Facebook Twitter

საქმე # 330802219002918995

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

18I-19 თბილისი

ს-ი ი, 18I-19 31 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატების - ვ. კ-ის, ი. ბ-ისა და ი. ნის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ს-ის

თარჯიმან - ი. მ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. კ-ის, ი. ბ-ისა და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ს-ის მიმართ, რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2013 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის შსს ასტრახანის ოლქის საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა დადგენილება ი. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ი. ს-ს ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2013 წლის 26 დეკემბერს გამოცხადდა ი. ს-ის ძებნა, 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებაში მითითებულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

2014 წლის 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის ქ. ასტრახანის საბჭოთა რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ი. ს-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა 2 თვით, 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებაში აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით; იმავე დღეს გამოცხადდა ი. ს-ის საერთაშორისო ძებნა, 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებაში აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

2015 წლის 23 ივნისს რუსეთის ფედერაციის რუსეთის შსს ცენტრალური ფედერალური ოლქის ტრანსპორტის სამმართველოს საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა დადგენილება ი. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ი. ს-ს ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულებრივი საზოგადოების/ორგანიზაციის შექმნა რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით და ასეთი საზოგადოების /ორგანიზაციის ხელმძღვანელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2015 წლის 1 ივლისს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ხოროშევსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ი. ს-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა 2 თვით, 2015 წლის 23 ივნისის დადგენილებაში აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

2015 წლის 23 ივნისს გამოცხადდა ი. ს-ის მიმართ ძებნა, 2015 წლის 23 ივნისის დადგენილებაში აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

2015 წლის 10 დეკემბრიდან ი. ს-ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

2018 წლის 5 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ს-ი.

2018 წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით იაროსლავ სუმბაევს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2018 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული მასალები.

2018 წლის 15 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი იაროსლავ სუმბაევისა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

2019 წლის 30 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ი.ს-ის ექსტრადიციის თაობაზე.

2019 წლის 1 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. ს-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 5 მაისამდე.

2019 წლის 4 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი იაროსლავ სუმბაევისა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან მიიღო დამატებითი ინფორმაცია ი. ს-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში, ფულის უკანონო დაუფლების მიზნით, ვ. ს-მა დაუდგენელ პირებთან ერთად დაამზადა “ს- რ-ის“ მიერ გამოშვებული N--- და N-- ბარათების ინფორმაციის შემცველი ყალბი პლასტიკური ბარათები. აღნიშნულის შემდეგ, 2012 წლის 29 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ი. ს-მა “ს- რ-ის“ მიერ გამოშვებული N-- და N-- ბარათების ინფორმაციის შემცველი ყალბი პლასტიკური ბარათების გამოყენებით, ასტრახანში მდებარე “ს- რ-ის“ ბანკომატიდან გამოიტანა ჯამურად 9500 რუსული რუბლი. ი. ს-მა მის მიერ უკანონოდ დაუფლებული თანხა განკარგა თავისი შეხედულებისამებრ, რითაც “სბერბანკ როსიას“ მიაყენა 9500 რუსული რუბლის მატერიალური ზიანი.

ამასთან, 2013 წლის 10 ივლისიდან 2014 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში ი. ს-მა, მ. მ-მა და ა. ს-მა შეიმუშავეს სარკინიგზო ბილეთების უკანონო განაღდებასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი გეგმა. ამ მიზნით მათ შექმნეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია და მართავდნენ მას. ზემოაღნიშნული გეგმის შესაბამისად, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებმა, ჰაკერული თავდასხმის გზით უკანონოდ მოიპოვეს იმ კომპანიების/კომპანიის თანამშრომლების ელექტრონული საფოსტო მისამართები, მომხმარებლის სახელები და პაროლები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ სარკინიგზო ბილეთების დისტანციური ონლაინგაყიდვით ინტერნეტწყაროებზე. მითითებული ინფორმაციის მოპოვების შემდეგ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები უკანონოდ აღწევდნენ ზემოაღნიშნული კომპანიების კომპიუტერულ სისტემაში, ამყარებდნენ მასზე დისტანციურ კონტროლს და ამავე კომპანიის ხარჯზე აფორმებდნენ სარკინიგზო ბილეთებს იმ პირებზე, რომლებიც ასრულებდნენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრების მითითებებს, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, კერძოდ, წინასწარ მოძიებულ პირებზე სარკინიგზო ბილეთების უკანონო გაფორმების შემდეგ, მითითებული პირები ბილეთებს აბრუნებდნენ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სადგურების სალაროებში და სანაცვლოდ იღებდნენ ფულს ნაღდი ანგარიშსწორებით. მოგვიანებით, მითითებული გეგმის შესაბამისად, უკანონო გზით მოპოვებული თანხა ნაწილდებოდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებს შორის.

ი. ს-ის, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის და აქტიური წევრის, ფუნქციებში შედიოდა, მათ შორის: ვირუსული კომპიუტერული პროგრამებისა და ახალი წევრების მოძიება, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებს შორის შესაბამისი ფუნქციების განაწილება, თანამონაწილეთა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების დაგეგმვა, დანაშაულებრივი ორგანიზაციის საერთო ხელმძღვანელობა და საქმიანობის ორგანიზება, დანაშაულებრივი შემოსავლების განაწილება, კონსპირაციისა და უსაფრთხოების მეთოდების შემუშავება, მათი შესრულების მოთხოვნა და აგრეთვე, უშუალო მონაწილეობა დანაშაულის ცალკეულ ეპიზოდებში. ამასთან, ი. ს-ის, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, განზრახვა მოიცავდა აგრეთვე ყველა იმ დანაშაულს, რომლებიც ჩაიდინეს ორგანიზაციის წევრებმა ი. ს-ის უშუალო მონაწილეობის გარეშე. ზემოაღნიშნული დროის პერიოდში, ი. ს-ისა და მისი თანამონაწილეების ხელმძღვანელობით დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ ჩადენილი დანაშაულების შედეგად, ცალკეულ კომპანიებს მიადგა მატერიალური ზიანი, არანაკლებ 10 000 000 რუსული რუბლისა.

4. 2019 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი:

ი. ს-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის შსს ასტრახანის ოლქის საგამოძიებო სამმართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებაში ი. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ).

ი. ს-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია შსს ცენტრალური ფედერალური ოლქის ტრანსპორტის სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილებაში იაროსლავ სუმბაევის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულებრივი საზოგადოების/ორგანიზაციის შექმნა რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით და ასეთი საზოგადოების/ორგანიზაციის ხელმძღვანელობა).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ს-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის შსს ასტრახანის ოლქის საგამოძიებო სამმართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებაში ი. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ); ასევე დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ს-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც აღწერილია შსს ცენტრალური ფედერალური ოლქის ტრანსპორტის სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილებაში ი. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულებრივი საზოგადოების/ორგანიზაციის შექმნა რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით და ასეთი საზოგადოების/ორგანიზაციის ხელმძღვანელობა).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველი ადვოკატები - ი. ბ-ი, ვ. კ-ე და ი. ნ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმებას. კასატორების მითითებით, ი. ს-ი იყო კომპიუტერული პროგრამების ძლიერი სპეციალისტი, რის გამოც უშიშროების სამსახური თანამშრომლობისათვის მის გადაბირებას ცდილობდა. ვინაიდან სუმბაევი არ დასთანხმდა აღნიშნულ შეთავაზებას, იგი უკანონოდ მისცეს პასუხისგებაში. ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითებული დრო, ადგილი და არც ის თუ ვისთან ერთად განიზრახა ი. ს-მა დანაშაულის ჩადენა. როდესაც გარანტია გაცემულია ისეთი სახელმწიფოს მიერ, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, საჭიროა, დადგინდეს, რამდენად სარწმუნოა ასეთი გარანტია. კასატორი უთითებს სხვადასხვა ანგარიშზე, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აღწერენ. ამ ანგარიშების მიმოხილვით კასატორი ვარაუდობს, რომ სუმბაევი რუსეთში დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

7. კასატორები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ი. სუმბაევი ეჭვმიტანილია გამომძიებელ ე. შიშკინას მკვლელობის ორგანიზებაში. ე. შ-ა ი. ს-ის სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელიც იყო. მისი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ი. ს-ის სიძის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა. ს-ში დააკავეს ე. შ-ას მკვლელობასა და მკვლელობის შუამავლობაში ეჭვმიტანილი პირები. რუსული გამოცემების მიხედვით, შ-ას მკვლელობის ინიციატორი სწორედ სუმბაევი იყო. ამდენად, რუსეთი ი. ს-ის რუსეთში ექსტრადიციას სწორედ შ-ას მკვლელობაში მისი სამომავლო ბრალდების გამო ითხოვს, ხოლო თუ სუმბაევს მართლაც წარედგინა ბრალი აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი იაროსლავ სუმბაევი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 5 ნოემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში იაროსლავ სუმბაევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. კასატორის მითითება ექსტრადიციის შემთხვევაში იაროსლავ სუმბაევის მიმართ წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის გამოყენების თაობაზე არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან. სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშებით რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ სიტუაციის ზოგადი აღწერა არ არის საკმარისი და იგი საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამათკულოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), N46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73), კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352).

5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომლის თანახმადაც, ექსტრადიციის შემთხვევაში ი. სუმბაევი ისარგებლებს საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული უფლებებით. ექსტრადიციის მოთხოვნა მიზნად არ ისახავს მის დევნას პოლიტიკური თუ სხვა ნიშნების გამო. ამასთან, იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს. საკასაციო პალატას არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს კომპეტენტური ორგანოდან, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან მიღებული გარანტიები.

6. კასატორი უთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ი. სუმბაევის ექსტრადიციას ითხოვს ე. შიშკინას მკვლელობაში მისი სამომავლო ბრალდებისათვის. მუხლი, კი რომლითაც ე. შიშკინას საქმის გამოძიება მიმდინარეობს, სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაცია ი. სუმბაევის ექსტრადიციას ითხოვს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულებრივი საზოგადოების/ორგანიზაციის შექმნა რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით და ასეთი საზოგადოების/ორგანიზაციის ხელმძღვანელობა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად: „პირის ეტაპირების განხორციელების შემდეგ ექსტრადიციის მომთხოვნი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით.“ აქედან გამომდინარე, ეტაპირების შემდეგ დამატებითი შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში, ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს და მას სჭირდება თანხმობა საქართველოს კომპეტენტური ორგანოსგან. ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომელიც უთითებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 66-ე მუხლზე. გარანტიის თანახმად, ი. სუმბაევი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მხოლოდ იმ დანაშაულებისათვის მიეცემა, რომელთა გამოც მისი გადაცემა არის მოთხოვნილი და სასჯელის მოხდის შემდეგ იგი შეძლებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებას.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი იაროსლავ სუმბაევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის შსს ასტრახანის ოლქის საგამოძიებო სამმართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებაში იაროსლავ სუმბაევის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და რომელიც აღწერილია შსს ცენტრალური ფედერალური ოლქის ტრანსპორტის სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2015 წლის 23 ივნისის დადგენილებაში იაროსლავ სუმბაევის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულებრივი საზოგადოების/ორგანიზაციის შექმნა რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით და ასეთი საზოგადოების/ორგანიზაციის ხელმძღვანელობა) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – იაროსლავ სუმბაევის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვახტანგ კვიჟინაძის, იოსებ ბარათაშვილისა და ივანე ნორაკიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე