Facebook Twitter

ას-1370-1207-2010 18 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ქ. გ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ბანკი ...” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,ბანკმა ...” სარჩელი აღძრა სასამართლოში ღ. გ-შვილისა და რ. მ-ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს ,,ბანკის ...” სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ღ. და ქ. გ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. და ღ. გ-შვილების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ღ. და ქ. გ-შვილებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით ქ. და ღ. გ-შვილებს მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად.

ქ. გ-შვილმა დადგენილ ვადაში ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, მაგრამ მას არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით ქ. გ-შვილს 3 დღით გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.

აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაჰბარდა 2011 წლის 8 თებერვალს, მიუხედავად ამისა, კასატორს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ქ. გ-შვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. ქ. გ-შვილმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ვადა 3 დღით. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაჰბარდა 2011 წლის 8 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 9 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 12 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.