საქმე ¹ას-146-139-2010 29 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ლ. ჭ-შვილი, გ. კ-იანი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. (მოსარჩელე), გ. და დ. კ-ძეები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ცნობა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. და დ. კ-ძეების, გ. კ-იანისა და ლ. ჭ-შვილის მიმართ საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ე. კ-ძის სარჩელი გ. და დ. კ-ძეების, გ. კ-იანისა და ლ. ჭ-შვილის მიმართ საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ და სამოქალაქო საქმე ე. კ-ძის სარჩელის გამო გ. და დ. კ-ძეების, გ. კ-იანის, ლ. ჭ-შვილისა და მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიმართ შპს “ჯ. მ.” საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ.
ლ. ჭ-შვილმა და გ. კ-იანმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ე. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 11 ივნისის საარბიტრაჟო შეთანხმება დადებული, ერთი მხრივ, ე. კ-ძესა და, მეორე მხრივ, ლ. ჭ-შვილსა და გ. კ-იანს შორის, გაუქმდა შპს “ჯ. მ.” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 12 იანვრის ¹1-109 გადაწყვეტილება ე. კ-ძის კუთვნილი 1/2 წილი უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისში, ... ქ¹20-ში აუქციონზე რეალიზაციის ნაწილში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ჭ-შვილმა და გ. კ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ლ. ჭ-შვილისა და გ. კ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ჭ-შვილმა და გ. კ-იანმა. კასატორებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა მათ აღნიშნული შუამდგომლობა არ დაუსაბუთებიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით კასატორთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაოაბზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
დადგენილ ვადაში ლ.ჭ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განჩინება მას გადაეცა დაგვიანებით, ხოლო გ.კ-იანს არ გადასცემია, ვინაიდან იგი საქართველოში არ იმყოფება, ამასთან, მხარის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, განმცხადებელმა დადგენილი ხარვეზის გამოსწორება ვერ უზრუნველყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, ლ. ჭ-შვილსა და გ. კ-იანს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაიგზავნა კასატორთა მიერ მითითებულ მომსახურე ორგანიზაციის მისამართზე და ჩაბარდა თ. დ-ს 2010 წლის 12 მარტს (იხ ტ.III, ს.ფ.126).
2010 წლის 22 მარტს ლ.ჭ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჭ-შვილისა და გ. კ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დარღვევით განხორციელებულ ქმედებას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება და განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, გ. კ-იანსა და ლ. ჭ-შვილს საკასაციო საჩივარს 2010 წლის 5 მარტის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაიგზავნა კასატორთა მიერ მითითებულ მათი მომსახურე ორგანიზაციის მისამართზე და 2010 წლის 12 მარტს ჩაბარდა ადრესატს ორგანიზაციის თანამშრომელს _ თ. დ-ს (იხ. ტ.III, ს.ფ.126).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამუშაო ადმინისტრაციისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება საკმარისი საფუძველია სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევისათვის, ასევე კანონით თუ სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის ასათვლელად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 13 მარტს და ამოიწურა ამავე თვის 17 მარტს, ხოლო ლ. ჭანტურაშვილმა საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა 2010 წლის 22 მარტს _ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჭ-შვილისა და გ. კ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ლ. ჭ-შვილსა და გ. კ-იანს უნდა დაუბრუნდეთ ლ. ჭ-შვილის მიერ 2010 წლის 22 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ჭ-შვილისა და გ. კ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
ლ. ჭ-შვილსა და გ. კ-იანს დაუბრუნდეთ ლ. ჭ-შვილის მიერ 2010 წლის 22 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.