Facebook Twitter

¹ას-1392-1228-10 9 თებერვალი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “თ.-კ.” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “თ.-კ.-ს” მიმართ 2006 წლის 23 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს _ ყოველ ვადაგადაცილებულ კვირაზე ხელშეკრულების 0.2%-ის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “თ.-კ.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 3249 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მოცემული საქმე განსახილველად გადაეცა განსჯად სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “თ.-კ.-ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “თ.-კ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1560 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “თ.-კ.-ს” დირექტორმა ქ.მ-ძემ და ს.შ-ძემ, რომლებმაც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე საზოგადოების ანგარიშზე სათანადო თანხის არარსებობის საფუძვლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით არ იქნა გაზიარებული შპს “თ.-კ.-ს” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობაზე უაფლებამოსილი პირის ვინაობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ქ.მ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომლს თანახმადაც საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სწორედ ქ.მ-ძეა, ასევე წარმოადგინა სს “... ბანკის” მიერ გაცემული ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, რომლის თანახმადაც 2011 წლის 19 იანვრის მდგომარეობით საზოგადოების ანგარიშზე არსებული საბოლოო ნაშთი არის 48.63 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “თ.-კ.-ს” დირექტორ ქ.მ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში სრულად არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით შპს “თ.-კ.-ს” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 391-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრა შპს “თ.-კ.-სათვის” დაკისრებული თანხით _ 1560 ლარით, ხოლო საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტის თანახმად _ 300 ლარით, შპს “თ.-კ.-ს” დამატებით დაევალა წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურება.

ამავე განჩინებით არ იქნა გაზიარებული კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ქ.მ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომლს თანახმადაც საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სწორედ ქ.მ-ძეა, ასევე წარმოადგინა სს “... ბანკის” მიერ გაცემული ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, რომლის თანახმადაც 2011 წლის 19 იანვრის მდგომარეობით საზოგადოების ანგარიშზე არსებული საბოლოო ნაშთი არის 48.63 ლარი.

აღნიშნული განცხადებისა და მასზე დართული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ისინი არ ასახავენ კასატორის რეალურ ქონებრივ მდგომარეობას (წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს “თ.-კ.-ს” ქონებაზე არანაირი ვალდებულება (საგადასახადო გირავნობა და სხვა) რეგისტრირებული არ არის, ასევე მხოლოდ სს “... ბანკის” ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან არ არის შპს “თ.-კ.-ს” მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უალტერნატივოდ ამსახველი ერთადერთი მტკიცებულება, არამედ იგი შეიძლება შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხი ერთხელ უკვე იყო პალატის მსჯელობის საგანი, თუმცა არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, შესაბამისად, აღნიშნული შუამდგომლობა ამ ეტაპზეც არ არის დასაბუთებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “თ.-კ.-ს” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.