Facebook Twitter

ას-144-139-2011 14 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს «... ბანკი» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ- ა-ური, ზ- პ-შვილი, ი. ი-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, დავალიანების გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «... ბანკმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ- ა-ურის, ზ- პ-შვილისა და ი. ი-ძის მიმართ სს ,,... ბანკსა’’ და ლ- ა-ურს შორის 2009 წლის 16 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოპასუხეთათვის სს ,,... ბანკის’’ სასარგებლოდ 8962.24 ლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

2009 წლის 16 აპრილს სს ,,... ბანკსა’’ და ლ- ა-ურს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹..., რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი 9350 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, კრედიტის თანხაზე წლიური 33%-ის დარიცხვით. საკრედიტო ხელ-შეკრულების თანახმად, სესხი უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ, სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხეების მიერ არ განხორციელებულა.

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სუბსიდიური ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ზ- პ-შვილსა და ი. ი-ძესთან, რომლის თანახმადაც კონტრაჰენტი მსესხებელთან ერთად იღებს სოლიდარულ პასუხისმგებლობას, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხადოს თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, მოპასუხეებს ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ამჟამად სს ,,პ... ბანკსა’’ და ლ- ა-ურს შორის გაფორმებული ¹... საკრედიტო ხელშეკრულების პირობები სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად სრულად შესრულებულია. ამასთან, გაფრთხილების წერილები არც ერთ მოპასუხეს არ ჩაბარებია, რაც თავისთავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები არაერთგზის არ გაფრთხილებულან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სს «... ბანკის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ლ- ა-ური სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადას არღვევდა და აღნიშნული დადგენილ ფაქტობრივ გარემოებადაა მიჩნეული, მაგრამ მან ვადაგადაცილებული თანხა გადაიხადა და ეს უკანასკნელი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ამჟამად იხდის სესხის ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად. პალატამ აღნიშნა, რომ თავად მოსარჩელე მხარეს აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია და დაადასტურა კიდეც, რომ სასამართლოში სარჩელის განხილვის მომენტისათვის მოპასუხეებს სს «... ბანკის» წინაშე დავალიანება არ ერიცხებათ და თანხის გადახდა ხდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვლილი აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს, ამასთან, შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულების შესრულებაზე. მხარეები უფლებამოსილები არიან, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტონ ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები უნდა იყოს მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორისათვის ზიანის მომტანი, რაც განაპირობებს ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვასა და საკუთარი უფლებების დაცვას. ხელშეკრულების დარღვევის ფარგლები (სიმძიმე, მნიშვნელობა) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელია, ხელშეკრულების პირობების უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაში, როდესაც არც ერთ მხარეს ზიანი არ მისდგომია ან განცდილი ზიანი აუნაზღაურდა.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დროებითი დარღვევით ფაქტობრივად ზიანი არ მისდგომია, ვინაიდან, მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა ვადაგადაცილების შეთანხმებული პირგასამტეხლო და მოსარჩელეს აუნაზღაურდა ის ზიანი, რომელიც მას შეთანხმებული გრაფიკის დარღვევით შეიძლებოდა მისდგომოდა. ამასთან, უდავოა ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოპასუხე შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად იხდის თანხას და მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას «კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 29 დეკემბრის ¹350 ბრძანებაზე, პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული ბრძანება წარმოდგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლითაც ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს მის მარეგულირებელთან ურთიერთობისას და შიდასაქმიანობის განხორციელებისას. სასამართლოში საქმის განხილვისას კი სასამართლო ხელმძღვანელობს კანონით. გარდა ამისა, ამ ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის «დ” პუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის სახელზე გაცემული სესხი არ წარმოადგენს არასტანდარტულ სესხს, ვინაიდან არ აკმაყოფილებს იმ ძირითად პირობებს, რაც ამ ბრძანების მე-5 მუხლის მესამე ნაწილითაა გათვალისწინებული არასტანდარტული სესხისათვის, კერძოდ, არასტანდარტული სესხი არაადეკვატურად არის დაცული მსესხებლის კაპიტალითა და გადახდის უნარით, ანდა გირაოს ან იპოთეკის ღირებულებით. არასტანდარტულად კლასიფიცირებულ სესხს გააჩნია ისეთი სისუსტეები ან პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დავალიანების დაფარვას ან საეჭვოს ხდის მთლიან გადახდას, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ არსებობს. ბანკს კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების დროებითი შეუსრულებლობით, კერძოდ კი, გადახდის ვადის გადაცილებით, არ მისდგომია ისეთი სახის ზიანი, რომელსაც შეეძლო, გამოეწვია მისი მხრიდან ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვა, მით უფრო, რომ ვადაგადაცილებული თანხა გადახდილ იქნა და სესხი გახდა სტანდარტული სახის, როგორც ამას ითვალისწინებდა ზემოაღნიშნული ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი.

ამდენად, პალატამ გაიზირა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და თავის მხრივ მიაჩნია, რომ მოსარჩელის პოზიცია ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების პრევენციას. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მეორე ნაწილით კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს ბანკის წინაშე დავალიანება არ ერიცხება და დღეის მდგომარეობით თანხას იხდის გრაფიკის შესაბამისად, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა ვადაგადაცილების შეთანხმებული პირგასამტეხლო, პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელე მხარეს აუნაზღაურდა ის ზიანი, რომელიც მას შეთანხმებული გრაფიკის დარღვევით შეიძლებოდა მისდგომოდა. ამდენად, აპელანტის ეს მოსაზრებაც მოკლებულია საფუძვლიანობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს «... ბანკმა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 873-ე და 405-ე მუხლები, რომელიც სადავო ურთიერთობას არეგულირებდა. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სადავო სესხი არასტანდარტული სახისაა და არასწორად განმარტა «კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 29 დეკემბრის ¹350 ბრძანების პირველი პუნქტი. არასტანდარტულად კვალიფიცირებული სესხი მსესხებლის გადახდისუნარიანობის გაუმჯობესებისას ვერ გახდება სტანდარტული, რადგან სესხის გადაუხდელი ნაშთის 30% დარეზერვებულია მანამ, სანამ სესხი სრულად არ დაიფარება.

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლი, რომლის შინაარსი მოწმობს, რომ პირგასამტეხლო დამდგარ ზიანს არ ცვლის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით სს «... ბანკის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს «... ბანკის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის, პირგასამტეხლოსა და დავალიანების გადახდევინების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს «... ბანკს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 27 იანვარსა და 11 თებერვალს მის მიერ გადახდილი 303,56 და 144,53 ლარის, სულ _ 448,09 ლარის 70% _ 313,66 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «... ბანკის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ სს «... ბანკს» (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 313,66 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.