¹ას-14-10-2011 1 თებერვალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებლი),
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “რ. ” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “მ.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “რ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “მ.-ს” მიმართ ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლის 18 მარტს სს „მ.-სა“ და შპს „რ.-ს“ შორის დაიდო მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც სს „მ.-ს“ ბალანსზე რიცხული ორი ერთეული შუშის მწარმოებელი მანქანა-დანადგარი შეისყიდა შპს „რ.-მ“. ერთი ერთეული დანადგარი 1996 წელს დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების საფუძველზე გატანილი იყო საქართველოდან სს „ა.-ში“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სს „მ.-ს“ დაეკისრა სს „ა.-ში“ განთავსებული მოძრავი ქონების შპს „რ.-სათვის“ გადაცემა მიღება-ჩაბარების მოქმედების განხორციელების გზით თავისივე ხარჯებით. 2002 წლის აპრილში სს „მ.-მ“ შპს „რ.-ს“ აღნიშნული ქონება გადასცა რუსეთის ფედერაციაში, რის შესახებ შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ შპს „რ.-ს“ არ გადასცემია მანქანა-დანადგარის ტექნიკური დოკუმენტაცია. ნივთის მიღების აქტში ჩაიწერა, რომ შპს „რ.-მ“ ნივთი მიიღო დათვალიერების საფუძველზე. ტექნიკური დოკუმენტაციის გადმოცემის შესახებ არაერთხელ წერილობით აცნობა სს „მ.-ს“, მაგრამ უშედეგოდ. ტექნიკური დოკუმენტაციის არქონის გამო ვერ შემოწმდა ნივთის ნამდვილობა. შპს „რ.-მ“ ვერ დაამონტაჟა მანქანა-დანადგარი და აქედან გამომდინარე, ვერ შეშძლო პროდუქციის გამოშვება და შემოსავლის მიღება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “რ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “რ.-მ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შპს “რ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ქონება მყიდველს ფაქტობრივად გადაეცა 2002 წლის 18 აპრილს, რაზედაც შედგა ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. იგი ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. შპს „რ.-მ“ ნასყიდობის საგანი მიიღო მისი დათვალიერების გზით და, შეძენილი ნივთის ხასიათიდან გამომდინარე, საწარმოო დანადგარის ექსპლოატაციისათვის მას თან უნდა ხლებოდა ტექნიკური დოკუმენტაცია. შპს “რ.-მ” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ვერ შესძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მან ნივთის გადაცემისთანავე მოითხოვა გამყიდველისაგან ნივთით სარგებლობისათვის აუცილებელი ტექნიკური ხასიათის დოკუმენტაცია. დადასტურებულია მყიდველის მიერ ამგვარი დოკუმენტაციის მოთხოვნა გამყიდველისაგან 2002 წლის 26 დეკემბერს – დანადგარის საქართველოში ჩამოტანის შემდეგ. აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოს დადასტურება შპს „რ.-მ“ ვერ შესძლო. მყიდველს – შპს „რ.-ს“ გამყიდველისაგან – სს „მ.-საგან“, შუშის მწარმოებელი საწარმოო ხაზი გადაეცა მისი სამეწარმეო მიზნით გამოყენებისათვის. ნივთი მყიდველმა მიიღო დათვალიერების გზით და ნივთის გადაცემის დროს მას არ მოუთხოვია ტექნიკური დოკუმენტაცია, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის შესაბამისად, არ გააჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “რ.-მ”. მან მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად იმსჯელა უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების პრეიუდუციულ მნიშვნელობაზე. ამ გადაწყვეტილებით, მართალია, დადგენილია ქონებაზე საკუთრების უფლებისა და მასთან დაკავშირებული საბუთების გადაცემა, თუმცა აღნიშნული საბუთების გადაცემა არ უკავშირდება ტექნიკური დოკუმენტების გადაცემას. საქმეში არსებული საექსპერტო და ცალკეული სპეციალისტების, ასევე მიმოწერით დადგენილია, რომ ტექნიკური დოკუმენტაცია არის ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოძრაობს ნივთთან ერთად, როგორც სახელმძღვანელო საბუთები. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლში მოცემული საბუთების გადაცემა უკავშირდება გამყიდველის მხრიდან მისი საკუთრების უფლების არსებობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანუ გარიგების გაფორმების მომენტისათვის საჭირო აუცილებელ საბუთებს, რომელიც ადასტურებს გამყიდველის საკუთრების უფლებას გასასხვისებელ ნივთზე, რომელზედაც დამყარებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც საკუთრების უფლების წარმომქმნელი საბუთი, გარიგების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ასევე გადაეცემა მყიდველს.
ტექნიკური დოკუმენტები არ წარმოადგენენ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელ დამაკავშირებელ საბუთებს, რომელიც საკუთრების უფლების არსებობის სამართლებრივ ხასიათს განაპირობებს. ამგვარი დოკუმენტები შეიცავენ ინფორმაციას არა საკუთრების უფლების თაობაზე, არამედ ნივთის ტექნიკურ მახასიათებლებზე, ხაზობრივ კვანძებზე, ცალკეულ მაკომპლექტებელ ნაწილებზე და ა.შ.
საქმეში არსებული მასალები თავადვე ეწინააღმდეგება სასამართლოს დასკვნას, კერძოდ, სს „მ.“ თავის წერილებში ადასტურებს, რომ ტექნიკური დოკუმენტები მას არ ჰქონდა ნივთის გადაცემისას. ამ მასალებით მიხედვით დასტურდება, რომ სს „მ.-ს“ არა თუ გადმოუცია ტექნიკური დოკუმენტები ნასყიდობის გაფორმების დროისათვის, არამედ მისი არსებობის შესახებაც არაფერი იცოდა. იგი მიანიშნებდა სახელმწიფო ორგანოებზე, საიდანაც, სავარაუდოდ, შესაძლებელი იყო ამ საბუთების მოპოვება. სს „მ.-მ“ შეგნებულად დამალა პასპორტი და ტექნიკური დოკუმენტაცია, რათა ჩრდილში დარჩენილიყო ნასყიდობის საგნის იდენტიფიცირება.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია ნივთის ტექნიკური დოკუმენტაციის გადაუცემლობა ნივთობრივ ნაკლად. ტექნიკური დოკუმენტების გადაუცემლობა არ უთანაბრდება ნივთობრივ ნაკლს მისი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობით.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, გამყიდველს ევალება გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა.
მოცემულ შემთხვევაში, დოკუმენტაციის გადაუცემლობა არ წარმოადგენს ნივთის ხარისხთან დაკაშვირებულ გარემოებას, ანუ ნივთობრივ ნაკლს. დოკუმენტაცია წარმოადგენს წერილობით საბუთებს, რომელიც თან ახლავს ნივთს და, რომლის გადაცემის ვალდებულება, ევალება გამყიდველს. ტექნიკური დოკუმენტაციის გადაუცემლობა წარმოადგენს არა ნაკლს, არამედ გარიგებიდან გამომდინარე გამყიდველის განუხორციელებელ მოქმედებას. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ერთმანეთისაგან განასხვავებს ნასყიდობის საგანზე საბუთებისა და ნივთის მიწოდების მოქმედებას. ვინაიდან, დოკუმენტაცია გარიგების წესით გადასაცემ სავალდებულო საბუთებს წარმოადგენს, იგი ნივთის მიწოდებად ვერ იქნება განხილული მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების თვალსაზრისით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით შპს “რ.-ს” მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
დადგენილ ვადაში შპს “რ.-მ” შეავსო ხარვეზი, კერძოდ, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს “რ.-ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “რ.-ს” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისას ვადა არასწორად იქნა ათვლილი, კერძოდ, რ. რ-იას შვილს ქ. რ-იას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 1 დეკემბერს. შპს “რ.-ს” დირექტორ რ. რ-იას კი აღნიშნული განჩინება პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 22 ნოემბერს. საკასაციო საჩივარი კი შეტანილია 2010 წლის 24 დეკემბერს, ანუ 1 დღის დაგვიანებით. საკასაციო სასამართლომ ვადა აითვალა ქეთევან რ-იას მიერ გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების დღიდან, რაც არასწორია. ვადის ათვლა უნდა დაიწყოს რ. რ-იას მიერ აღნიშნული განჩინების ჩაბარების დღიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასახელებული ნორმის თანახმად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 23 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 23 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, შპს “რ.-ს” გადახდილის აქვს სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “რ.-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “რ.-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველად.
რ. რ-იას დაუბრუნდეს შპს “რ.-ის” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარის ოდენობით;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.