¹ას-1384-1220-2010 12 მაისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს «... ჯორჯია» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ძ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ძ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «.... ჯორჯიას» მიმართ და მოითხოვა 1987 წლის გამოშვების პ-170 ტნპტმ 250-10 პ-18357 მარკის (250 კვტ, 3-50 ფაზა) ტრანსფორმატორის მოსარჩელისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით: 1990 წლის 24 ოქტომბერს ოთხი ფიზიკური პირის, მათ შორის, ვ.ძ-იას მიერ დაფუძნდა კოოპერატივი «... ...». კოოპერატივმა საკუთარი საქმიანობისათვის შეიძინა სადავო ტრანსფორმატორი, რომელიც ელექტროენერგიით სოფელ ....ს მოსახლეობის მომმარაგებელ ტრანსფორმატორთან ერთად გაიძარცვა.
1992-93 წლებში კოოპერატივმა კუთვნილი ტრანსფორმატორი გაარემონტა, მეორე 60 კვტ სოფლის მომმარაგებელი ტრანსფორმატორი კი დარჩა გაურემონტებელი. სოფლის მოსახლეობის თხოვნით კოოპერატვიმა ნება დართო სოფლის მოსახლეობას, ელექტროენერგია მიეღო სადავო ტრანსფორმატორის მეშვეობით, თუმცა მოგვიანებით მოპასუხემ მოსარჩელესთან შეუთანხმებლად მოხსნა იგი და სხვაგან დაამონტაჟა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ნივთი მისი საკუთრებაა, ხოლო მოსარჩელეს მისი შეძენის დამდასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ძ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს «.... ჯორჯიას» დაევალა მოსარჩელისათვის მის უკანონო მფლობელობაში არსებული 1987 წლის გამოშვების პ-170 ტნპტმ 250-10 პ-18357 მარკის (250 კვტ, 3-50 ფაზა) ტრანსფორმატორის დაბრუნება, მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის _ 150 ლარის მოპასუხის სასარგებლოდ ანაზღაურება, ხოლო ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 300 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს «... ჯორჯიას» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ადვოკატის ხარჯის _ 300 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სს «.... ჯორჯიას» ვ. ძ-იას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 100 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ კოოპერატივ ,,.... ....” მიერ ტრანსფორმატორის შეძენის ფაქტი მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლება დადგინდეს და აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებაა ანგარიშფაქტურა, სალაროს შემოსავლის ორდერი, რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსი მოძრავი ნივთის შეძენისათვის სავალდებულო წერილობითი დოკუმენტების შედგენას არ ითვალისწინებს და მოძრავი ნივთის შეძენასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ გამოვლენილი ნებისა და ფაქტების დადასტურება მოწმეთა ჩვენებებით შესაძლებელია.
საქმეზე წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ვ. ძ-იამ საადვოკატო მომსახურეობისათვის მ. მ-ვას გადაუხადა 100 ლარი.
სასამართლომ იხლემძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 160-ე, 164-ე მუხლებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, მე-4, 103-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული სადავო გახდება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად და სადავო ნივთზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულება მოსარჩელე მხარემ სადავო გახადა. აღნიშნული მტკიცებულება არ შეიცავს ტრანსფორმატორის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელ მონაცემებს, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებითა და მოწმეთა ჩვენებებით სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დასტურდება, ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი სასამართლომ არასწორად განმარტა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ, ვინაიდან ვ.ძ-იას სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, ამასთან, მან გადაიხადა ადვოკატის მომსახურეობისათვის 100 ლარი, ვ.ძ-იას სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის მის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების თანხის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს «.... ჯორჯიამ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადასტურებულად ის ფაქტი, რომ სადავო ტრანსფორმატორი წლების წინ შეიძინა ვ.ძ-იამ. პალატამ სადავო ნივთის მოპასუხისათვის კუთვნილება დადასტურებულად არ ჩათვალა, რადგან მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არ იყო მითითებული ნივთის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ასეთი ნიშნები არ იყო მითითებული არც მოსარჩელის დოკუმენტაციაში. ამასთან, კოოპერატივის მიერ ტრანსფორმატორის შეძენის დასადასტურებლად მხარეს უნდა წარმოედგინა შესაბამისი ხელშეკრულება, ანგარიშფაქტურა, შემოსავლის ორდერი და სხვა.
სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ სადავო ტრანსფორმატორის შეძენა არასწორად დაადგინა მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და მოსარჩელის სასარგებლოდ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის დანაწესი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ვ.ძ-იას სადავო ნივთზე მფლობელობა მოპოვებული არ აქვს.
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლი და გასცდა აპელანტის მოთხოვნას, როდესაც იმსჯელა ადვოკატის ხარჯების დაკისრებაზე, რაც მხარეს არ მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «.... ჯორჯიას» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ განსახილველი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სრულად და ყოველმხრივ არ გამოკვლია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, კერძოდ:
ვ. ძ-ია განსახილველ დავაზე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა სს «.... ჯორჯიას» უკანონო მფლობელობიდან 1987 წლის გამოშვების პ-170 ტნპტმ 250-10 პ-18357 მარკის (250 კვტ, 3-50 ფაზა) ტრანსფორმატორის გამოთხოვას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და დაადგინა, რომ კოოპერატივმა «... ....» კოოპერატივ «....ისაგან» 25000 მანეთად შეიძინა 1987 წლის გამოშვების პ-170 ტნპტმ 250-10 პ-18357 მარკის (250 კვტ, 3-50 ფაზა) ტრანსფორმატორი, რაც დამონტაჟდა ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე.
1996 წლის 2 თებერვალს ჩატარდა კოოპერატივის წევრთა საერთო კრება, რომლითაც, კოოპერატივის დაშლის გამო, მისი კუთვნილი ქონება განაწილდა წევრებს შორის. კრების გადაწყვეტილებით, ვ.ძ-იას მიეკუთვნა ზემოხსენებული ტრასფორმატორი, რომელიც 2009 წლის ნოემბერს სს «... ჯორჯიას» წარმომადგენლებმა უკანონოდ გადაიტანეს და დღესაც იმყოფება ბეთლემის უბანში, მოპასუხის მფლობელობაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით სადავო ტრანსფორმატორის ინდეტიფიკაცია ვერ ხერხდება, ანუ სათანადოდ არ არის გამოკვლეული, საქმის მასალებიდან ირკვევა, თუ არა, რომ 1987 წლის გამოშვების პ-170 ტნპტმ 250-10 პ-18357 მარკის (250 კვტ, 3-50 ფაზა) ტრანსფორმატორის მესაკუთრეა ვ.ძ-ია და მას ამჟამად უკანონოდ ფლობს სს «.... ჯორჯია».
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე ვ.ძ-იას ეკისრება. ამრიგად, ვ.ძ-იას სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა სადავო ტრანსფორმატორზე საკუთრების მოპოვებისა და ასევე ის ფაქტი, რომ სს «.... ჯორჯიამ» სოფელ ....დან ... უბანში გადაიტანა სწორედ 1987 წლის გამოშვების პ-170 ტნპტმ 250-10 პ-18357 მარკის (250 კვტ, 3-50 ფაზა) ტრანსფორმატორი.
მართალია, ზემოაღნიშნული ნორმის მეორე ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს სადავო გარემოების მტკიცებას მხარისა და მესამე პირთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, თუმცა ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ამხანაგობის კრების ¹2 ოქმი, რომლითაც 250 კვ.ს-იანი ტრანსფორმატორი 170 მიეკუთვნა ვ.ძ-იას, თუმცა ბუნდოვანია თავად ამხანაგობის მიერ აღნიშნული მოწყობილობის შეძენის ფაქტი. ამ კუთხით დასაბუთებულია კასატორის არგუმენტი, რომ იურიდიული პირის _ ამხანაგობა «... ...» მიერ ისეთი ძვირადღირებული ნივთის შეძენისას, როგორიც ტრანსფორმატორია, უნდა არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტაცია ნასყიდობის ხელშეკრულების, გადახდის მასალების სახით.
მოსარჩელის მიერ წარდგენილი ტიპიური ფორმა ¹281 მეტად მწირ ინფორმაციას შეიცავს. მასში მითითებულია ჩანაწერი იმის შესახებ, რომ კოოპერატივ «...ს» ჩაერიცხა 25000 მანეთი 250 კვ.ს-იანი ტრანსფორმატორის სანაცვლოდ, თუმცა არ ირკვევა კონკრეტულად რომელ ტრანსფორმატორზეა საუბარი. ასევე დოკუმენტი არ არის დამოწმებული რაიმე ბეჭდით და არ ახლავს თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი სათანადო საბუთი. სარჩელს ერთვის ქვითრების ქსეროასლები, რომლებიც არ ემთხვევა ზემოხსენებული თანხის ოდენობას და გაცემულია სხვადასხვა პირებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა კოოპერატივ «... ...» ყოფილმა თანამშრომელმა მ. ნ-იამ განმარტა, რომ მას გადაეცა 220 კვ.მ-იანი ტრანსფორმატორის შესაძენი თანხა _ 2500 მანეთი. იგი მივიდა სენაკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ერთ-ერთ საწარმოში და უფროსს _ ვ.ა-ას გადასცა თანხა, რის სანაცვლოდაც წამოიღო ტრანფორმატური, თუმცა რაიმე სახის დოკუმენტი მისთვის არ გამოუტანებიათ. მითითებული განმარტებისაგან განსხვავებით ვ.ა-ამ აღნიშნა, რომ მ.ნ-ას ტრანსფორმატორთან ერთად გადასცა სასაქონლო ზედნადები და თანხის მიღების ჩეკი.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა ნათელია, რომ მითითებული განმარტებებიდან გამომდინარე, ვ.ძ-იას ნასყიდობის თანხის გადახდის თაობაზე უნდა წარმოედგინა არა რამდენიმე, არამედ სადავო თანხის მთლიანად ანაზღაურების დამადასტურებელი ერთი ჩეკი.
დაუსაბუთებელია და მტკიცებულებათა სწორ შეფასებას არ ეყრდნობა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებაც, რომ სს «... ჯორჯიამ» სადავო ტრანსფორმატორი სოფელ ...დან გადაიტანა .... უბანში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა გამოარკვიოს მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ეკუთვნოდა თუ არა კოოპერატივ «... ...» 1987 წლის გამოშვების პ-170 ტნპტმ 250-10 პ-18357 მარკის (250 კვტ, 3-50 ფაზა) ტრანსფორმატორი; საკუთრებაში გადასცა თუ არა კოოპერატივმა ვ.ძ-იას აღნიშნული ტრასფორმატორი; სს «... ჯორჯიამ» გადაიტანა თუ არა ტრასფორმატორი სოფელ ...დან ... უბანში და დადებით შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა მისი იდენტიფიცირება სადავო მოწყობილობასთან.
დასახელებულ საკითხთა გამოკვლევისას სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაშვებია იურიდიული პირის _ კოოპერატივის მიერ ძვირადღირებული ტექნიკური საშუალების შეძენის ფაქტი დადასტურდეს საქმეში წარმოდგენილი, ზემოთ დახასიათებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა არაზუსტი, ზოგჯერ კი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე დადასტურება.
ამასთან, სადავო ტრანსფორმატორზე სს «... ჯორჯიას» მფლობელობის დადასტურების შემთხვევაში სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს, მოცემულ ურთიერთობებზე ვრცელდება თუ არა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით განსაზღვრული საკუთრების პრეზუმფცია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «... ჯორჯიას» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.