¹ას-1371-1208-2010 24 თებერვალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ამხანაგობა “ბ.-ს” წევრები: თ. ც-ძე, რ. ც-ძე, ზ. ც-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ხ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ქმედების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ამხანაგობა “ბ.-ს” წევრებმა: თ. ც-ძემ, რ. ც-ძემ და ზ. ც-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ. ხ-შვილის მიმართ ქ.ბათუმში, ... ქ.¹25-29-ის მხარეს შენობის გამოჭრილი ფანჯრების ღიობის საკუთარი ხარჯებით ამოშენების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა “ბ.-ს” წევრებმა: თ. ც-ძემ, რ. ც-ძემ და ზ. ც-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ამხანაგობა “ბ.-ს” წევრების: თ. ც-ძის, რ. ც-ძისა და ზ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, რომლებმაც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა “ბ.-ს” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ამხანაგობა “ბ.-ს” წევრებმა: თ. ც-ძემ, რ. ც-ძემ და ზ. ც-ძემ განცხადებით მომართეს სასამართლოს და იშუამდგომლეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით ამხანაგობა “ბ.-ს” წევრებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსოწრებისათვის დადგენილი ვადა და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტათ ამხანაგობის წევრებს, რომ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიუღებლად პალატა არ იქნება უფლებამოსილი, განიხილოს წარმოდგენილი შუამდგომლობა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში სავალდებულოა მოპასუხის თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო შუამდგომლობას ვერ დააკმაყოფილებს.
საპროცესო ვადის გაგრძელებს შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ამხანაგობა “ბ.-ს” მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 8 თებერვალს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა “ბ.-ს” საკასაციო საჩივარი, ასევე განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა “ბ.-ს” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ამხანაგობა “ბ.-ს” წევრებმა: თ. ც-ძემ, რ. ც-ძემ და ზ. ც-ძემ განცხადებით მომართეს სასამართლოს და იშუამდგომლეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით ამხანაგობა “ბ.-ს” წევრებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტათ ამხანაგობის წევრებს, რომ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიუღებლად პალატა არ იქნება უფლებამოსილი, განიხილოს წარმოდგენილი შუამდგომლობა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში სავალდებულოა მოპასუხის თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო შუამდგომლობას ვერ დააკმაყოფილებს.
საპროცესო ვადის გაგრძელებს შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ამხანაგობა “ბ.-ს” მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 8 თებერვალს (იხ. ს.ფ.218).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ოთხდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 9 თებერვალს და, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს _ შაბათს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 14 თებერვალს, ორშაბათს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მოცემული საკასაციო საჩივრისა და სარჩელის გამოხმობის შესახებ ამხანაგობის წევრთა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ამხანაგობა “ბ.-ს” წევრების: თ. ც-ძის, რ. ც-ძისა და ზ. ც-ძის საკასაციო საჩივარი, ასევე სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.