Facebook Twitter

ას-151-145-2011 10 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: Pპ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს “...ბანკი”

წარმომადგენელი _ რ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი/მ ა. ხ-ია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ჯარიმის გაუქმება, სესხის ხეშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი (რესტუქტურიზაცია) და დამატებითი კრედიტის გაცემის დავალდებულება (სამეწარმეო საქმიანობის რეფინანსირება)

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ ა. ხ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი/მ ა. ხ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სს “...ბანკის” მიერ 2008 წლის 19 მარტის ¹0017-1 და 2008 წლის 28 მაისის ¹0017-2 დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე ი/მ ა. ხ-იაზე დარიცხული პირგასამტეხლო (ჯარიმა), ¹0017-1 და ¹0017-2 დამატებითი ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 14 მარტამდე, სს “...ბანკს” დაევალა ¹0017-1 და ¹0017-2 დამატებითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებითა და საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, ი/მ ა. ხ-იას მიერ შესრულებული ვალდებულების გათვალისწინებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2018 წლის 14 მარტამდე პერიოდზე სესხის დაფარვის ახალი გრაფიკის შედგენა, ი/მ ა. ხ-იას სასარჩელო მოთხოვნა 30 000 აშშ დოლარის გაცემაზე დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებაზე სს “...ბანკის” დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი/მ ა. ხ-იას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა სს “...ბანკმა”, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “...ბანკის” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კასატორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2010 წლის 15 დეკემბერს, რაც დადასტურებულია ბანკის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბანკის ბეჭდით (ს.ფ. 321). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დინება მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 16 დეკემბერს და დასრულდა 2011 წლის 17 იანვარს. კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 21 იანვარს, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სს “...ბნაკის” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “...ბანკის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. სს “...ბანკს” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.