურად მიღებული აქვს 6412 ლარის შემოსავალი.

პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ქ.ყ-ანის მიერ კრედიტის გადახდა მეტყველებს არა მის გადახდისუუნარობაზე, არამედ მის ქონებრივ შესაძლებლობაზე. ამასთან, კრედიტის თანხის გადახდა ხდება დროებით, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვის სარჩენად ალიმენტი მოპასუხეს ეკისრება ბავშვის სრულწლოვანებამდე.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე მუხლებით და დაადგინა, რომ ქ. ყ-ანს შვილის _ 1999 წლის 27 თებერვალს დაბადებული ც. ყ-ანის სასარგებლოდ ალიმენტი არ დაკისრებია და აღნიშნული მოთხოვნით მის მიმართ სარჩელი აღიძრა 2009 წლის დეკემბერში. ქ. ყ-ანი მუშაობს ... უნივერსიტეტში მენეჯმენტის ლექტორად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 675 ლარს, ასევე ის მუშაობს საქართველოს ... კანცელარიის უფროსის მოადგილედ, ... დეპარტამენტის უფროსად და მისი თანამდებობრივი სარგოა 2720 ლარი. ე. ქ-ავას უკავია საქართველოს .... კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა და იღებს ხელფასს 1189 ლარის ოდენობით.

მშობლების შემოსავლების შეფასების საფუძველზე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ. ყ-ანს სხვა არასრულწლოვანი შვილებიც გააჩნია, სასამართლომ ჩათვალა, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 500 ლარით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. ყ-ანმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სადავო ნაწილში ე. ქ-ავას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ქ. ყ-ანის რეალური მატერიალური შესაძლებლობები და არ გაითვალისწინა, რომ კასატორი ყოველთვიურად იხდის კრედიტს 142 ლარის, 367 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე კომუნალურ გადასახადებს. ქ. ყ-ანის კმაყოფაზე იმყოფება მისი მეუღლე _ თ. ნ-იანი, დედა და ორი შვილი. ამასთან, მეუღლე არ მუშაობს და დიასახლისია, ხოლო დედის _ ნ. ყ-ანის შემოსავალი სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ძველი მონაცემების მიხედვით. ნ. ყ-ანის ამჟამინდელი შემოსავლის შესახებ დოკუმენტი დაერთო საკასაციო საჩივარს.

ამდენად, სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მოთხოვნა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ე.ქ-ავას შემოსავალია დაახლოებით 1500 ლარი, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული თანამდებობის გარდა მოსარჩელე მუშაობს ... უნივერსიტეტში ლექტორად, რაც მან სასამართლოს დაუმალა.

სააპელაციო სასამართლოს კასატორის შემოსავლის ოდენობად უნდა მიეჩნია მხოლოდ ის თანხა, რაც ქ.ყ-ანს საკრედიტო და კომუნალური გადასახადების გადახდის შემდეგ რჩება. ასეთს შეადგენს ყოველთვიურად 1950 ლარი. აღნიშნული თანხიდან ც. ყ-ანისათვის 500 ლარის გადახდის შემთხვევაში დაირღვევა კასატორის დანარჩენი ორი შვილის კანონიერი უფლებები.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ე. ქ-ავამ წარმოადგინა ¹... განცხადება, რომელთაც დაურთო მასალები 3 ფურცლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ქ. ყ-ანის საკასაციო საჩივარი არ უნდა აკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო.

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ.

ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ.ყ-ანსა და ე.ქ-ავას ქორწინებაში შეეძინათ 1999 წლის 27 თებერვალს დაბადებული ც. ყ-ანი. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან. ე. ქ-ავა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, ცხოვრობს ... შენობაში პენსიონერ მშობლებთან ერთად, სადაც არ აქვს ბავშვის აღზრდისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო პირობები. იგი მუშაობს საქართველოს ... კომიტეტის აპარატის მთავარ სპეციალისტად და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1189 ლარს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. ყ-ანს ჰყავს მეუღლე _ თ. ყ-ანი, ორი შვილი და დედა _ ნ. ყ-ანი.

ქ.ყ-ანი მუშაობს ... უნივერსიტეტში მენეჯმენტის ლექტორად ხელფასით 675 ლარი, ასევე არის საქართველოს ... კანცელარიის უფროსის მოადგილე, ... დეპარტამენტის უფროსი და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2720 ლარს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სადავო ალიმენტის ოდენობა 500 ლარით მართებულად განსაზღვრა.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. ყ-ანის რეალური მატერიალური შესაძლებლობები გათვალისწინებული არ ყოფილა და ალიმენტის მოცულობის დადგენისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო კასატორის ისეთი სახის დანახარჯები, როგორიცაა საბანკო კრედიტი და კომუნალური გადასახადები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. რაც შეეხება შემოსავლის განკარგვას, მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების შემდეგ დარჩება.

აღსანიშნავია, რომ კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს.

განსახილველ შემთხვევაში ქ. ყ-ანს ევალება მეუღლის _ თ. ყ-ანის, მასთან შეძენილი ორი შვილისა და არასრულწლოვანი ც. ყ-ანის რჩენა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს აღნიშნულ პირთა ობიექტური მოთხოვნილებების გათვალისწინებით. ასეთ მოთხოვნილებად უნდა ჩაითვალოს კასატორის მიერ მითითებული კომუნალური გადასახადებიც, რადგან მათი არსებობა განპირობებულია ქ.ყ-ანის ამჟამინდელი ოჯახისათვის კარგი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით.

სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა ქ.ყ-ანის არგუმენტი კასატორის მიერ საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, როდესაც აღნიშნული, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად არ ჩათვალა.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ კასატორის დედა ვერ ჩაითვლება მის კმაყოფაზე მყოფ პირად, რადგან ქ. ყ-ანის მიერ 2010 წლის 1 მაისის მდგომარეობით შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნადია ყ-ანი მუშაობს თბილისის ... უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად და წლიურად მიღებული აქვს 6412 ლარის შემოსავალი. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება მხარემ კანონის მოთხოვნათა დაცვით ვერ დაადასტურა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ქ-ავას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ¹... განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 3 ფურცლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ყ-ანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.