ას-13-9-2011 14 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ი. მ-შვილი, ნ. რ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ს-იკი, ნ. გ-შვილი, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს «არბიტრაჟი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, პარტნიორთა კრების ოქმის, რწმუნებულებისა და გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-შვილმა და ნ. რ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ. ს-იკის, ნ. გ-შვილისა და მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს «არბიტრაჟის» მიმართ შპს «არბიტრაჟის» 2008 წლის 9 ივნისისა და 2008 წლის 2 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების გაუქმების, 2008 წლის 4 ივლისის ¹01/08-12-1613 სააღსრულებო ფურცლის გაუქმების, შპს «ი-ის» პარტნიორთა კრების 2008 წლის 26 მარტის ოქმის, შპს «ი-ის» დამფუძნებლების _ ნ. ქ-შვილისა და ი. მ-შვილის მიერ 2008 წლის 6 მარტს შედგენილი ნების გამოხატვისა და რ. ს-იკის მიერ ნ. გ-შვილის სახელზე 2008 წლის 12 მარტს გაცემული რწმუნებულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ი. მ-შვილისა და ნ. რ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მოცემული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. მ-შვილმა და ნ. რ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით ი.მ-შვილსა და ნ.რ-შვილის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ.ა» პუნქტის საფუძველზე, დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა (სადავო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ რ.ს-იკი გახდა შპს «ი-ში» ი.მ-შვილისა და ნ.ქ-შვილის კუთვნილი წილის მესაკუთრე, რომელიც დაგირავებული იყო სესხად აღებული 660000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად).
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ი.მ-შვილმა და ნ.რ-შვილმა განცხადებით მომართეს სასამართლოს, წარმოადგინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განჩინების ასლი, რომლითაც ი.მ-შვილსა და ნ.რ-შვილს სხვა კასატორებთან ერთად გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე განმარტეს, რომ რ.ს-იკისა და სხვათა ქმედებით მიადგათ უდიდესი ზიანი, ვერ ფუნქციონირებს შპს «ი.», რაც კასატორთა ერთადერთი შემოსავლის წყაროა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კასატორებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
დადგენილ ვადაში კასატორებმა განცხადებით მომართეს სასამართლოს და წარმოადგინეს ცნობა საგადასახადოდან შპს «ი-ის» დავალიანების შესახებ, გენერალური პროკურატურის მიმართვების ასლები, ტრანსპორტის შპს «ი-ის» სახელზე სარეგისტრაციო მოწმონის ასლი, დადგენილებები დაზარალებულად ცნობის შესახებ, ასევე 2008 წლის 21 თებერვალს დადებულ ხელშეკრულება ბინს ნასყიდობისა და იპოთეკით დატვირთვის შესახებ ასლის სახით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებით კასატორებს კვლავ გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 2 დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, ვინაიდან სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შესწავლის საფუძველზე მიიჩნია, რომ აღნიშნული არ ასახავდა კასატორთა მძიმე ქონებრივ მდგომარეობას.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორებმა განცხადებით მომართეს სასამართლოს, წარმოადგინეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მიმართვები, რომლებითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისის სარეგისტრაციო ზონაში 2006 წლის ოქტომბრიდან ი. მ-შვილის სახელზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული, ხოლო ნ. ქ-შვილის სახელზე რეგისტირებულია უძრავი ქონება (მდებარე ქ.თბილისი, ... ქ¹27) და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია ნასყიდობისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება, ასევე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-შვილისა და ნ. რ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მპალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდებოდა მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ არ ირკვეოდა, რომ ი. მ-შვილსა და ნ. რ-შვილს არ გააჩნიათ რაიმე შემოსავალი და არ შეეძლოთ საქმის განხილვამდე წინასწარ გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი, შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესი (არ ირკვეოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობები), სასამართლომ ი. მ-შვილსა და ნ. რ-შვილს არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის სრულად გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა, ამასთან განუმარტა, რომ სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 48-ე მუხლი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე, სასამართლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხის გადასაწყვეტად ხელმძღვანელობს შუამდგომლობის ავტორის მიერვე წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებითაც მისი (მათი) მძიმე ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად დასტურდება, კერძოდ, სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადავადების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარის სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებს.
ამასთან, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დადასტურების ტვირთი სწორედ Dშუამდგომლობის ავტორს ეკისრება.
კასატორებს ასევე განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დადგენილი საპროცესო მოქმედების სრულყოფილად განუხორციელებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა როგორც სამოქალაქოსამართლებრივი სანქცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებით კასატორებს კვლავ გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 2 დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლო, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორების მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მიმართვების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ არც აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს საკმარისს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის, ვინაიდან მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე ასკვნის, რომ ისინი წარმოადგენენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით კასატორთა რეგისტრირებული საკუთრების ამსახველ მტკიცებულებს და არ ირკვევა მათი შემოსავლების უტყუარობის საკითხი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორებს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სრულად კვლავ არ გამოუსწორებიათ, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. მ-შვილისა და ნ. რ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.