Facebook Twitter

¹ას-1367-1205-2010 17 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ჭ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ყ. 2” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა “ყ. 2-ის” მიმართ ამავე ამხანაგობის 2009 წლის 8 ივლისისა და 11 ნოემბრის კრების ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის 13 სექტემბერს შეიქმნა ამხნაგობა ,,ყ. 2’’. 2009 წლის 8 ივლისს ამხანაგობა წევრების მიერ მოწვეულ კრებაზე განისაზღვრა ლ. ჭ-ძის თავმჯდომარეობიდან გადაყენებისა და ამხანაგობა ,,ყ. 2’’-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხი. აღნიშნული კრება ჩატარდა კანონის უხეში დარღვევით, ვინაიდან კრების მოწვევის და ჩატარების პროცედურა არ იქნა შესრულებული კანონმდებლობითა და ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით. ლ.ჭ-ძეს არ მისვლია ოფიციალური საფოსტო შეტყობინება 2009 წლის 8 ივლისის კრების მოწვევისა და კრებაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგის შესახებ. ასევე მისთვის არ უცნობებიათ, რა დროს და რის შესახებ ტარდებოდა კრება.

ამასთან, 2009 წლის 8 ივლისს ამხანაგობა ,,ყ. 2-ის’’ წევრთა კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი. ასევე გაუგებარია 2009 წლის 11 ნოემბრის კრების ოქმის სამართლებრივი მნიშველობა და შინაარსი, ვინაიდან ფაქტობრივად ხელახლა მოხდა ლ.ჭ-ძის თანამდებობიდან გადაყენება და უკვე მოქმედი თავმჯდომარე თ.კ-ძე ხელახლა დაინიშნა თანამდებობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: 2009 წლის 8 ივლისის კრებით ლ. ჭ-ძის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას და ახალ თავმჯდომარედ თ. კ-ძის არჩევას ხელს აწერდა ამხანაგობის სულ 9 წევრი, ხოლო ამხანაგობის წევრთა უმრავლესობაა 11 წევრს პლუს ერთი. 2009 წლის 11 ნოემბრის კრებაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა ამხანაგობის ნება და ამხანაგობის წევრთა უმრავლესობამ, ანუ 12-მა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება ლ. ჭ-ძის გადაყენების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელეს არ გააჩნია მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესი, რაც კანონითაა განსაზღვრული აღნიშნული დავის დასაწყებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ლ.ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სრულად გაიზაირა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ჭ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და ისე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე არ უმჯელია.

სასამართლოს არ გამოურკვევის საქმისათვნის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიცაა ამხანაგობის წევრთა რაოდენობა. აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით გათავისუფლდა თუ არა კასატორი თავმჯდომარის თანამდებობიდან. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ლ.ჭ-ძე ამხანაგობის კრებაზე მიწვეული არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ლ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ზემოხსენებული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს შეუძლია, მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნების გაზიარების შესახებ ზოგადი მითითებით შემოიფარგლოს. კანონის ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებსა და სასამართლოს, როგორც პირის ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალების მიზნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. “მოკლე დასაბუთება” არ ნიშნავს ბლანკეტურ მითითებას. ამგვარი დასაბუთებით არ უნდა ირღვეოდეს 249-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, შეიძლება ეს შეფასებები და დასკვნები არ გაიმეოროს, მაგრამ დასაბუთება უნდა შეიცვალოს თითოეულ მათგანზე და არა ზოგადად გადაწყვეტილებაზე ან მის რომელიმე სტრუქტურულ ნაწილზე მითითებით.

“ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი კუთხით არ შეუფასებია. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე სასამართლოს, თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია ცალკეული მტკიცებულებები არასარწმუნოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა აისახოს, რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა სასამართლო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამგვარ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა დაასაბუთოს თავისი მოსაზრებები საქმის ფაქტობრივ გარემოებათა და მათ იურიდიულ შეფასებათა თაობაზე და გადაწყვიტოს დავა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.