Facebook Twitter

ას-1393-1229-2010 17 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ჩ.-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ს.-შვილი

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჩ.-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ს.-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 3600 აშშ დოლარის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, 2006 წლის სექტემბრის თვეში ნ. ჩ.-ძემ მოპასუხე ლ. ს.-შვილისაგან ისესხა 5000 აშშ დოლარი. 2008 წლის 18 თებერვალს აღნიშნული თანხიდან ნ. ჩ.-ძემ მოპასუხეს დაუბრუნა 3600 აშშ დოლარი და გადასახდელად დარჩა 1400 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, ლ. ს.-შვილმა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ნ. ჩხეიძისათვის 5600 აშშ დოლარის დაკისრება (600 აშშ დოლარი სარგებლის სახით). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისს მიღებული გადახდის ბრძანებით, ნ. ჩ.-ძეს ლ. ს.-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 5600 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება იმ პერიოდში მოსარჩელემ ვერ შეძლო ოჯახური პირობების, კერძოდ, შვილის გარდაცვალების გამო. ბრძანება მიექცა აღსასრულებლად და სასეხსო დავალიანებასთან დაკავშირებით, ნ. ჩ.-ძის იპოთეკით დატვირთული ქონება გასხვიდა აუქციონის წესით. ქონების ამონაგები თანხიდან დაიფარა კრედიტორ ლ. ს.-შვილის დავალიანება 5600 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე განმარტავს, რომ ლ. ს.-შვილმა ბრძანების მიღებისას, სასამართლოს დაუმალა ის ფაქტი, რომ ნ. ჩ.-ძეს მისთვის დაბრუნებული ჰქონდა 3600 აშშ დოლარი. აღნიშნული განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ლ. ს.-შვილმა იცოდა, რომ ნ. ჩხეიძეს დაკარგული ჰქონდა 3600 აშშ დოლარის დაფარვის ხელწერილი, გამოიყენა აღნიშნული ვითარება და სასამართლოს მიმართა მთლიანი 5000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნით. ნ. ჩ.-ძის განცხადების საფუძველზე, ბათუმის რაიონულ პროკურატურაში ლ. ს.-შვილის მიმართ დაიწყო წინასწარი გამოძიება და დაკითხვის ოქმის თანახმად, ლ. ს.-შვილმა აღიარა 3600 აშშ დოლარის სასესხო დავალიანების დაფარვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ ზედმეტად გადახდილი 3600 აშშ დოლარის დაბრუნება.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ, თუ მოსარჩელეს დაფარული ჰქონდა სესხის ვალის ნაწილი, აღნიშნულ ნაწილში იგი სადავოდ გახდიდა სასამართლოს ბრძანებას, ან აღსრულების პერიოდში განაცხადებდა ფულადი თანხის ნაწილის _ 3000 აშშ დოლარის გადაფარვის თაობაზე, რაც მას არ გაუკეთებია. ამასთან, ლ. ს.-შვილის განმარტებით, სინამდვილეს არ შეეს.-მება ის ფაქტი, რომ მან თითქოსდა აღიარა დავალიანების 3000 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და იგი უკვე აღსრულებულია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ.-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. ს.-შვილს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 3000 აშშ დოლარის გადახდა. ნ. ჩ.-ძეს უარი ეთქვა ლ. ს.-შვილისათვის 600Aაშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ს.-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ს.-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნ. ჩ.-ძის სარჩელი ლ. ს.-შვილისათვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 20 სექტემბერს ნ. ჩ.-ძესა და ლ. ს.-შვილის შორის დადებული სასესხო ხელშეკრულების თანახმად, ნ. ჩ.-ძეს ლ. ს.-შვილმა, ერთი წლის ვადით, ასესხა 5000 აშშ დოლარი, თვეში 4%-ის სარგებლით;

2008 წლის 19 თებერვალს ნ. ჩ.-ძემ მოპასუხეს გადაუხადა 3000 აშშ დოლარი.

სააპელაციო პალატამ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისის გადახდის ბრძანებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ჩ.-ძეს ლ. ს.-შვილის სასარგებლოდ, 2006 წლის 20 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა ძირითადი სესხის სახით 5000 აშშ დოლარის, ხოლო სარგებლის სახით 600 აშშ დოლარის, სულ 5600 აშშ დოლარის გადახდა. მასვე, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 238 ლარი;

საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილის დედნით, სასამართლომ გამოარკვია, რომ ნ. ჩ.-ძის მეუღლემ ლ. ს.-შვილს გადაუხადა 600 აშშ დოლარი და გადასახდელად დარჩა 5000 აშშ დოლარი და 238 ლარი;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისის გადახდის ბრძანებით, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2008 წლის 4 ივნისს სასამართლოში წარდგენილი განცხადებით ლ. ს.-შვილი ნ. ჩ.-ძისაგან ითხოვდა 2006 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დარჩენილი სარგებლის _ 600 აშშ დოლარისა და ასევე ძირითადი თანხის 5000 აშშ დოლარის გადახდას. ამასთან, ლ. ს.-შვილი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ნ. ჩ.-ძეს სარგებელი ნაწილობრივ გადახდილი ჰქონდა და 2008 წლის 4 ივნისის მდგომარებოთ სარგებლის სახით დარჩენილი იყო მხოლოდ 600 აშშ დოლარი;

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 20 სექტემებრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი ვალის _ 5000 აშშ დოლარის ყოველთვიური 4% შეადგენდა 200 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან, 3000 აშშ დოლარის მიღების თაობაზე ხელწერილის შედგენამდე _ 2008 წლის 19 თებერვლამდე, გასული იყო 17 თვე და ამ დრომდე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა 3400 აშშ დოლარს, ხოლო გადახდის ბრძანების გამოტანაზე მოთხოვნის წარდგენამდე _ 2008 წლის 4 ივნისამდე 4100 აშშ დოლარს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 361-ე, 429-431-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე და მითითებული ნორმების გათვალისწინებით აღნიშნა, რომ ბათუმის საქალქო სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადახდის ბრძანებით დადასტურებულად უნდა მიჩნეულიყო, რომ 2008 წლის 4 ივნისის მდგომარეობით, ნ. ჩ.-ძეს ლ. ს.-შვილის მიმართ, 2006 წლის 20 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებელი ნაწილობრივ გადახდილი ჰქონდა და ამ დროისათვის სარგებლის სახით დარჩენილი იყო მხოლოდ 600 აშშ დოლარი.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია 2008 წლის 16 ივნისის გადახდის ბრძანების გამოტანამდე, 2006 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი ვალის 5000 აშშ დოლარისა და ამ პერიოდის (20 თვე) საპროცენტო სარგებლის _ 4000 აშშ დოლარის, სულ 9000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-წ მუხლის შეს.-მისად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ 2008 წლის 19 თებერვლის ხელწერილში დაფიქსირებული 3000 აშშ დოლარი გადახდილ იქნა სწორედ 2006 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებლის ნაწილობრივ დაფარვის მიზნით და ამ თანხის გამოკლებით დარჩენილი პროცენტის თანხის _ 600 აშშ დოლარის, ისე ძირითადი თანხის _ 5000 აშშ დოლარის დაკისრება განხორციელდა გადახდის ბრძანებით, რაც აღსრულდა კიდეც;

ზდმოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ. ჩ.-ძის მოსაზრება მასზე, რომ 2008 წლის 19 თებერვლის ხელწერილით ლ. ს.-შვილზე 3000 აშშ დოლარის გადაცემა განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რითაც ლ. ს.-შვილი უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

ამდენად, აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა შეფასებული 3000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ ხელწერილი, არასწორად იქნა დადგენილი ამ მტკიცებულებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რამაც მოთხოვნის არასწორი სამართლებრივი შეფასება გამოიწვია, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია და გაიზიარა.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტის შეს.-მისად, აღნიშნული, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ.-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მის მიერ გადახდილი 3000 აშშ დოლარი სარგებელს არ წარმოადგენდა და მხოლოდ ლ. ს.-შვილის ვერსიებზე დაყრდნობით გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, არ უზრუნველყო მისი ადრინდელ ქონებრივ მდგომარეობაში აღდგენა, რამაც ლ. ს.-შვილის უკანონო გამდიდრება გამოიწვია. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და, ამასთან, არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე, 102.4-ე და 103-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით ნ. ჩ.-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ.-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შეს.-მისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ჩ.-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

კასატორი, ნ. ჩ.-ძე “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ1” ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჩ.-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.