ას-139-132-10 10 ივნისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი) თ. თოდრია,
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ზ. ა-ევი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ჩ. ა-ევი (მოპასუხე), ნოტარიუსი ნ. ფ-შვილი (მოპასუხე)
მესამე პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა, საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 8 იანვარს ზ. ა-ევმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ნოტარიუს ნ. ფ-შვილისა და ჩ. ა-ევას მიმართ, მესამე პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახური, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების, საჯარო რეესტრში ჩ. ა-ევაზე ჩანაწერის გაუქმების, სადავო სახლსა და მიწის ნაკვეთზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან და-ძმანი. მათი მშობლები და ცხრა და-ძმა ცხოვრობდნენ ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ მხარეები. ოჯახი მიეკუთვნებოდა საკოლმეურნეო კომლს.Mმხარეების მამა, ი., გარდაიცვალა 1999 წელს, ხოლო დედა, ზი., 2007 წლის ნოემბერს. მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მათთან ერთად ცხოვრობდა მოსარჩელის ერთ-ერთი და _ ჩ. ა-ევა.
მოსარჩელის განმარტებით, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2004 წლის 22 ივლისს ნოტარიუსმა ნ. ფ-შვილმა გააფორმა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება ზი. თ-ევასა და ჩ. ა-ევას შორის, რომლის თანახმადაც მოსარჩელის დედამ _ ზი. თ-ევამ მთელი საცხოვრებელი სახლი და 1838,291კვ.მ. მიწის ნაკვეთი აჩუქა მოსარჩელის დას _ ჩ. ა-ევას. ამავე წლის 23 ივლისს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად, ზ. ა-ევა წარმოადგენს მთელი საცხოვრებელი სახლისა და ეზოს მესაკუთრეს.
მოსარჩელე უთითებს, რომ გარიგება დადებულია ფორმის დაუცველად, ზი. თ-ევას მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით, რადგან დედას _ ზი. თ-ევას არ შეეძლო დამოუკიდებლად ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება, მას ამის სურვილი არასოდეს გამოუთქვამს. ამასთან, ზი. თ-ევამ არ იცოდა ქართული წერა-კითხვა, იგი წერდა ძველი თურქული დამწერლობით, ჩუქების ხელშეკრულებაზე კი გამოსახულია ქართული ასოების მიმსგავსებული იეროგლიფები.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ა-ევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინებით გატარებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ყადაღა დაედო ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში მდებარე ჩ. ა-ევას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ა-ევმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაში მიეთითა შემდეგი: საქმის განხილვისას მოწვეული მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ზი. თ-ევა არა მარტო საუბრობდა ქართულ ენაზე, არამედ მას შეეძლო წერა-კითხვაც. პალატამ განმარტა, რომ ზ. თ-ევას მიერ ქართული ენის არ ცოდნა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი განცხადება-ანკეტით, რომელიც წარდგენილა პირადობის მოწმობის მიღების მიზნით, ასევე პირადობის მოწმობის ასლით. ის, რომ აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელმოწერა ზ. თ-ევას მიერ სხვა ენაზეა შესრულებული, არ გამორიცხავს იმას, რომ მას ქართულ ენაზეც შეეძლო ხელმოწერა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ გამჩუქებელი არ ფლობდა ქართულ ენას და შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას მის მიერ გამოვლენილი ნება არ არის ნამდვილი, საქმის მასალებით არ დასტურდება, ამიტომ გარიგების დადასტურებისას არ ყოფილა თარჯიმნის მოწვევისა და მისი მეშვეობით სანოტარო მოქმედების შესრულების საჭიროებაც.
პალატამ განმარტა, რომ ჩუქება ცალმხრივი ხელშეკრულებაა. გამჩუქებელმა გამოავლინა ჩუქების ნება, რომელიც მიიღო დასაჩუქრებულმა. ამდენად, დასაჩუქრებული პირის მიერ ენის არ ცოდნა ვერ იმოქმედებს გამჩუქებლის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება ზ. ა-ევმა გაასაჩივრა საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, მოსამართლემ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, მას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს კანონით ნოტარიატის შესახებ (მუხლი 7), ასევე სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-19 მუხლით, რომლის თანახმად, სანოტარო აქტი უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე, ამასთანავე, სანოტარო მოქმედების მონაწილის (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო ენის ან დამწერლობის არცოდნისას ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო აქტი შედგეს კლიენტისათვის გასაგებ ენაზეც. თარჯიმნის მონაცემები ნოტარიუსის მიერ შეიტანება რეესტრსა და სანოტარო აქტში. თუ ნოტარიუსმა იცის შესაბამისი ენა, თარგმნის თვითონ და ამის შესახებ მიუთითებს აქტში. თარჯიმანი უნდა აირჩიოს კლიენტმა, ხოლო რამდენიმე მხარის არსებობისას თარჯიმნის არჩევისათვის აუცილებელია ყველა კლიენტის თანხმობა. აკრძალულია სანოტარო მოქმედების მონაწილე მხარის მიერ თარჯიმნის ფუნქციის შესრულება. თარჯიმანი ვალდებულია ნოტარიუსს დაუდასტუროს, რომ მან იცის შესაბამისი ენა და იძლევა სწორი თარგმანის გარანტიას, რაზედაც უნდა აღინიშნოს სანოტარო აქტში.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 59-ე, 68-ე და 70-ე მუხლებით. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 185-ე მუხლები, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ჩ. ა-ევამ იცოდა რა, რომ ზი. თ-ევა არ იყო საცხოვრებელი სახლის ერთადერთი მესაკუთრე, საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იყო არასწორი. მოპასუხე ჩ. ა-ევასთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ როგორც საკოლმეურნეო კომლის ყოფილ წევრებს, საცხოვრებელი სახლი და ქონება, მიწა კომლის წევრთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა, ამდენად ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება მათ შორის ფორმის დაცვითაც რომ მომხდარიყო, მაინც უკანონო იქნებოდა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო მითითებული დოკუმენტები, როგორც ოფიციალური წერილობითი მტკიცებულებები. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაცული ხელმოწერები არის ზ. თ-ევას რეალური ხელმოწერის ნიმუში. ის ფაქტი, რომ ისეთ დოკუმენტზე, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პიროვნება ხელს აწერს აზერბაიჯანულ (თურქული შრიფტით) და არა ქართულ, სახელმწიფო ენაზე, აშკარად ადასტურებს, რომ მან არ იცოდა ქართულად წერა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2010 წლის 13 აპრილს განჩინებით ზ. ა-ევის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა კომლის წევრთა თანასაკუთრებას. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის ¹949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის ¹29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმაც და მასზე გავრცელდა სანივთო სამართლებრივი ნორმები, რაც მოქმედებდა იმ დროისათვის ან მიღებულ იქნა შემდგომში. შესაბამისად, ვინაიდან, საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა კომლის წევრთა თანასაკუთრებას, კომლის ქონება ჩაითვალა იმ პირთა თანასაკუთრებად, რომლებიც მითითებული ნორმატიული აქტების მიღებამდე რეგისტრირებული იყვნენ ამ კომლის წევრებად.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს _ ლაგოდეხის არქივის 2008 წლის 11 დეკემბრის საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფ. კაბლის სასოფლო საბჭოს 1971-1973 წლების საარქივო დოკუმენტებში აღნიშნულია მოქ. ა-ევი ი. ა-ი-ო-ი ცალკე კომლად და ოჯახის და მისი კომლის შემადგენლობაში შედიან თავად ოჯახის უფროსი, მისი მეუღლე და 9 შვილი. აღნიშნულ კომლზე დარიცხულია 0,25 ჰა მიწის ფართობი და საცხოვრებელი სახლი აშენებული 1963 წელს; ხოლო სოფ. კაბლის თემის საკრებულოს 1997-2006 წლების საარქივო დოკუმენტებში აღნიშნულია მოქ. ზი. თ-ევი ცალკე კომლად და ოჯახის და მისი კომლის შემადგენლობაში შედიან თავად ოჯახის უფროსი, მისი 2 შვილი _ ა-ევი ზ. და ა-ევა ჩ., რძალი _ ა. ნ-ათ და 3 შვილიშვილი _ ა. ე-ად, ა. ე-ინ და ა. ა-ან. აღნიშნულ კომლზე დარიცხულია 0,19+0,27=0,46 ჰა მიწის ფართობი და 70 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ზ. ა-ევი, მისი ცოლ-შვილი, დედა _ ზი. თ-ევა და და _ ჩ. ა-ევა წარმოადგენენ კომლში არსებული ქონების თანამესაკუთრეებს, რაც დადასტურებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მონაცემებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა მითითებული მტკიცებულებები და განესაზღვრა თუ რა წილი ეკუთვნოდა მოსარჩელეს და ზინაით თ-ევას და ემსჯელა იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ზი. თ-ევას გაესხვისებინა სხვისი წილი საცხოვრებელი სახლიდან.
ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ჩიალიმ ა-ევა წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის წევრს და მასზე არ შეიძლება გავრცელდეს საჯარო რეესტრის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია(აღნიშნული წარმოადგენს პრეზუმფციის მესამე პირთათვის და არა ოჯახის წევრებისათვის).
საქმის განხილვისას სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ არც კასატორმა _ ზ. ა-ევმა და არც კომლის სხვა წევრებმა არ იცოდნენ ზი. თ-ევას სახელზე გაცემული ლაგოდეხის რაიონის ტექ-აღრიცხვის 2004 წლის 22 ივლისის ¹163 ცნობა-დახასიათების, ჩუქების ხელშეკრულებისა და 2004 წლის 23 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის არსებობის თობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ სოფ. უზუნთალაში არსებული სასოფლო-სამეურნეო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენს ჩ. ა-ევა.
ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს გამოიხმო სარჩელი საჯარო რეესტრში ზი. თ-ევას სახელზე განხორციელებული ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, არ გამორიცხავს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნას გაჩუქებული ქონების, როგორც საკომლო მეურნეობის, ოჯახის საერთო საკუთრებაში არსებობის საფუძვლით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნულის გამო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს საფუძველიადა ხელახლა იქნეს განხილული იმავე პალატის მიერ. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ზემოთ მითითებული გარემობანი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ა-ევის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.