Facebook Twitter

ას-1377-1214-2010 17 მარტი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ა. ქ-ძე (წარმომადგენელი ლ. ნ-ძე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ. ბანკი»

მესამე პირი _ სს «ე-ქსი»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თ.ილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების და წესდების ახალი რედაქციის ბათილად ცნობა, აქციების სამართავად გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 11 სექტემბერს თ.ილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს «თ. ბანკმა» მოპასუხე ა. ქ-ძის მიმართ. მოსარჩელის საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა:

ა. სს «ე-ქსის» აქციონერის ა. ქ-ძის მიერ, 2009 წლის 25 აგვისტოს მიღებული სს «ე-ქსის» წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე წესდების ახალი რედაქციის ბათილად ცნობა;

ბ. გირავნობის საგნის _ ა. ქ-ძის საკუთრებაში არსებული სს «ე-ქსის» აქციების 49%-ის სამართავად გადაცემა (ტომი I, ს.ფ. 160-169, 321-325).

თ.ილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეზე მესამე პირის სტატუსით ჩაება სს «ე-ქსი» (ტომი I, ს.ფ. 269).

ამავე სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სს «თ. ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს «ე-ქსის» აქციონერის ა. ქ-ძის მიერ, 2009 წლის 25 აგვისტოს მიღებული, სს «ე-ქსის» წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული წესდების ახალი რედაქცია; სს «თ. ბანკს» სს «ე-ქსის» მიერ 2006 წლის 13 ივნისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ¹65... ... ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, სამართავად გადაეცა ა. ქ-ძის საკუთრებაში არსებული სს «ე-ქსის» აქციების 49%.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე უდავო ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენდა შემდეგი გარემოებები:

2006 წლის 13 ივნისს, სს «თ. ბანკსა” და შპს «ე-ქსს” (უფლებამონაცვლე _ სს «ე-ქსი”) შორის დაიდო ¹65... ... ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი პირობებით, ცალკეული ხელშეკრულებების საფუძველზე ბანკი მსესხებელზე გასცემდა საკრედიტო პროდუქტებს 20 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2026 წლის 13 ივნისამდე;

2007 წლის 18 ივლისს, სს «თ. ბანკსა” და ა. ქ-ძეს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს «თ. ბანკსა” და სს «ე-ქსს” შორის 2006 წლის 13 ივნისს დადებული ¹65... ... საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან და ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სს «თ. ბანკის” მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით ბანკის სასარგებლოდ დაგირავდა ა. ქ-ძის საკუთრებაში არსებული სს «ე-ქსის” აქციათა 25%. გირავნობის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით და რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. აქციების დაგირავების შესახებ გადაწყვეტილება დარეგისტრირდა აქციათა რეესტრში (რეგისტრატორის მიერ);

2007 წლის 3 აგვისტოს, სს «თ. ბანკსა” და ა. ქ-ძეს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს «თ. ბანკსა” და სს «ე-ქსს” შორის 2006 წლის 13 ივნისს დადებული ¹65... ... საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან და ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სს «თ. ბანკის” მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით ბანკის სასარგებლოდ დაგირავდა ა. ქ-ძის საკუთრებაში არსებული სს «ე-ქსის” აქციათა 30%. გირავნობის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით და რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. აქციების დაგირავების შესახებ გადაწყვეტილება დარეგისტრირდა აქციათა რეესტრში (რეგისტრატორის მიერ);

2007 წლის 18 ივლისის და 2007 წლის 3 აგვისტოს გირავნობის ხელშეკრულებების 6.11 პუნქტის თანახმად, დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით. ამავე ხელშეკრულებების 6.15 პუნქტის თანახმად, მოგირავნეს უფლება აქვს მოსთხოვოს დამგირავებელს ქონების მისთვის სამართავად გადაცემა, თუ ირკვევა, რომ დამგირავებელი ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოგირავნე უფლებამოსილია მიიღოს დაკმაყოფილება გირავნობის საგნიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციით ამ მუხლში მითითებული პირობების საფუძველზე;

2009 წლის 17 ივნისს, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ¹65... ... ხელშეკრულების საფუძველზე, სს «თ. ბანკსა” და სს «ე-ქსს” შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა _ 8 052 549 აშშ დოლარი, პროცენტი _ წლიური _ 20%, ვადა _ 2013 წლის 17 ივნისამდე. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მსესხებელმა მიიღო;

გირავნობის ხელშეკრულებების დადებისას ა. ქ-ძე წარმოადგენდა სს «ე-ქსის” აქციათა 100% მფლობელს და საზოგადოების დირექტორს;

გირავნობის ხელშეკრულებების დადებისას მოქმედი სს «ე-ქსის” წესდების 7.7 პუნქტის თანახმად, აქციონერთა საერთო კრებაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ ხმების უფრო დიდი უმრავლესობა არ არის განსაზღვრული კანონის ან ამ წესდების შესაბამისად;

სს «თ. ბანკის” მთავარი ბუღალტრის მიერ, 2006 წლის 31 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად, სს «ე-ქსის” დავალიანება 2009 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით, 2009 წლის 17 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე შეადგენს: ნაშთი _ 8 043 755.50 აშშ დოლარი, საპროცენტო ვალი _ 44 075.37 აშშ დოლარი, ჯარიმა _ 154 007.10 აშშ დოლარი. დავალიანების არსებობის და კრედიტის თანხის დაბრუნების თაობაზე 2009 წლის 12 აგვისტოს წერილით ეცნობა ა. ქ-ძეს, როგორც სს «ე-ქსის” დირექტორს;

2009 წლის 25 აგვისტოს, სს «ე-ქსის” 100% აქციათა მფლობელმა ა. ქ-ძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილელები შევიდა სს «ე-ქსის” წესდებაში. კერძოდ, წესდების 7.7 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმების დიდი უმრავლესობით 75%-ის (სამოცდათხუთმეტი) ოდენობით. წესდების მე-9 მუხლს დაემატა ახალი 9.8 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ამ საზოგადოების დირექტორი შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. წესდების 13.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: წესდება ძალაშია მისი ხელმოწერის და რეგისტრატორის მიერ დამოწმების მომენტიდან. ა. ქ-ძის გადაწყვეტილება დასამოწმებლად წარედგინა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შპს «თ.ილისის რეესტრში”.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, 261-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 254-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს; თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია ან წილი სამეწარმეო საზოგადოებაში, მაშინ დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ დაგირავებული აქციის მფლობელი გადაწყვეტილების მიღებისას ან გარიგების დადებისას ვალდებულია იმოქმედოს მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით, მას ეკრძალება მოგირავნის ინტერესების საწინააღმდეგო გარიგების დადება. ამასთან, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოგირავნეს უფლება აქვს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის საგნის რეალიზაციით ან შეთანხმების შემთხვევაში, მისი საკუთრებაში მიღებით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულებების თანახმად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესურულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესით, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია. ცვლილებების შეტანამდე მოქმედი, სს «ე-ქსის” წესდების მიხედვით, აქციონერთა საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღებოდა ხმათა უბრალო უმრავლესობით. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული იმას ნიშნავდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სს «თ. ბანკი” მოახდენდა გირავნობის საგნის _ აქციათა 55%-ის რეალიზაციას, მის შემძენს ექნებოდა გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა, რაც ერთიორად ზრდიდა და განსაზღვრავდა გირავნობის საგნის მაღალ ღირებულებას. სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებით კი აქციონერთა საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო კვორუმი გაიზარდა 75%-მდე, რაც თავისთავად ამცირებდა გირავნობის საგნის ღირებულებას. ამ პირობებში სახეზე იყო მოგირავნის ინტერესების შელახვა.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ შესაგებელში აღნიშნული პოზიცია, რომ სადავო გადაწყვეტილება არ ლახავდა მოგირავნის ინტერესებს და არ იწვევდა გირავნობის საგნის ღირებულების შემცირებას. სასამართლოს მითითებით, ა. ქ-ძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და წესდების ახალი რედაქცია ეწინააღმდეგებოდა მოგირავნის _ სს «თ. ბანკის” ინტერესებს. სამოქალაქო კოდექსის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი დამგირავებელ ა. ქ-ძეს ეკრძალებოდა მოგირავნის _ სს «თ. ბანკის” ინტერესების საწინააღმდეგო გარიგების დადება.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული წესდების ახალი რედაქცია ეწინააღმდეგებოდა კანონით _ სამოქალაქო კოდექსის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, იგი ცნობილ უნდა ყოფილიყო ბათილ გარიგებად.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულებების 6.1 პუნქტის თანახმად, დამგირავებელი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა გირაოს საგნის დაცვისა და კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის. ხელშეკრულების 6.11 პუნქტის თანახმად, დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით. 6.15 პუნქტის თანახმად, მოგირავნეს უფლება აქვს მოსთხოვოს დამგირავებელს ქონების მისთვის სამართავად გადაცემა, თუ ირკვევა, რომ დამგირავებელი ვერ ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს. სამოქალაქო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის, დამგირავებლის, ვალდებულებას. მითითებული ნორმა არ მოიაზრებს მხოლოდ გირავნობის საგნის _ მატერიალური ნივთის მოვლას და შენახვას და უპირველესად გულისხმობს ნებისმიერი სახის გირავნობის საგნის იმ მდგომარეობაში შენარჩუნებას, რომ არ მოხდეს მისი ფასის შემცირება. აღნიშნული ვალდებულება უშუალო კავშირშია და მიზნად ისახავს კრედიტორის ინტერესების დაცვას, ვინაიდან სწორედ გირავნობის საგნიდან უნდა მოხდეს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება. იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორის მოთხოვნა ვერ გაცდება გირავნობის საგანს და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ ფარავს მოვალის ვალდებულებას, გირავნობის საგნის ღირებულების შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სამოქალაქო კოდექსის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია, მაშინ დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით. ზუსტად ანალოგიურ დებულებას შეიცავს მხარეთა შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულებების 6.11 პუნქტი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამგირავებელმა არ შეასრულა და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი _ გირავნობის საგნის სათანადოდ შენახვის და მოვლის, მისი ღირებულების შენარჩუნების ვალდებულება და დადო კრედიტორის ინტერესების საწინააღმდეგო ცალმხრივი გარიგება. დამგირავებელმა, როგორც სააქციო საზოგადოების აქციების 100%-ის მფლობელმა, მიღებული გადაწყვეტილებით გაზარდა აქციონერთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო კვორუმი 75%-მდე. მოსარჩელე არის საზოგადოების აქციათა 55%-ის მოგირავნე. გირავნობის ხელშეკრულებების დადებისას, აქციონერთა კრებაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო აქციონერთა უბრალო უმრავლესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კრედიტორი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოახდენს გირავნობის საგნის რეალიზაციას, აქციების შემძენს ექნება გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების საშუალება. აღნიშნული, თავის მხრივ, გირავნობის საგნის მაღალ ფასს განაპირობებს. მიღებული გადაწყვეტილებით დამგირავებელმა გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო კვორუმის გაზრდით, შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ აქციათა 55%-ის მფლობელს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არ ექნება, რაც შესაბამისად ამცირებს გირავნობის საგნის ფასს. ამდენად, დამგირავებლის მოქმედებით შემცირდა გირავნობის საგნის ღირებულება, რაც სასამართლომ გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი და კანონით განსაზღვრული, ზემოთმითითებული ვალდებულების დარღვევად მიიჩნია.

რამდენადაც დამგირავებელმა არ შეასრულა გირავნობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე გირავნობის ხელშეკრულებების 6.15 პუნქტის და სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გირავნობის საგნის მისთვის სამართავად გადაცემა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გირავნობის საგნის სამართავად გადაცემის მოთხოვნის უფლებას, მოგირავნეს ანიჭებდა ასევე სამოქალაქო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გირავნობის ხელშეკრულებები დაიდო სს «თ. ბანკსა” და სს «ე-ქსს” შორის, 2006 წლის 13 ივნისს, დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ¹65... ... ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე დადებული დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით. გირავნობის ხელშეკრულებების 4.1 პუნქტის თანახმად, გირავნობის ხელშეკრულება ძალაშია საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ¹65... ... ხელშეკრულების და მის საფუძველზე დადებული დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. შესაბამისად, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის ზემოთმითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოვალის _ სს «ე-ქსის” მიერ შესრულებამდე გადაცემის თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 338-345).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 362-372).

თ.ილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ა. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თ.ილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. მან აღნიშნა, რომ ეს გარემოებები სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, დავის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 316-ე, 317-ე, 261-ე მუხლებით და სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ნორმათა სწორი განმარტება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი (ტომი II, ს.ფ. 58-69).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ა. ქ-ძის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაზარდა საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო კვორუმი, რითიც შემცირდა გირავნობის საგნის ფასი. გირავნობის ხელშეკრულებით წარმოშობილი მოგირავნის უფლება იურიდიული ბუნებით აქცესორული ხასიათისაა და მისი განხორციელება უწინარესად დამოკიდებულია ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებაზე. მოცემულ შემთხვევაში დამგირავებელს (მოვალე) საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ აქციონერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისად წესდების ახალი რედაქციის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და ამავე კოდექსის 54-ე მუხლზე. კასატორი სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ ნაწილში ასევე არ იზიარებს, რადგან ა. ქ-ძის მიერ 2009 წლის 25 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება არანაირად არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას, მით უფრო, იგი არ წარმოადგენს მოგირავნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ მოქმედებას. დებულება იმის შესახებ, რომ ბათილია კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების დარღვევით დადებული გარიგებანი, არის ბათილობის საერთო ცნების გამომხატველი დებულება. აღნიშნულ საფუძველზე მითითებისას სასამართლომ უნდა მოიყვანოს ცალკეული გარიგებისათვის დამახასიათებელი სპეციალური საფუძვლები, რასაც მოცემული დავის განმხილველი სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ა. ქ-ძემ ცვლილება წესდებაში განახორციელა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კანონი არ კრძალავს წესდების დამოწმებას დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ. აქციონერის გადაწყვეტილება წესდების 13.1 პუნქტში შეტანილი ცვლილებისა და 13.4, 13.5 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, რეგისტრირებულია კომპანიის დამოუკიდებელ რეგისტრატორთან, რომელიც კანონის მიხედვით ცვლის სამეწარმეო რეესტრს და ძალაშია ამ ცვლილების რეგისტრაციის დღიდან ანუ 2009 წლის 25 აგვისტოდან. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომელიც შეეხება დადგენილი ფორმის დაუცველობის გამო ცვლილების ბათილად ცნობას, საფუძველს მოკლებულია (ტომი II, ს.ფ. 78-85).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ქ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ქ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ა. ქ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.