Facebook Twitter

საქმე # 020100117001963023

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №615აპ-18 ქ. თბილისი

ლ. ჯ. 615აპ-18 5 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დიმიტრი ხვიტიას, მსჯავრდებულ პ. დ. და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ-ს, მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად პ. დ. ბრალი დაედო ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენასა და შენახვაში; ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; განზრახ მკველობაში დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად, ანგარებით, ხოლო ლ. ჯ-ს - ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენასა და შენახვაში; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, ასევე - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში; ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად, ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

პ. დ. , ყაჩაღური თავდასხმის მიზნით, დაუკავშირდა ლ. ჯ-ს და რ. მ-ს, ასევე გამოძიებით დაუდგენელ პირს, რის შემდეგაც ისინი შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღით და 2017 წლის 8 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, უკანონოდ შეაღწიეს მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ. მდებარე მ. ჩ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ეს უკანასკნელი და მისი და - ც. ჩ. , ლ. ჯ- თანამზრახველებთან ერთად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. და ც. ჩ-ებს და მოსთხოვა მათ დიდი ოდენობით თანხის - თხუთმეტი-ოცი ათასი ლარისა და ოქროს ნივთების გადაცემა. უარის მიღების შემდეგ ლ. ჯ-მ, რ. მ-მ, პ. დ-მ, მეოთხე თანამზრახველთან ერთად, ხელები შეუკრეს მ. და ც. ჩ-ებს, ხელებითა და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაუწყეს ცემა თავის და სხეულის არეში. ცემის დროს მ. ჩ-მ თავდამსხმელებს მიუთითა, რომ ფულს ინახავდა სარეცხ მანქანაში, რის შემდეგაც პ. დ. გავიდა სახლის აივანზე და დაეუფლა სარეცხ მანქანაში დამალულ თანხას - 200 აშშ დოლარს. თანხის სიმცირით განაწყენებულმა თავდამსხმელებმა კიდევ უფრო მეტი აგრესიით განაგრძეს დების - ც. და მ. ჩ-ების ცემა, ფანჯრიდან ჩამოხსნეს ფარდა, დაჭრეს და დამზადებული თოკებით შეუკრეს მათ ხელ-ფეხი, აუკრეს პირი, გადააბეს ერთმანეთზე, თანაც განაგრძობდნენ უმოწყალოდ ცემას და ითხოვდნენ ფულს და ოქროს ნივთებს, რაც გრძელდებოდა დაახლოებით საათ ნახევრის განმავლობაში, რის შემდეგაც დაეუფლნენ: საშუალო ზომის ოქროსფერ სასანთლეს, მ. ჩ-ს კუთვნილ ოქროს საათს ოქროს სამაჯურით, ოქროს ბეჭედს, ოქროს ყელსაბამს, მისი პირადობის მოწმობას, „ლ-ს“ საპენსიო პლასტიკურ ბარათს. მათ ხელფეხშეკრული მ. და ც. ჩ-ები მიატოვეს შემთხვევის ადგილზე და მიიმალნენ.

პ. დ., ყაჩაღური თავდასხმის მიზნით, დაუკავშირდა ლ. ჯ-ს, რ. მ-ს და გამოძიებით დაუდგენელ პირს, რის შემდეგაც ისინი შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღით და 2017 წლის 8 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, უკანონოდ შეაღწიეს მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ. მდებარე მ. ჩ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ეს უკანასკნელი და მისი და, ც. ჩ., ლ. ჯ. თანამზრახველებთან ერთად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. და ც. ჩ-ებს, მოსთხოვა მათ დიდი ოდენობით თანხის - თხუთმეტი-ოცი ათასი ლარისა და ოქროს ნივთების გადაცემა. უარის მიღების შემდეგ ლ. ჯ- მ, რ. მ-მ, პ. დ-მ, მეოთხე თანამზრახველთან ერთად, ხელები შეუკრეს მ. და ც. ჩ-ებს, ხელებითა და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაუწყეს ცემა თავის და სხეულის არეში. ცემის დროს მ. ჩ-მ თავდამსხმელებს მიუთითა, რომ ფულს ინახავდა სარეცხ მანქაში, რის შემდეგაც პ. დ. გავიდა სახლის აივანზე და დაეუფლა სარეცხ მანქანაში დამალულ თანხას - 200 აშშ დოლარს. თანხის სიმცირით განაწყენებულმა თავდამსხმელებმა კიდევ უფრო მეტი აგრესიით განაგრძეს დების - ც. და მ. ჩ-ების ცემა, ფანჯრიდან ჩამოხსნეს ფარდა, დაჭრეს და დამზადებული თოკებით შეუკრეს მათ ხელ-ფეხი, აუკრეს პირი და გადააბეს ერთმანეთზე, თანაც განაგრძობდნენ უმოწყალოდ ცემას და ითხოვდნენ ფულს და ოქროს ნივთებს. განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მ. ჩ-ს მიმართ, ვინაიდან ჩათვალეს, რომ იგი ატყუებდა მათ და მალავდა თანხას. ლ. ჯ- მ, რ. მ-მ, პ. დ-მ და მეოთხე ბოროტმოქმედმა იცოდნენ, რომ მ. ჩ. იყო ხანდაზმული და მის მიმართ ფიზკური ძალადობის გამოყენებას შესაძლოა, მოჰყოლოდა მძიმე შედეგი - დაზარალებულის გარდაცვალება, მაგრამ არ გაითვალისწინეს ეს და განაგრძეს მისი სასტიკი ცემა. ლ. ჯ., რ. მ., პ. დ. და მათი თანამონაწილე შეგნებულად უშვებდნენ ძალადობის შედეგად დაზარალებულის გარდაცვალებას და მაინც განაგრძობდნენ ხელფეხშეკრულ და პირაკრულ მ. ჩ-ზე ფიზიკურ ძალადობას. ლ. ჯ-ს, რ- მ-ს, პ. დ. და მათი თანამზრახველის ძალადობრივი ქმედების შედეგად მ. ჩ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ც. ჩ-მ მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. თავდასხმელებმა ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გაიტაცეს თანხა - 200 აშშ დოლარი, ძვირფასეულობა და პირადი ნივთები.

ლ. ჯ-მ დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და 2017 წლის 22 მარტამდე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - ქარხნული წესით დამზადებულ „LEYDI Magnum 2005“ მოდელის, 9მმ ნომინალურ კალიბრიან, გლუვლულიან პისტოლეტს და საბრძოლო მასალას - 9მმ ნომინალურ კალიბრიან სამ ვაზნას, რაც მისი ჯინსის შარვლის უკანა მხარეს, წელის არიდან ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა 2017 წლის 22 მარტს თ. , დ. , მ-ს ქ. №...ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

ლ. ჯ-მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა მარჯვენა და მარცხენა ფეხის წინდაში, ნაბეჭდ წარწერებიან ორ მუყაოს ფერად ნაგლეჯში გახვეულ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“ 9,12 გრამის ოდენობით, რაც მისგან ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა 2017 წლის 22 მარტს თ. , დ. , მ-ს ქ. N---ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

პ. დ-მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ., უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას 13,34 გრამის ოდენობით, რაც ამოიღეს 2017 წლის 15 მარტს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

პ. დ-მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ., მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, ნომრით 23742, რაც ამოიღეს 2017 წლის 15 მარტს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:

პ. დ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

პ.დ., - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. პ. დ. სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 14 მარტიდან.

ლ. ჯ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

ლ. ჯ., - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სასჯელის დაუნიშნავად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 22 მარტიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: პ. დ. დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითაც და სასჯელად 18 წლით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო ლ. ჯ-ს ნაწილში - მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითაც და დანაშაულთა ერთობლიობით მისთვის 10 წელზე უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების - პ. დ. და ლ. ჯ-ს გამართლებას.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია პ. დ. მონაწილეობა ც. და მ. ჩ-ების ჩადენილ ყაჩაღურ თავდასხმაში და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მ. ჩ-ს განზრახ მკვლელობაში, კერძოდ: №... დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილიდან, სარეცხის მანქანის თავსახურის შიდა ზედაპირიდან ამოღებული ხელის თითის კვალი პ. დ. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის იდენტურია; №... ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დასტურდება, რომ პ. დ. საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ქურთუკზე არსებული მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ც. ჩ-ს; ამოცნობის ოქმით, რომლის მიხედვითაც, პ. დ. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროსფერი სასანთლე ამოიცნო ც. ჩ-მ და განაცხადა, რომ აღნიშნული სასანთლე გაიტაცეს თავდამსხმელებმა ყაჩაღური თავდასხმისას; №... გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ც. ჩ-ს მეზობლის გ. კ-ს - საყანე ფართობიდან ამოღებულ დანის პირსა და ტარზე არსებული შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი პ. დ-საგან აღებული სისხლის ნიმუშის გენეტიკური პროფილის იდენტურია; შპს „მ-ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციით, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 8 მარტს, 19 საათიდან 23.30 საათის ჩათვლით, პ. დ. ტელეფონს, რომლის ნომერია 5.... ემსახურებოდა მ-ს რაიონის სოფელ ნ. ც. ჩ-ს საცხოვრებელი სახლისა და ეზოს მომსახურების ანძა №.... დადგენილია, რომ პ. დ. საცხოვრებელი ადგილია მ-ს რაიონის სოფელი ლ. ; ოდოროლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია პ. დ-საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა; მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ პ. დ. დუტის ჟილეტის ზედაპირზე აღინიშნება ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება მ. ჩ-ს მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან. ასევე, აღინიშნება ბოჭკოები, რომლებსაც საერთო გვარობრივი კუთვნილება აქვს მ. ჩ-ს გვამიდან, იატაკის ზედაპირიდან, კარის სახელურიდან ამოღებული ქსოვილის ნაგლეჯების შემადგენელ ბოჭკოებთან.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ პ. დ. მიმართ მტკიცებულებები ფალსიფიცირებული და ,,შეთითხნილია“ და მიიჩნია, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

რაც შეეხება ლ. ჯ-ს, სააპელაციო პალატამ მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, კერძოდ: გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც, ც. ჩ-ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ამოღებული ნაჭრის ქუდის შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ლ. ჯ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ლ. ჯ-საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა; მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების - შ. ჭ-ს, ბ. ს-ს, მ. ქ-ს ჩვენებებით, რომლებმაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს ლ. ჯ. თ. და ჩაატარეს მისი პირადი ჩხრეკა; ლ. ჯ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის მიხედვითაც, მისგან ამოიღეს პისტოლეტი „LEYDY Magnum 2005“, მჭიდში მოთავსებული ხუთი ვაზნით და მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეული მასა; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ლ. ჯ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ „LEYDY Magnum 2005” მოდელის 9მმ კალიბრიან, გლუვლულიან პისტოლეტს, რომელიც ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხსასროლ იარაღთა კატეგორიას. ხოლო ამოღებული ხუთი ცალი ვაზნიდან სამი ცალი ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც, ლ. ჯ-ს ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტის მეტალის ნაწილებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ლ. ჯ-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია; №... ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ლ. ჯ-ს ჯინსის შარვლის წელის მიდამოში, წინა, მარჯვენა მხარეს და უკანა, მარჯვენა მხარეს, აგრეთვე მარჯვენა და მარცხენა ჩაჭრილ ჯიბეებში აღმოჩენილია რკინის კვალი. სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც, ლ. ჯ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული გამხმარი მცენარეული მასა წარმოადგენს 9,12 გრამ გამომშრალ მარიხუანას.

როგორც ლ. ჯ-ს, ასევე პ. დ. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში, არ უნდა იქნეს გაზიარებული. მოტივად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ გენეტიკური ქესპერტიზის დასკვნების გამცემი ექსპერტები ვერ მიუთითებენ, რა ბიომასალა იყო აღმოჩენილი, ანუ ვერ მიუთითეს დნმ-ის მატარებელი წყარო.

აღნიშნული მოთხოვნა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, რადგან საქმეზე დაკითხულმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ მათთან ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო გენეტიკური პროფილის მატარებელი ბიომასალა. გენეტიკური პროფილი ეფუძნება ბირთვული დნმ-ის კვლევას, დნმ (ბირთვული უჯრედი) ნივთზე რჩება მხოლოდ კონტაქტის შედეგად. ამდენად, უდავოდაა დადასტურებული ლ. ჯ-ს და პ. დ. კონტაქტი იმ ნივთებთან, რომლებზეც ჩატარდა დნმ-ის ექსპერტიზა.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია პ. დ. - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში, ხოლო ლ. ჯ-ს - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას, რომ ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აჩენს მხოლოდ გონივრულ ვარაუდს პ. დ. ბრალეულობის შესახებ. ეკუთვნოდა თუ არა პ. დ. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მამის საწოლის ლეიბის ქვეშ აღმოჩენილი ერთლულიანი თოფი და ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“, უტყუარად არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა დადგენილია სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკითაც (საქმე №2კ-294აპ-15). ის, რომ ლ. ჯ. იყო როგორც ყაჩაღური თავდასხმის, ასევე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის თანაამსრულებელი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.

საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ც. ჩ-ს ჩვენება, რომლის შესაბამისად, თავდაპირველად ორი ადამიანი შეიჭრა ოთახში, ხოლო შემდეგ - კიდევ ორი. თავდამსხმელებმა თავი დაახრევინეს და ვერ ხედავდა მათ, თუმცა ფიქრობს, რომ ოთხივე ურტყამდა.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს პირდაპირი განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა. ასეთი კატეგორიის საქმეებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, თუ რა მიზანი ამოძრავებდა დამნაშავეს დანაშაულის ჩადენამდე. დადგენილია, რომ ლ. ჯ-ს, პ. დ. და სხვათა განზრახვა იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა (მ. და ც. ჩ-ებზე ყაჩაღური თავდასხმა თანხის დაუფლების მიზნით). თავიანთი მიზნის განსახორციელებლად ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ ც. და მ. ჩ-ებს, გაკოჭეს ისინი და მიაყენეს სხეულის დაზიანებები. თუმცა საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ლ. ჯ. მონაწილეობდა მ. ჩ-ს გაკოჭვასა და იმ დაზიანებების მიყენებაში, რასაც პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი აქვს დამდგარ შედეგთან - მ. ჩ-ს სიკვდილთან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულებს სასჯელები დანიშნული აქვთ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

პროკურორი დიმიტრი ხვიტია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: პ. დ. დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განაჩენით დადგენილი სასჯელის სახესა და ზომაზე - 18 წლით თავისუფლების აღკვეთაზე - უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო ლ. ჯ-ს ნაწილში - მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განაჩენით დადგენილი სასჯელის სახესა და ზომაზე - 10 წლით თავისუფლების აღკვეთაზე - უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას. დანარჩენ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვებას.

მსჯავრდებული პ. დ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. შ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და პ. დ. გამართლებას.

მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ლ. ჯ-ს გამართლებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულების - პ. დ. და ლ. ჯ-ს უდანაშაულობის თაობაზე, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ეყრდნობა მხოლოდ ექსპერტიზის საეჭვო დასკვნებს და აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენში ორივე მსჯავრდებულთან დაკავშირებით დეტალურად იმსჯელა იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა პ. დ. და ლ. ჯ-ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატების - რ. შ-ს და ვ. გ-ს მიერ საკასაციო საჩივრებში განვითარებულ ზოგად მსჯელობას მსჯავრდებულების მიმართ საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის თაობაზე, რადგან საკასაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლით კანონიერების რაიმე არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია /იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ“; Boldea v. Romania, 19997/02, § 30, 15.02.2007), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან /იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“, (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], # 39630/09, § 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], # 29750/09, § 48, 16.09.2014/.

12. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ პ. დ. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ლ. ჯ-ს - სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას ბრალდების ამ ნაწილში მათი გამართლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აჩენს მხოლოდ გონივრულ ვარაუდს პ. დ. ბრალეულობის შესახებ. ეკუთვნოდა თუ არა პ. დ. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მამის საწოლის ლეიბის ქვეშ აღმოჩენილი ერთლულიანი თოფი და ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“, უტყუარად არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმეში ასევე არ მოიპოვება იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ლ. ჯ. იყო როგორც ყაჩაღური თავდასხმის, ასევე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის თანაამსრულებელი.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დიმიტრი ხვიტიას, მსჯავრდებულ პ. დ. და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ-ს, მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე