Facebook Twitter

¹ას-1390-1226-2010 10 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “მ. ჯ.”

წარმომადგენელი _ ე. ბ-ერი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ს. რ.”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და ამავე პალატის 2009 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “მ. ჯ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს. რ.-ს” მიმართ მიუღებელი შემოსავლის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მაისის განჩინებით მოცემულ საქმესთან ერთ წარმოებად გაერთიანდა სამოქალაქო საქმე შპს “ს. რ.-ს” სარჩელის გამო შპს “მ. ჯ.-ს” მიმართ ვაგონების მოცდენისა და ტვირთის შენახვისათვის დარიცხული თანხის გადახდევინების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “მ. ჯ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ს. რ.-ს” დაეკისრა შპს “მ. ჯ.-ს” კუთვნილი, რკინიგზის ფოთის სადგურში არსებულ 28 ვაგონში ჩატვირთული 1400 ტონა მანგანუმის კონცენტრატის გადაზიდვა დანიშნულების ადგილზე _ ჩეხეთის ქალაქ ტრინეცამდე, შპს “ს. რ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ.-მ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით შპს “მ. ჯ.-ს” სარჩელზე შპს “ს. რ.-ს” მიმართ შპს “მ. ჯ.-ს” კუთვნილი რკინიგზის ფოთის სადგურში არსებულ 28 ვაგონში ჩატვირთული 1400 ტონა მანგანუმის კონცენტრატის დანიშნულების ადგილამდე _ ჩეხეთის ქალაქ ტრინეცამდე გადაზიდვის დავალდებულების შესახებ შეწყდა საქმის წარმოება სააპელაციო პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინებით მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “ს. რ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ს. რ.-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ს. რ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “მ. ჯ.-ს” შპს “ს. რ.-ს “ სასარგებლოდ დაეკისრა 603375 ლარის ანაზღაურება. ამავე პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით კი არ დაკმაყოფილდა შპს “მ. ჯ.-ს” საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, 2009 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ. ჯ.-ს” წარმომადგენელმა ე. ბ-ერმა, რომელმაც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს “მ. ჯ.-ს” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და საზოგადოების უფლებამოსილი პირის მიერ ე. ბ-ერის სახელზე გაცემული რწმუნებულების წარმოდგენა, სადაც წარმომადგენელს სხვა უფლებებთან ერთად მიენიჭება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ასევე დაევალა ე.ბ-ერის ადვოკატის მოწმობის ასლის ან უშუალოდ საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შპს “მ. ჯ.-ს” გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაიბარა წარმომადგენელმა ე.ბ-ერმა 2011 წლის 26 იანვარს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული არც ერთი საპროცესო მოქმედება განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “მ. ჯ.-ს” წარმომადგენელ ე.ბ-ერის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს “მ. ჯ.-ს” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და საზოგადოების უფლებამოსილი პირის მიერ ე. ბ-ერის სახელზე გაცემული რწმუნებულების წარმოდგენა, სადაც წარმომადგენელს სხვა უფლებებთან ერთად მიენიჭება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ასევე დაევალა ე.ბ-ერის ადვოკატის მოწმობის ასლის ან უშუალოდ საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შპს “მ. ჯ.-ს” გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და სასამართლო შეტყობინება ჩაიბარა წარმომადგენელმა ე.ბ-ერმა 2011 წლის 26 იანვარს (იხ.ტ.IV, ს.ფ.134).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

კანონის დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას სასამართლო გზავნილი (შეტყობინება) გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის გზავნილის ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საკმარისი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 27 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 31 იანვარს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “მ. ჯ.-ს” წარმომადგენელ ე.ბ-ერის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებასა და ამავე პალატის 2009 წლის 23 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.