ას-1378-1215-2010 14 მარტი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს «ე. ჯ-ია» (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ლ. ბ-ძე, ა. უ-შვილი, ნ. მ-იშვილი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «ე. ჯ-იამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ძის, ანნა უ-შვილისა და ნ. მ-იშვილის მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინების მოთხოვნით, კერძოდ, მოითხოვა, რომ ლ. ბ-ძეს დაეკისროს 895.29 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ნ. მ-იშვილს - 966.48 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო ა. უ-შვილს – 895.82 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხეები არიან სს «ე. ჯ-იის» აბონენტები, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება საერთო მრიცხველის ჩვენებით, რომლის ჩვენებას აკლდება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბატალიონის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ვინაიდან გააჩნია ცალკე მოწესრიგებული აღრიცხვის კვანძი. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონის მიმართ ორჯერ შედგა აქტი მრიცხველის გაუმართაობის შესახებ, რომელსაც, დაერიცხა აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, რის შესაბამისად ჩასწორდა მოპასუხეების სააბონენტო ბარათზე დარიცხული დავალიანება. მოპასუხეებმა ნაწილობრივ შეასრულეს ვალდებულება, გადაიხადეს დავალიანების ნაწილი, რითაც აღიარეს დავალიანების არსებობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს, უარი ეთქვას სარჩელს დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლით: სს «ე. ჯ-იას» მათთან არა აქვს დადებული რაიმე შეთანხმება საერთო მრიცხველით ელექტროენერგიის აღრიცხვის შესახებ, მათ ენერგოკომპანიის მოთხოვნით საკუთარი ხარჯით დაამონტაჟეს ინდივიდუალური მრიცხველები, რომელზეც აღრიცხული ელექტროენერგიის საფასურს სრულად იხდიან. საერთო მრიცხველზე მიერთებულია სამედიცინო ბატალიონი, რომლის მრიცხველის გაუმართაობის გამო ორჯერ შედგა აქტი, შესაბამისად, საერთო მრიცხველზე აღრიცხული ხარჯის დავალიანება გამოწვეულია ამ ობიექტის გაუმართავი მრიცხველების მიერ ელექტროენერგიის არასრულად აღრიცხვით. სადავო თანხა არის სამედიცინო ბატალიონის მიერ დახარჯული ელექტროენერგია, რომლის გადახდის ვალდებულებაც მათ არ ეკისრებათ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სს «ე. ჯ-იის» სარჩელი ლ. ბ-ძის, ნ. მ-იშვილისა და ანნა უ-შვილის მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «ე. ჯ-იამ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სს ,,ე. ჯ-იის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ ლ. ბ-ძე 2007 წლის 3 ივლისიდან არის სს «ე. ჯ-იის” ¹411... ... აბონენტი, ელექტროენერგიას მოიხმარს მცხეთის რაიონის სოფელ ს-ში, მისი დავალიანებაა 894.79 ლარი. მოპასუხე ნ. მ-იშვილი 2007 წლის 3 ივლისიდან არის სს «ე. ჯ-იის” ¹411... ... აბონენტი, ელექტროენერგიას მოიხმარს მცხეთის რაიონის სოფელ ს-ში და სააბონენტო ბარათის მიხედვით მისი დავალიანებაა 965.98 ლარი. მოპასუხე ანნა უ-შვილი 2007 წლის 3 ივლისიდან არის სს «ე. ჯ-იის” ¹4110... ... აბონენტი, ელექტროენერგიას მოიხმარს მცხეთის რაიონის სოფელ ს-ში და სააბონენტო ბარათის მიხედვით მისი დავალიანებაა 895.82 ლარი. სს «ე. ჯ-იის” აბონენტია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონი, რომელიც ელექტროენერგიას მოიხმარს მცხეთის რაიონის სოფელ ს-ში და მის მიერ დახარჯული ელექტროენერგია აღირიცხება საერთო მრიცხველზე. მრიცხველი ¹52... საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონს დაუმონტაჟდა 2008 წლის 24 ნოემბერს, რის შესახებაც შედგა განაწესი ¹578. 2009 წლის 19 მარტს სს «ე. ჯ-იამ” შეადგინა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი ¹003... საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონის მიმართ, რომელშიც მითითებულია, რომ მრიცხველი მუშაობს შენელებით, მიერთების სქემა სწორია, ელექტრომრიცხველის ფაზის ელემენტი დაზიანებულია, არ აღრიცხავს მოხმარებულ ელექტროენერგიას. აღნიშნული აქტის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სს «ე. ჯ-იის” დამრიცხავი კომისიის გადაწყვეტილებით, დაერიცხა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება 2750.48 ლარის ოდენობით. 2009 წლის 19 მარტის აქტის შედგენის შემდეგ შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონის მრიცხველი და ¹461 განაწესის თანახმად, 2009 წლის 25 მარტს დაუმონტაჟდა ახალი მრიცხველი ¹40007057. პალატამ მიუთითა, რომ 2009 წლის 23 ოქტომბერს სს «ე. ჯ-იის” მიერ შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ¹30... თანახმად, ფ-ის დ/ტრ დაზიანებულია, მრიცხველის მაგნიტოიმპულსი და ელექტრომრიცხველის მექანიზმიც დაზიანებულია, ციფრები არ გადააქვს. აღნიშნული აქტის შედგენის შემდეგ 2009 წლის 3 ნოემბერს სამხედრო ნაწილის მრიცხველი შეიცვალა, რაც დასტურდება განაწესით ¹1846, ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ხსენებული აქტის საფუძველზე სამხედრო ბატალიონს დაერიცხა დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება 2353.90 ლარის ოდენობით. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეების სააბონენტო ბარათების მიხედვით 2010 წლის 11 მარტს სს «ე. ჯ-იამ” ორჯერ შეასწორა მოპასუხეებისათვის დარიცხული დავალიანება, კერძოდ, დავალიანება შეუმცირა 205.26, 154.90 და 59.46 ლარით, თითოეულ მოპასუხეს საერთო ჯამში 419.62 ლარით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონის მიერ მოხმარებული ელენერგია აღირიცხება საერთო მრიცხველზე და რომ სასამართლომ არ გამოიკვლია სამედიცინო ბატალიონის მიერ დახარჯული ელენერგიის ინდივიდუალურად აღრიცხვის ფაქტი ¹27058 მრიცხველის მეშვეობით. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოპასუხეების მიერ შესაგებელზე თანდართული იყო დოკუმენტები, მათ შორის განაწესი ¹578, რომლითაც აბონენტები უთითებდნენ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონის მიერ მოხმარებული ელენერგია აღირიცხებოდა საერთო მრიცხველზე, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და არც აღნიშნული მტკიცებულების გამაბათილებელ გარემოებებზე მიუთითებია, შესაბამისად, მიიჩნია, რომ სასამართლო სამოქალაქო სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, თავისი ინიციატივით გამოეკვლია ის გარემოებები, რაზეც მხარეს არ მიუთითებია სასარჩელო განცხადებასა თუ შესაგებელში. პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო, წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ აპელანტს არც ასეთ საპატიო მიზეზზე მიუთითებია სააპელაციო საჩივარში და არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია. Aაქედან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სამედიცინო ბატალიონის მიერ მოხმარებული ელენერგია აღირიცხებოდა ინდივიდუალურად და არა საერთო მრიცხველის მეშვეობით.
პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად დაადგენა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ 2008 წლის დეკემბრის შემდეგ მოპასუხისათვის დარიცხული თანხა შეადგენდა სხვაობას საერთო მრიცხველის ჩვენებასა და მასზე მიერთებული აბონენტების საკონტროლო მრიცხველების ჩვენებებს შორის და გამოწვეული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონის აღრიცხვის კვანძის გაუმართაობით. პალატა დაეთანხმა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იხელმძღვანელა «ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის ¹9 დადგენილების მე-2 მუხლის «ბ” პუნქტით და მიუთითა, რომ მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მათ მიერ დახარჯული ელექტროენერგია აღირიცხება ამ ნორმის შესაბამისად დამონტაჟებულ მრიცხველზე.
სააპელაციო პალატამ მოპასუხეების სააბონენტო ბარათების საფუძველზე დადასტურებულად ცნო, რომ 2007 წლის 3 ივლისიდან მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დანახარჯის აღრიცხვა ხორციელდება კომუნალური დარიცხვის მეთოდით, რაც აისახებოდა ასევე მათთვის გაგზავნილ ქვითრებზე, რაც მიუთითებდა სს «ე. ჯ-იასა” და მოპასუხეებს შორის ამ პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე, იხელმძღვანელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის მიხედვით განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება, გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად) და მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ დახარჯული ელექტროენერგია აღირიცხება ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე საერთო ე.წ კომუნალური მრიცხველით, ხოლო მათ გარდა საერთო მრიცხველზე აღირიცხება ასევე თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია.
Pპალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ საერთო მრიცხველზე დაფიქსირებულ ჩვენებას აკლდება სამხედრო ბატალიონის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის მაჩვენებელი და დარჩენილი თანხა ნაწილდება საერთო მრიცხველის აბონენტებზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, ასევე ეწინააღმდეგებოდა თავად მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ თავდაცვის სამინისტროსათვის ელექტროენერგიის აღრცხვიანობის შემოწმების აქტების საფუძველზე დარიცხული აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასური გამოაკლო მოპასუხეებისათვის დარიცხულ დავალიანებას. პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეები სს «ე. ჯ-იის” მიერ მიწოდებულ ელექტროენერგიას მოიხმარენ 2007 წლის 3 ივნისიდან, რის შემდეგაც თითოეულის ყოველთვიური ხარჯი კომუნალური დარიცხვის გათვალისწინებით შეადგენს მაქსიმუმ 52 ლარს. მოპასუხეების ხარჯი მკვეთრად მომატებულია 2008 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც სამედიცინო ბატალიონს დაუმონტაჟდა მრიცხველი. ახლად დამონტაჟებული მრიცხველი მოშლილი იყო და სწორად ვერ აღრიცხავდა. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის დეკემბრის შემდეგ მოპასუხეებისათვის დარიცხული თანხა, რაც შეადგეს სხვაობას საერთო მრიცხველის ჩვენებასა და მასზე მიერთებული აბონენტების მრიცხველების ჩვენებებს შორის, გამოწვეულია თავდაცვის სამინისტროს ბატალიონის აღრიცხვის კვანძის გაუმართაობის მიზეზით მათ მრიცხველზე აღურიცხავი ელექტრეონერგიის მაჩვენებლით, რადგან ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტით დადასტურებული არ არის, მოპასუხეების აღრიცხვის კვანძის მოუწესრიგებლობის გამო, ელექტროენერგიის აღურიცხაობით გამოწვეული დანაკლისი.
პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივ გადახდა არ ნიშნავდა ენერგოკომპანიის ფულადი მოთხოვნის სრულად აღიარებას და მხარეებს შორის ვალის არსებობის შესახებ შეთანხმების დადებას. «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” შესაბამისად, ენერგოკომპანია უფლებამოსილია, დარიცხული საფასურის გადაუხდელობის გამო, აბონენტს შეუწყვიტოს ელექტროენერგიის მიწოდება, რაც წარმოადგენს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებას. პალატამ იხელმძღვანელა «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-12 მუხლით, რომლის თანახმად დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა აღიარა მოთხოვნის არსებობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით), შესაბამისად, მიიჩნია, რომ დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმების გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. პალატამ მიუთითა, რომ, ამ ნორმიდან გამომდინარე, არამართლზომიერადაა მიჩნეული ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ხანდაზმული დავალიანების გადაუხდელობის გამო და ეს მიჩნეულია დავალიანების აღიარების მიზნით აბონენტისადმი განხორციელებულ იძულებით ქმედებად, ხოლო აბონენტის მიერ ამ დავალიანების გადახდა არ არის მიჩნეული ვალის არსებობის აღიარებად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევების მსგავსად მოპასუხეების მიერ მათ ქვითრებში ასახული დავალიანების ნაწილის გადახდა, არ ნიშნავს მათ მიერ მთლიანი დავალიანების არსებობის ნამდვილობის აღიარებას, რადგან აღნიშნული თანხა არ არის უშუალოდ მათ მიერ დახარჯული ელექტრეონერგიის საფასური, ხოლო, ელექტროენერგიის მოსალოდნელი შეწყვეტის გამო, მოთხოვნილი დავალიანების ნაწილის გადახდა არ ნიშნავს დავალიანების გადახდის ვალდებულების აღიარებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს «ე. ჯ-იამ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად შეაფასა, კერძოდ, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია აღირიცხება საერთო მრიცხველით. სამედიცინო ბატალიონის მიერ მოხმარებული ელენერგია აღირიცხება ინდივიდუალურად, ინდივიდუალური ¹270588 მრიცხველის მეშვეობით. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ¹578 განაწესი ¹52... მრიცხველის დადგმის თაობაზე, რომელიც დამონტაჟებულ იქნა 2008 წლის 24 ნოემბერს, წარმოადგენს შპს «ჯეოსელის» ინდივიდუალურ მრიცხველს. ამის შესახებ მითითებულია სწორედ ¹578 განაწესშიც. შპს «ჯეოსელი» სამედიცინო ბატალიონის ქვეაბონენტია. ამდენად, სამედიცინო ბატალიონის მიერ მოხმარებული ელენერგია «ე. ჯ-იას» შემოსვლის დღიდანვე აღირიცხებოდა ინდივიდუალურად, რაც სასამართლომ არ გამოიკვლია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საერთო მრიცხველზე დაფიქსირებულ ჩვენებას აკლდება სამედიცინო ბატალიონის მიერ დახარჯული ელენერგიის მაჩვენებელი და დარჩენილი თანხა ნაწილდება საერთო მრიცხველის აბობენტებზე, მოპასუხეების დარიცხულ დავალიანებას გამოაკლო 419.62 ლარი. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონის მრიცხველი დაზიანდა ორჯერ, რაზედაც შედგა ელექტროენერგიის არღიცხვინობის შემოწმების აქტები: 2009 წლის 19 მარტს – 3003... და 2009 წლის 23 ოქტომბერს – 30..., თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების 30-ე მუხლი, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონს სს «ე. ჯ-იას» ცენტრალური დამრიცხავი კომისიის მიერ ¹003... აქტის საფუძველზე დაერიცხა მის მიერ მრიცხველის დაზიანების პერიოდში მოხმარებული და მრიცხველის მიერ აღურიცხავი 19925.23 კვ.ტ/სთ 2750.48 ლარის ელექტროენერგია და ¹0... აქტის საფუძველზე 2353.90 ლარის 17052.32 კვ.ტ/სთ ელექტროენერგია, შესაბამისად, შესწორდა მოპასუხეებისათვის დარიცხული თანხის ოდენობაც და სარჩელის შეტანის პერიოდისათვის ენერგოკომპანია მოპასუხეებს ედავებოდა მათ მიერ რეალურად მოხმარებული ელენერგიის ღირებულებას.
სააპელაციო სასამართლოს არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზეც, რომ 2008 წლის დეკემბრის შემდეგ მოპასუხეებისათვის დარიცხული თანხა შეადგენს სხვაობას საერთო მრიცხველის ჩვენებასა და მასზე მიერთებული აბონენტების საკონტროლო მრიცხველების ჩვენებებს შორის და გამოწვეულია თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონის აღრიცხვის კვანძის გაუმართაობის მიზეზით. სინამდვილეში, აბონენტების საკონტროლო მრიცხველები არ არსებობს, მოპასუხეები არიან კომუნალური (უმრიცხველო), საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტები. გაუგებარია სასამართლოს მოსაზრება, როდესაც იგი არ ეთანხმება ენერგოკომპანიის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობას და აუქმებს დარიცხულ თანხას, თუმცა არ უთითებს, თუ რამდენის მოთხოვნა იქნებოდა სწორი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ვალის არსებობის აღიარებისა და სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არასწორია. მოპასუხე მხარე იხდიდა აღრიცხული ელენერგიის საფასურს და არასოდეს ხელშეკრულების ფორმა თუ პირობა არ გაუპროტესტებია რაც, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარებას ნიშნავს. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, დადგენილია, რომ მოპასუხეებს დავალიანება ერიცხებათ 2008 წლის დეკემბრიდან. ამდენად, სარჩელის ხანდაზმულობის 3 - წლიანი ვადა დაცულია. ენერგოკომპანიის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხანდაზმულად, ვინაიდან სს «ე. ჯ-ია» არსებობს და ფუნქციონირებს 2007 წლის ივლისიდან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 248-ე მუხლის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით, ვინაიდან მოპასუხეები არიან კომუნალური აბონენტები, რომლებთან ურთიერთობაც რეგულირდება სემეკის 2007 წლის 30 მაისის ¹9 დადგენილებით, ხოლო, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-3 მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები» არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომელსაც არეგულირებს «ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველების გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ» საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის ¹9 დადგენილება. მართალია, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სემეკის 2007 წლის 30 მაისის ¹9 დადგენილება, მაგრამ მან არასწორად შეაფასა მითითებული დადგენილების მე-12 მუხლი, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და სამართლებრივი შეფასება თითქმის მთლიანად აგებულია სემეკის 2007 წლის 30 მაისის ¹9 დადგენილების მე-12 მუხლზე. მითითებული მუხლი გამოიყენება სხვა სამართლებრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად და სასამართლოს მიერ მითითებული 5-35% შეეხება მხოლოდ ელენერგიის დანაკარგებს, რაც მოცემულ შემთხვევას არ უკავშირდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით სს «ე. ჯ-იას» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინება და სს «ე. ჯ-იის» სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით (სფ.44) მოპასუხე მხარის _ ლ. ბ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე გააერთიანა ამავე სასამართლოში არსებული შემდეგი სამოქალაქო საქმეები ერთ წარმოებად: სს «ე. ჯ-იის» სარჩელი ლ. ბ-ძის მიმართ 895.29 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე, სს «ე. ჯ-იის « სარჩელი ნ. მ-იშვილის მიმართ 966.48 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების, სს «ე. ჯ-იის» სარჩელი ანნა უ-შვილის მიმართ 895.82 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ სს «ე. ჯ-იის» სარჩელის საფუძველზე სასამართლოში აღძრული საქმეები სამართლებრივად ერთმანეთთანაა დაკავშირებული და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები ერთგვაროვანია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ არის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაკისრება, რაც ემყარება იმ ფაქტს, რომ ისინი არიან ერთი და იგივე კომუნალური მრიცხველის აბონენტები. რაიონულმა სასამართლომ სს «ე. ჯ-იის « სარჩელები არ დააკმაყოფილა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სს «ე. ჯ-იამ» სააპელაციო საჩივრით სადავო გახადა რა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ:
პირველი საპროცესო მოქმედება, რაც სააპელაციო სასამართლომ უნდა შეასრულოს სააპელაციო საჩივრის მიღების შემდეგ არის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი შეიძლება მიღებულ იქნეს წარმოებაში. ერთ-ერთ ასეთ წინაპირობას წარმოადგენს, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეესაბამება თუ არა კანონით გათვალისწინებულ ოდენობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დავის საგნის ღირებულება განსაზღვრა მოპასუხე მხარეთათვის თითოეულის შესაბამისი დავის საგნის ღირებულებათა შეკრების საფუძველზე, შემდგომ კი საერთო ღირებულებიდან გამოითვალა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 4 %-ის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა _ გადასახდელი თანხით. აღნიშნულის მიხედვით სს «ე. ჯ-იის» საჩივრის დავის საგნის ღირებულება ლ. ბ-ძის მიმართ წარმოადგენს 895, 29 ლარს, ნ. მ-იშვილის მიმართ _ 966,48 ლარს, ხოლო ანნა უ-შვილის მიმართ _ 895, 82 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ დავის საგნის ღირებულება არც ერთ შემთხვევაში აღემატება 1 000 ლარს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სს «ე. ჯ-იის» სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არასწორად მიიღო.
სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას არ გაუთვალისწინებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს საქმეში ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მითითებული ნორმა ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური საპროცესო ეკონომიის პრინციპისა. აღნიშნული მუხლით, კანონმდებელი საქმის განხილვის დაჩქარებისა და დროულად გადაწყვეტის მიზნით საპროცესო სუბიექტებს უფლებას აძლევს, გააერთიანონ ერთ სასამართლო წარმოებაში არსებული რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე. სარჩელების ამგვარ გაერთიანებას, საფუძვლად უდევს დროის ეკონომიის პრინციპი, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მნიშვნელოვან ანგარიშს უწევს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მეოთხე ნაწილით სარჩელების გაერთიანება გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიურობის პრინციპით, რომელიც, უპირველესად, მოდავე მხარეთა ინტერესებშია. ამავდროულად, ის გავლენას ვერ მოახდენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრაზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გაერთიანებულია რამდენიმე სხვადასხვა სარჩელი, რომლებზედაც დამოუკიდებელი სამოქალაქო წარმოება მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ სარჩელების შეფასება ცალ-ცალკე უნდა მოხდეს და დავის საგნის ღირებულებაც განისაზღვრება არა მოთხოვნების შეჯამებული ფასით, არამედ თითოეულ სარჩელის დამოუკიდებელი ღირებულებით.
საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული შემთხვევა განსხვავდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისაგან, რომლითაც დაშვებულია ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნის გაერთიანება და რომელსაც სამოქალაქო საპროცესო სამართალი სარჩელების ობიექტურ გაერთიანებად მოიხსენიებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება გაერთიანებული მოთხოვნების ჯამით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისას არასწორად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის შესაბამისად სს «ე. ჯ-იის» სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ე. ჯ-იის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინება და სს «ე. ჯ-იის» სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.