ას-150-144-2011 14 თებერვალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. წ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ძე, თ. ს-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მ. წ-ძის სარჩელი მოპასუხეების _ გ. ს-ძისა და თ. ს-ძის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. წ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება, მ. წ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ს-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2672 აშშ დოლარისა და 2 აშშ ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ. წ-ძეს სახელმწიფო ბაიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 74 აშშ დოლარისა და 4 აშშ ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
2011 წლის 25 იანვარს მ. წ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 330 ლარის დაბრუნება და სასამართლოს მიერ მ. წ-ძისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული 74 აშშ დოლარისა და 4 აშშ ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდისაგან გათავისუფლება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ვერ შეძლო დროულად წარედგინა დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 45790, ვინადან მიმდინარეობდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზის ქულების გადაანგარიშება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. წ-ძის განცხადება მიჩნეულ იქნა ფორმის დაუცველად წარმოდგენილ საკასაციო საჩივრად, ვინაიდან განმცხადებელი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და სურს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის (განცხადების) დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი მ. წ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 18 დეკემბერს (ტ.2, ს.ფ.83), ხოლო საკასაციო საჩივარი (განცხადება) კი მან ფოსტაში ჩააბარა 2011 წლის 22 იანვარს (ს.ფ.85-87), ე.ი. გასაჩივრების ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. წ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. წ-ძის საკასაციო საჩივარი (განცხადება) დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.