¹ას-1383-1219-2010 28 თებერვალი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ზ. ს-ოვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. მ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ს-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. მ-შვილის მიმართ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მხარეებს შორის 2008 წლის 18 იანვარს დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ვინაიდან, მოპასუხე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მხარეთა ურთიერთობები დაიძაბა. მოპასუხე მას არ უზრუნველყოფს საკვებითა და სათანადო მკურნალობით, მოპასუხემ 2008 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების მხოლოდ ერთი პირობა შეასრულა ჯეროვნად და თავის სახელზე აღრიცხა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხეს არ დაურღვევია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და იგი რეგულარულად უზრუნველყოფს მოსარჩელეს საკვებით, მედიკამანტებითა და სხვა აუცილებელი პირობებით. მოსარჩელე ხელოვნურად ცდილობს, მიაღწიოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ს-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-ოვამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ზ. ს-ოვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, 2008 წლის 18 იანვარს ზ. ს-ოვასა და ბ. მ-შვილს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ზ. ს-ოვა და ბ. მ-შვილი ცხოვრობენ ერთმანეთის მეზობლად. მოსარჩელე ქ. თბილისში, ... მ/რ-ის ¹50 კორპუსში მდებარე ¹13 ბინაში, ხოლო მოპასუხე კი ცხოვრობს ამავე მისამართზე ¹14 ბინაში. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის ბინაზე საკუთრების უფლება გადაეცა ბ. მ-შვილს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მოპასუხე არ ასრულებდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ასევე ბ. მ-შვილი და მისი ოჯახის წევრები მოსარჩელეს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მოწმეების ლარისა მილევსკაიასა და სერგეი დავიდოვის, ჩვენებების გაუზიარებლობის თაობაზე. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მოწმეები და საქმეში მონაწილე მხარეები ცხოვრობენ სხვადასხვა მისამართზე და მათ ბ. მ-შვილის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობების შეუსრულებლობის შესახებ იცოდნენ მხოლოდ ზ. ს-ოვასგან გადაცემული ინფრომაციით, შესაბამისად, მიიჩნია, რომ მათ ჩვენებას ვერ ექნებოდა უტყუარი მტკიცებულებითი მნიშვნელობა იმ მოწმეების ჩვენებებთან შედარებით, რომლებთაც მხარეებთან ყოველდღიური ურთიერთობის გამო, უშუალოდ შეეძლოთ სადავო გარემოებების გადმოცემა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად გაიზიარა მოწმეების - ხ. ჯ-ძისა და ნ. ტ-ძის ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც მოპასუხე რეგულარულად ზრუნავდა მოსარჩელეზე და მას უზრუნველყოფდა როგორც პროდუქტებით, ისე მზა საკვებით. პალატა ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის მოსაზრებას რჩენის ვალდებულების შესრულების მტკიცებულებად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრების გაზიარების თაობაზე, რომლებიც ცხადყოფდნენ, რომ ბ. მ-შვილი რეგულარულად იხდიდა და იხდის ზ. ს-ოვას კომუნალური მომსახურების ხარჯებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სწორად არ გაიზიარა შსს ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების 2009 წლის 18 ივნისისა და 2010 წლის 19 თებერვლის წერილები, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის შეურაცხყოფის მიყენების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან მათში არაა საუბარი შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ს-ოვამ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ შესძლო დაედასტურებინა, მოპასუხის მიერ რჩენის ვალდებულების შეუსრულებლობისა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. პალატამ გამოიყენა ასევე სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლი და 949-ე მუხლის პირველი ნაწილი, მიიჩნია, რომ მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულებები არ დაურღვევია, რის გამოც მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებასა და ხელშეკრულების გაუქმებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. ს-ოვამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 941-950-ე მუხლები და დაუსაბუთებლად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არ ასრულებდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ასევე ისიც, რომ მოპასუხე ბ. მ-შვილი და მისი ოჯახის წევრები აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მოწმეების - ლარისა მილევსკსიასა და სერგეი დავიდოვის ჩვენებები, ასევე უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი გაფრთხილების ოქმი. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარადაა დადასტურებული მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობა და ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით ზ. ს-ოვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ოვას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა, იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ზ. ს-ოვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზიანიდა ს-ოვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.