Facebook Twitter

ას-1385-1221-2010 17 მარტი , 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს «თ-სი»

მოწინააღმდეგე მხარე _ ც. ნ-ძე, თ. კ-ვა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ნ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ეი-ი-ეს თ-სის” მიმართ არასწორად დამონტაჟებული ელექტროსადენების ექსპლუატაციის შედეგად გაჩენილი ხანძრით მიყენებული ზიანის _ 30419 ლარისა და ადვოკატის მომსახურების _ 3040 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის 30 იანვარს ქ.თბილისში, ჩიტაიას ქ.¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგად დაზიანდა სახლის სახურავი. ხანძრის ჩაქრობისას, წყალმა ჩამორეცხა კედლები, ჭერი, ბუხარი, გაფუჭდა ელექტროგაყვანილობა, საყოფაცხოვრებო ნივთები და, მათ შორის, ანტიკვარული როიალი. თავად სახლი კი ავარიულ მდგომარეობაშია. ხანძარი მოპასუხის მიერ ელექტროფიდერის ექსპლუატაციისა და შემოწმების წესების დარღვევის გამო გაჩნდა. ელექტროგაყვანილობა არ იყო დამონტაჟებული უსაფრთხოდ და არსებული წესების დაცვით. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 997-ე მუხლებისა და მე-1000 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია, აანაზღაუროს ც.ნ-ძისათვის მიყენებული ზიანი.

თ. კ-ვამ იმავე საფუძვლებით ასევე მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს ,,ეი-ი-ეს თ-სის” მიმართ ზიანის _ 51184 ლარისა და იურიდიული მომსახურების _ 6620 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 თებერვლის განჩინებით თ.კ-ვასა და ც.ნ-ძის საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეებს ზიანი მიადგათ არა სს «თ-სის» ბრალით, არამედ, საქმეში არსებული ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილის უფროსისა და სახანძრო-ტექნიკური დასკვნების შესაბამისად, ხანძრის მიზეზია არალეგალურ ხაზზე მოკლე ჩართვა. არალეგალური ხაზების აღმოჩენა და აღკვეთა კი მოპასუხის უფლებაა და არა მოვალეობა. ამდენად, სს «თ-სის» მხრიდან ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს ,,თ-სს” თ.კ-ვას სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების _ 17992,86 ლარის, ხოლო ადვოკატის მომასახურების _ 1500 ლარის გადახდა, სს ,,თ-სს” ც.ნ-ძის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურებისათვის დაეკისრა 12879,71 ლარის, ხოლო წარმომადგენლის მომსახურებისათვის _ 950 ლარის ანაზღაურება.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2002 წლის 30 იანვარს თბილისში, ჩიტაიას ქ.¹1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლები;

ხანძრის გაჩენის მომენტში მოსარჩელეთა კუთვნილ საცხოვრებელ სახლს ელ. ენერგია მიეწოდებოდა სს „თ-სის“ კუთვნილი ელ. ჯიხურიდან;

შ.ს.მ.ს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დასკვნის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდა სახლის სხვენში შემავალი ე.წ. „მარცხენა“ სადენების პირველადი მოკლე ჩართვა;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 18 ივნისის სახანძრო-ტექნიკური ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, ხანძრის გაჩენის ტექნიკური მიზეზია აღურიცხავ ელექტრო სადენზე მოკლე ჩართვა, აღნიშნული დასკვნითვე, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ საცხოვრებელ სახლს ელ.ენერგია მიეწოდებოდა ელ.განმანაწილებელ კარადიდან ელექტროდანადგარების მოწყობის წესების უხეში დარღვევით, კერძოდ, ელ. განმანაწილებელი კარადის სალტეებზე კუსტარულად მიერთებული აღურიცხავი ელ. სადენი გაყვანილი იყო სხვენის, გადახურვის ხისა და თუნუქის კონსტრუქციებზე. აღნიშნული სადენით ხდებოდა ელ. ენერგიის მიწოდება. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩიტაიას ქ.¹1-ში მდებარე სახლის სხვენში აღურიცხავ სადენებში (ე.წ. „ლევ“ სადენებში) გამავალი ელ.ენერგია მომდინარეობდა მოპასუხის კუთვნილი ელექტროლჯიხურიდან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ხანძრით და ხანძრის ჩაქრობის დროს გამოყენებული წყლის ჭავლით ც. ნ-ძისა და თ. კ-ვას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაზიანდა ჭერისა და კედლების ზედაპირი;

სასამართლომ ექსპერტის დასკვნისა და შპს „პ-ის“ მიერ შესრულებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-ვასთვის მიყენებული ზიანის გამო აღდგენითი სამუშაოების ღირებულება, აგრეთვე, დაზიანებული მოძრავი ნივთების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 17 992 ლარსა და 86 თეთრს, ხოლო ც. ნ-ძისთვის მიყენებული ზიანის გამო, აღდგენითი სამუშაოების ღირებულება, აგრეთვე დაზიანებული მოძრავი ნივთების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 12.879,71 ლარს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ თ. კ-ვას მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი იყო 1500 ლარი, ხოლო ც. ნ-ძის მიერ გაწეული ხარჯი _ 950 ლარი.

სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 326-ე, 408-ე, 992-ე მუხლები, ასევე,

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ც. ნ-ძემ და თ. კ-ვამ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში _ სს ,,თ-სმა” გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ვასა და ც. ნ-ძის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. კ-ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს «თ-სს» თ. კ-ვას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დამატებით დაეკისრა 6816.27 ლარის გადახდა და საადვოკატო მომსახურების ხარჯი 290 ლარი; ც. ნ-ძის სარჩეი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს «თ-სს» ც. ნ-ძის სასარგებლოდა, ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 2884.04 ლარის გადახდა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზრაურება 120 ლარის ოდენობით, სს «თ-სს» დაეკისრა ექსპერიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის _ 688 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვტეილება დარჩა უცვლელად.

პალატამ აღნიშნა, რომ რომ მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით თ. კ-ვას, ც. ნ-ძის და სს „თ-სის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინება თ. კ-ვასა და ც. ნ-ძის მიერ გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით თ. კ-ვასა და ც. ნ-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა სადავოდ გახადეს სასამართლოს მიერ ხანძრისა და მისი ჩაქრობის შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობის განსაზღვრის სისწორე იმ საფუძვლით, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას დაირღვა კანონის მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანისას მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევითა და შეფასებით კონკრეტულად დაესაბუთებინა, თუ რატომ არ გაიზიარა აპელანტთა მითითება თითოეული ნივთის და მისი ნაწილების (იატაკის, ელექტროგაყვანილობის და ა.შ.) დაზიანების ფაქტზე. ამ მიმართებით სასამართლოს სხვა მტკიცებულებებთან ერთად ობიექტური შეფასება უნდა მიეცა ექსპერტიზის განმარტებისთვის.

საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე ხანძრითა და მისი ჩაქრობის შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს დასკვნებზე, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებაზე, რომლითაც იზიარებს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის საინჟინრო-ტექნიკურ და სასაქონლო დასკვნებს და ნაწილობრივ, კონკრეტული სამუშაოების ღირებულების დასადგენად, ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „პ-ის“ შედგენილ ხარჯთაღრიცხვის მონაცემებს, ხოლო თავად ამ ხარჯთაღრიცხვის მონაცემებს, როგორც მტკიცებულებას, არ იზიარებს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოსათვის უცნობია მისი შემდგენის კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, საქმიანობის სტაჟი. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გაზიარებულ იქნა სააპელაციო პალატის მიერ. ამდენად, საქმის განმხილველი სასამართლო ეყრდნობა მის მიერვე არადამაჯერებლობის გამო უარყოფილ მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესს.

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეზე დანიშნული დამატებითი კომპლექსური საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტები სადაოდ არ ხდიდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სააპელაციო საჩივარში კონკრეტულად მიუთითებდნენ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოთხოვნებზე რაც საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული და დაკმაყოფილებული, მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს დასკვნა უნდა გაზიარებულიყო სწორედ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში. კერძოდ: თ. კ-ვას შემთხვევაში: იატაკის დაზიანების, ელექტრო გაყვანილობის ხარჯის და ექსპერტიზაზე წარდგენილი როიალის ჟ. BEჩKEღ, ტელევიზორ „ივერია 1-208“-სა და მაცივარ „ტამბოვ“-ის ღირებულების ნაწილში, ხოლო ც. ნ-ძის შემთხვევაში, ასევე იატაკის დაზიანების, ელექტრო გაყვანილობის ხარჯის და ბუხრის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ნაწილში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ თ. კ-ვასა და ც. ნ-ძის სააპელაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილებით მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სს „თ-სს“ თ. კ-ვას სასარგებლოდ დამატებით ზიანის ანაღზაურების სახით უნდა დაეკისრებოდა სარემონტო-აღდგენითი სამუშაობისათვის 3176,27 ლარი, როიალის ღირებულება 3500 ლარი, ტელევიზორ „ივერია ც-208“-ის ღირებულება - 40 ლარი და მაცივარ „ტამბოვის“ ღირებულება - 100 ლარი (საერთო ჯამში 6816.27 ლარი); საადვოკატო მომსახურების ხარჯი 290 ლარი, ხოლო ც. ნ-ძის სასარგებლოდ, სს «თ-სს», ზიანის ანაზღაურების სახით, დამატებით უნდა დაკისრებოდა 2384,04 ლარის, ბუხრის აღდგენის სამუშაოების 500 ლარის (საერთო ჯამში 2884.04 ლარი) და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 120 ლარის გადახდა. ასევე, სს „თ-სს“ უნდა დაკისრებოდა ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯი - 688 (ექვსასოთხმოცდარვა) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩენილიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «თ-სმა», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის, როდესაც, იმ გარემოების დადასტურება, რომ ხანძარი გამოწვეული არ არის მოპასუხე სს «თ-სის» ბრალით, დააკისრა მოპასუხე მხარეს. კერძოდ, თავად მოსარჩელე ც. ნ-ძეს ეკისრებოდა იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომ ბუხრი დაზიანება გამოიწვია ხანძარმა, მაშინ, როდესაც დასახელებული ფაქტების დასადასტურებლად ც. ნ-ძე შემოიფარგლა მხოლოდ სასამარტლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით, რაც სასამართლოსათვის არ უნდა ყოფილიყო სარწმუნო და საკმარისი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისთვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობა, როგორიცაა მოპასუხის ხანძრის საფუძველზე, მოსარჩელის ბუხრის დაზიანება.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის დადგენილების მე-7 მუხლის მესამე ნაწილი, რომლის შესაბამისად, უკანონო ხაზის აღმოჩენისას, უნდა მოხდეს მასზე მიერთებული დანადგარების დადგმული სიმძლავრეების დაფიქსირება, აუცილებელია ასეთი ხაზების ჩაჭრა და შესაბამისი აქტის შედგენა. ამდენად, მითითებული ნორმის დანაწესის თანახმად, სს «თ-სი» ვალდებული იყო ჩაეჭრა უკვე აღმოჩენილი უკანონო ხაზები და მას არ ევალებოდა მათი აღმოჩენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით სს «თ-სის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «თ-სის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს «თ-სის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2068.04 ლარი) 70% _ 1447.63 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «თ-სის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2068.04 ლარი) 70% _ 1447.63 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.