ას-1373-1210-2010 14 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს «სს. ბანკი»
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. შ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 31 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს «სს. ბანკმა» მოპასუხე კ. შ-ძის მიმართ. განმცხადებელმა მოითხოვა გადახდის ბრძანების მიღება, რომლითაც მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრებოდა 1341.26 აშშ დოლარი (ტომი 1, ს.ფ. 3).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადახდის ბრძანებით სს «სს. ბანკის» ზემოაღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა, მოპასუხეს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისრა 1341.26 აშშ დოლარის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 8).
კ. შ-ძის შესაგებლის (პროტესტის) საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ დაადგინა მოცემული საქმის სასარჩელო წარმოების წესით განხილვა (ტომი 2, ს.ფ. 2-11, 12).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სს «სს. ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა, კ. შ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1341.26 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების გადახდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს «სს. ბანკსა» და მოპასუხე კ. შ-ძეს შორის 2003 წლის 7 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹13.... ... , რომლის თანახმად, კ. შ-ძეზე გაიცა სესხი 2360 აშშ დოლარის ოდენობით 24 თვის ვადით, ყოველთვიური 1%-ის დარიცხვით;
ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის უზრუნველსაყოფად გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება ¹1309-ა;
სესხი გაიცა 2005 წლის 1 დეკემბრამდე;
მსესხებელმა კ. შ-ძემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და გადააცილა შეთანხმებული კრედიტის დაფარვის გრაფიკებს;
სარჩელის შეტანის დროისათვის მოპასუხეს გააჩნდა 1341.26 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანება.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მან დაფარა მასა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და აღარ ჰქონდა დავალიანება, რამდენადაც მოპასუხემ ვერ წარადგინა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მართალია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარდგენილი ამონაწერით ანგარიშსწორების ანგარიშიდან დგინდებოდა, რომ მოპასუხემ ბოლო გადახდა აწარმოა 2007 წლის 29 ოქტომბერს, რაც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველია. დასახელებული მუხლით დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდესის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო გასული ხანდაზმულობის ვადა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე და მე-400 მუხლებზე და მიიჩნია, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი (ტომი 2, ს.ფ. 31-35).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. შ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს «სს. ბანკის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს «სს. ბანკსა» და მოპასუხე კ. შ-ძეს შორის 2003 წლის 7 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹1309-2003, რომლის თანახმად, კ. შ-ძეზე გაიცა 2360 აშშ დოლარის ოდენობის სესხი, 24 თვის ვადით, ყოველთვიური 1%-ის დარიცხვით;
სესხი გაიცა 2005 წლის 1 დეკემბრამდე;
მსესხებელმა კ. შ-ძემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და გადააცილა შეთანხმებული კრედიტის დაფარვის გრაფიკებს;
საზღვაო ბანკის ლიკვიდაცია მოხდა 2004 წლის 16 მარტს;
კ. შ-ძე სამსახურიდან გათავისუფლდა 2004 წლის 16 მარტს;
მოპასუხეს არანაირი დავალიანების არსებობა მოსარჩელის მიმართ არ უღიარებია.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 528.74 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოხდა თავად მოსარჩელე ბანკის მიერ ხელოვნურად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის მიზნით, რამდენადაც საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ ეს თანხა აპელანტმა ჩარიცხა ბანკის ანგარიშზე. აპელანტი აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობდა. შესაბამისად, არ დგინდებოდა, რომ აპელანტმა ბოლო გადახდა მოახდინა 2007 წლის 29 ოქტომბერს, საიდანაც მოხდებოდა ხანდაზმულობის ვადის ათვლა. დოკუმენტი, რომლითაც მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ კ.შ-ძემ ბოლო გადახდა განახორციელა 2007 წლის 29 ოქტომბერს, არ ადასტურებდა მითითებულ გარემოებას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ კ. შ-ძემ ბოლო გადახდა აწარმოა 2007 წლის 29 ოქტომბერს. შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის ათვლა ამ დროიდან არ უნდა მომხდარიყო. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს სესხი უნდა დაეფარა 2005 წლის 1 დეკემბრამდე. ამდენად, ბანკს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2005 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 31 ივლისს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასული იყო სახელშეკრულებო ურთიერთობებისათვის კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული (ტომი 2, ს.ფ. 94-101).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «სს. ბანკმა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სს «სს. ბანკს» სარჩელის შეტანის მომენტისათვის (2009 წლის 31 ივლისი) გაშვებული არ ჰქონდა სარჩელის ხანდაზმულობის ვადა. კონკრეტულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 2005 წლის 1 დეკემბრიდან, არამედ - 2007 წლის 29 ოქტომბრიდან, როდესაც კ. შ-ძის ანგარიშსწორების ანგარიშზე დაფიქსირა 528 აშშ დოლარის შეტანა. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
კასატორის განმარტებით, 2003 წლის 7 ოქტომბრის ¹13.... ... საკრედიტო ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მსესხებლის სახელფასო-საანაბრო ანგარიშიდან ¹36019... ... ... ... კრედიტის დაფარვის მიზნით მოახდინოს თანხის ჩამოწერა. მოცემულ შემთხვევაში ბანკმა ისარგებლა ამ პუნქტით მინიჭებული უფლებით, კ. შ-ძის გაფრთხილების შემდეგ, გამოიყენა სესხის დაფარვის აღნიშნული შესაძლებლობა. მოპასუხეს ბანკის ქმედება სადავოდ უნდა გაეხადა ცალკე სარჩელით ან შეგებებული სარჩელით, რაც მას არ განუხორციელებია.
კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ სათანადო მტკიცებულებად ამონაწერი ანგარიშსწორების ანგარიშიდან, რომელიც დამოწმებულია სს «სს. ბანკის» ლიკვიდატორის ხელმოწერითა და ბეჭდით და რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ კ. შ-ძის სახელფასო დავალიანებით გასტუმრებულ იქნა ¹13.... ... საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი (ტომი 2, ს.ფ. 105-112).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით სს «სს. ბანკის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «სს. ბანკის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს «სს. ბანკის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «სს. ბანკის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.