Facebook Twitter

ას-147-140-10 10 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე;

კასატორი – ს., ა. და ნ. გ-შვილები, მ. ს-ევა (მოპასუხე);

წარმომადგენელი – ი. მ-ძე;

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჯ-ძე (მოსარჩელე);

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა;

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 7 თებერვალს ლ. ჯ-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა, მოპასუხეების ს., ა., ნ., დ. გ-შვილებისა და მ. ს-ევას მიმართ და მათი ქ. თბილისში, ... 326-ე კორპუსის ¹18 ბინიდან გამოსახლება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ბინა მისი საკუთრება იყო და მოპასუხეებს მიაქირავა. შემდგომში კი ფართი თავად დასჭირდა, მოპასუხეები კი მის დაცლაზე უარს აცხადებდნენ.

2009 წლის 14 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთაგან ოთხი პირის – ს., ა., ნ. გ-შვილისა და მ. ს-ევას წარმომადგენელმა სარჩელი სცნო, ხოლო დ. გ-შვილი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ... 326-ე კორპუსის ¹18 ბინა გამოთხოვილ იქნა ს., ა., ნ. გ-შვილისა და მ. ს-ევას უკანონო მფლობელობიდან.

საქალაქო სასამართლოს იმავე სხდომაზე მ. ს-ევას მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ... 326-ე კორპუსის ¹18 ბინა გამოთხოვილ იქნა დ. გ-შვილის უკანონო მფლობელობიდან.

2009 წლის 4 აგვისტოს ს., ა., ნ. გ-შვილმა და მ. ს-ევამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. აპელანტების მტკიცებით, ლ. ჯ-ძეს მათთვის გადასახდელი აქვს 14 247 ლარი და 6 200 აშშ დოლარი. სწორედ ამიტომ, მათ სარჩელი იმ პირობით სცნეს, რომ თუ ლ. ჯ-ძე მასზე დაკისრებულ ვალდებულებას არ შეასრულებდა, ბინას არ დაცლიდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული ასახული არ არის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ს., ა. და ნ. გ-შვილების, ასევე მ. ს-ევას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენდნენ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ს., ა. და ნ. გ-შვილებმა, ასევე მ. ს-ევამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოითხოვნით. კასატორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ უნდა მომხდარიყო მოპასუხეების გამოსახლება სადავო ბინიდან, მაშინ როდესაც ლ. ჯ-ძეს ჯერ კიდევ შესასრულებელი ჰქონდა თანხის გადახდის ვალდებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებით ს., ა. და ნ. გ-შვილების, მ. ს-ევასა და მათ წარმომადგენელ ი. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს., ა. და ნ. გ-შვილების, მ. ს-ევასა და მათ წარმომადგენელ ი. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ს., ა. და ნ. გ-შვილების, მ. ს-ევასა და მათ წარმომადგენელ ი. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ი. მ-ძის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟის 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს., ა. და ნ. გ-შვილების, მ. ს-ევასა და მათ წარმომადგენელ ი. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ ი. მ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებისათვის) ანგარიშიდან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.