Facebook Twitter

ას-148-143-2011 14 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ქ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ სამანქანო გზით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ქ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ-ძის მიმართ საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი სამანქანო გზით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1966-1971 წლებში მოსარჩელე შუახევის რაიონიდან ჩასახლდა დაბა ჩ-ში, ...ის ქ.¹10-ში და დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. 1977 წლიდან მისი ოჯახი სარგებლობს საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი ერთადერთი სამანქანო გზით, რომელიც უკანონოდ მიითვისა მოპასუხის ოჯახმა. გზა არ წარმოადგენს ა. ბ-ძის საკუთრებას, რადგან მას კანონიერად ერიცხება 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 300 კვ.მ საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი სადავო გზა სრულიად უკანონოდ აქვს მითვისებული.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ბ-ძეს დაევალა ა.ქ-ძის საცხოვრებელი სახლის აუცილებელ საჯარო გზასთან დამაკავშირებელი სამანქანე გზის აღდგენა, ასევე აღნიშნულ გზაზე არსებული გადამღობი ჭიშკრის დანგრევა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ძემ.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ა. ქ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქობულეთის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1975 წლის 6 თებერვლის ¹40 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალში შუახევის რაიონიდან ჩასახლდა 12 ოჯახი, მათ შორის, ა. ქ-ძე და ა. ბ-ძე. მათ ცალ-ცალკე, ერთმანეთის მეზობლად ...ის ქ.¹10-სა და ¹8-ში მიეზომათ 1500-1500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, სადაც ააგეს კაპიტალური საცხოვრებელი სახლი და დღემდე ცხოვრობენ. აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებითაც. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ა. ბ-ძის საკუთრების უფლება დაბა ჩ-ში, ...ის ქუჩა ¹8-ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 2007 წლის 27 დეკემბერს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა ¹2431, ხოლო საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 29 ივლისის ¹1 გადაწყვეტილებით ზემოხსენებული საკუთრების უფლების მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი. შემდგომში კომისიამ ადგილზე გასვლით დაათვალიერა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის სადავო მისასვლელი გზა კომისიის მიერ გაცემული 2431-ე საკუთრების უფლების მოწმობით აღიარებულ საზღვრებში არ მდებარეობდა და 2008 წლის 4 აგვისტოს ¹94 გადაწყვეტილებით კომისიამ თავისი 2008 წლის 29 ივლისის ¹91 გადაწყვეტილება ბათილად ცნო. ამდენად, სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ ა. ბ-ძეს ამჟამად გააჩნია ორი ერთმანეთის გვერდით განთავსებული მიწის ნაკვეთი, ერთი მიღებული აქვს 1975 წლის 6 თებერვლის ¹40 გადაწყვეტილებით, ხოლო მეორე – 2007 წლის 27 დეკემბრის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების ¹2431 მოწმობით. თითოეული ნაკვეთის ზომად საჯარო რეესტრის ჩანაწერებში მითითებულია 1500 კვ.მ. 2008 წლის 22 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკადასტრო გეგმით ასევე დასტურდება, რომ ორივე ნაკვეთი ამჟამად გაერთიანებულია და მინიჭებული აქვს ერთი ნაკვეთის ¹37, რომლის მთლიანი ფართია 3000 კვ.მ. ზემოხსენებულის შესახებ საჯარო რეესტრის მონაცემები ა. ქ-ძეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის საფუძველზე ისინი სწორად მიიჩნევა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლით და მიიჩნია, რომ, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების მიხედვით, სამანქანო გზის მოწყობა სადავო გზის მონაკვეთში სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით ა. ბ-ძის ნაკვეთის სამხრეთის იმ უმეტეს ნაწილს დაიკავებს, რომელზედაც მოწყვეტის ნაპრალები შეიმჩნევა. შესაბამისად, საჭირო გახდება სერპანტინის მოწყობა, რაც მშენებლობის არაკანონზომიერ ხარჯებს გამოიწვევს. ექსპერტიზამ ერთმნიშვნელოვნად დაასკვნა, რომ არსებობს უკეთ მოსახერხებელი, ალტერნატიული გზა, რომელიც ა.ქ-ძეს საჯარო გზასთან დააკავშირებს. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული სამეზობლო თმენის ვალდებულება არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ქ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე, 82-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-13 მუხლი, «სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის» მე-12 მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 174-ე და 180-ე მუხლები. ა. ბ-ძეს სასამართლო გადაწყვეტილებით დაევალა გაუქმებული გზის ადგენა, თუმცა მან ისარგებლა მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის გამოუცდელობით და საკუთრებაში გაიფორმა სადავო ტერიტორია. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი საფუძველი, კერძოდ, ამჟამად შეუძლებელია ადრე არსებული აუცილებელი გზის ჯეროვნად გამოყენება.

სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები და საქმეში არსებული მტკიცებულებები _ ექსპერტიზის დასკვნები მითითებული ნორმის შესაბამისად არ შეაფასა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით ა. ქ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია სამანქანო გზით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. ქ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 4 მარტს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ქ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ა. ქ-ძეს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.