Facebook Twitter

ას-141-134-10 3 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ო. ტ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჩ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 11 აგვისტოს ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. ჩ-ძემ ო. ტ-ძის წინააღმდეგ 16691 ლარის დაბრუნების შესახებ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ო. ტ-ძეს დაეკისრა მოსარჩელე ზ. ჩ-ძის სასარგებლოდ ფულადი თანხა 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჩ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1991 წლის 18 აგვისტოს, მოსარჩელე ზ. ჩ-ძესა და მოპასუხე ო. ტ-ძეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ.12), რომლის მიხედვითაც ო. ტ-ძე იღებდა ვალდებულებას კურორტ ბახმაროში, ზ. ჩ-ძისათვის აეშენებინა სამოთახიანი სააგარაკო სახლი 1992 წლის 1 ივლისამდე. შემკვეთი ზ. ჩ-ძე იღებდა ვალდებულებას 1991 წლის 19 აგვისტომდე გადაეხადა მშენებლობისათვის 20 000 მანეთი, ხოლო მშენებლობის დამთავრების შემდეგ 10 000 მანეთი. არსებული შეთანხმების საფუძველზე, ო. ტ-ძემ, 1991 წლის 18 აგვისტოს, ზ. ჩ-ძისაგან მიიღო ფულადი თანხა 20 000 მანეთის ოდენობით, თუმცა ვალდებულება სააგარაკე სახლის აშენებაზე არ შეუსრულებია და არც მიღებული 20 000 მანეთი დაუბრუნებია ზ. ჩ-ძისათვის. 2007 წლის 27 აგვისტოს მხარეთა შეთანხმებით ო. ტ-ძემ თანხმობა განაცხადა 2008 წლის 16 ნოემბრამდე გადაეცა ზ. ჩ-ძისათვის 20 000 მანეთის ეკვივალენტი ლარებში (2007 წლის აგვისტოს ოფიციალური კურსის მიხედვით).

სააპელაციო სასამართლო მიიჩნია რომ, მხარეთა შორის 2007 წლის 27 აგვისტოს შეთანხმების დადება გამოწვეული იყო კურორტ ბახმაროში სააგარაკო ბინის მშენებლობასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის არსებული 1991 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულებით. ვინაიდან, 2007 წლისათვის ბრუნვაში აღარ არსებობდა “მანეთი”, სამოქალაქო კოდექსის 337-338-ე მუხლების შესაბამისად, სადავო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული გამონათქვამი, რომლითაც ო. ტ-ძემ განაცხადა თანხმობა 2008 წლის 16 ნოემბრამდე 20 000 მანეთის ეკვივალენტი ლარებში 2007 წლის აგვისტოს ოფიციალური კურსით გადეცა ზ. ჩ-ძისათვის, გაგებული უნდა იქნას, როგორც თანხმობა, ინფლაციის გათვალისწინებით, მანეთისა და ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, 2007 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 1991 წლის აგვისტოს 20 000 მანეთის შესაბამისი ლარის გადახდაზე, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ე. ჯ-შვილის მიერ, 2008 წლის 24 დეკემბერს, ზ. ჩ-ძისადმი მიწერილი პასუხიდან გამომდინარე შეადგენს 16691 ლარს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ო. ტ-ძემ. კასატორმა მიუთითა, რომ 2007 წლის 27 აგვისტოს დადებულ ხელწერილში არაფერია ნათქვამი ინფლაციაზე და არც იმაზე, რომ მას, 1991 წლის მდგომარეობით რუსული რუბლის შესაბამისი კურსით ლარი უნდა დაებრუნებინა ზ.ჩ-ძისათვის. შესაბამისად, 2007 წლის 27 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილში საუბარია 2007 წლის აგვისტოში მოქმედ რუსულ რუბლზე, როგორც ამჟამად არსებულ სახელმწიფო ფულად ერთეულზე და მხარეთა შორის 2007 წელს დადებული შეთანხმება ეხება რუსულ რუბლს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ტ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ო. ტ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ტ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

ო. ტ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (768 ლარის და 45 თეთრის) 70% - 537 ლარი და 91 თეთრი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.