ას-15-14-2010 15 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ. მ-შვილი (მოპასუხე)
წარმომადგენელი – ე. ნ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს პედაგოგიური ინსტიტუტი “ლ-ი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 17 მარტს შპს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტ “ლ-ის” დირექტორმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმარტა და ქუთაისი მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, აღნინული გადაწყვეტილებით შ. მ-შვილი აღდგენილ იქნა შპს “ლ-ის” წევრად, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი. აღნშნული გადაწყვეტილება იყო უკანონო, რადგანაც საზოგადოება, როგორც მხარე, პროცესზე მოწვეული საერთოდ არ ყოფილა, გარდა ამისა, მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება საქმის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ. მოსარჩელის მტკიცებით, შ. მ-შვილი არასოდეს ყოფილა საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, იგი ერთ-ერთ თანამდებობას იკავებდა მხოლოდ, რომელიც შემდგომში გაუქმდა, ასევე, მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რადგანაც საზოგადოების ხელახალი რეგიტრაცია 1996 წელს მოხდა, გადაწყვეტილება კი 2007 წელსაა მიღებული.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით შპს პედაგოგიურ ინსტიტუტ “ლ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს პედაგოგიურ ინსტიტუტ “ლ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქუთაისი მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, ასევე გაუქმდა ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2007 წლის 25 იანვარს შ. მ-შვილსა და შპს “ლ-ის” თავმჯდომარე ჟ. ჯ-ძეს შორის შედგა შეთახნმება მათ შორის არსებული დავის ქუთაისის საარბიტრაჟო სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ;
2. შ. მ-შვილმა არბიტრაჟს პრეტენზიით მიმართა, ხოლო ჟ. ჯ-ძემ წერილობით, რომლითაც პრეტენზიის ნამდვილობა დაადასტურა;
3. საქმის განხილვისას მეორე მხარემ პრეტენზია ცნო;
4. ქუთაისი მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. მ-შვილი აღდგენილ იქნა შპს “ლ-ის” წევრად, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი. გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს “ლ-ის” წარმომადგენელმა საქმის განხილვისას პრეტენზია სცნო, მხარეთა შორის დავა არ არსებობდა, შესაბამისად, საარბიტრაჟო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი აღნიშნული საკითხი განეხილა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შ. მ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორის მტკიცებით, გადაწყვეტილება იყო უკანონო, რადგანაც სასასმართლომ არასწორად განმარტა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის ნორმები. ის, რომ მხარემ საქმის განხილვისას პრეტენზია ცნო, არ მიუთითებდა დავის არარსებობაზე. გარდა ამისა, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, კერძო არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს მხოლოდ სამოქალაქო დავები. “სამოქალაქო დავები” გულისხმობს ქონებრივ და არა პირად არაქონებრივ დავებს. მოცემულ შემთხვევაში კი დავა ქონებრივი იყო. 1991 წელს შ. მ-შვილი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო. იგი საზოგაოდებიდან გარიცხული არ ყოფილა. 1996 წელს საზოგადოების ხელახალი რეგისტრაციისას კი, შ. მ-შვილი წევრად არ აღრიცხულა, ამასთან მისი წილი არავის შეუსყიდია. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საარბიტრაჟო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გააუქმა კერძო არბიტრაჟის 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ არბიტრაჟი უფლებამოსილი არ იყო განეხილა მოცემულ საქმეზე საარბიტრაჟო სარჩელი, რადგან მხარეთა შორის დავა არ ყოფილა. Aაღნიშნულის თაობაზე სასამართლოს არგუმენტები ასეთია- თავიდანვე ნათელი იყო, რომ მხარეთა შორი დავა არ ყოფილა, შპს ,,ლ-ს არც უცდია საარბიტრაჟო პრეტენზიისაგან თავის დაცვა, იგი თავიდანვე Eეთანხმებოდა პრეტედენტს და საქმის განხილვისას ცნო სარჩელი.
უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მითითებული გადაწვეტილება დაუსაბუთებელია. უპ. ყოვლისა გაუგებარია, თუ რა იგულისხმება სასამართლოს მითითებაში, რომ თავიდანვე ნათელი იყო მხარეთა შორის დავის არ არსებობის ფაქტი. გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში აღნიშნულის თაობაზე არაფერი არ არის მითითებული. სამართლებრივი დასაბუთება ყოველთვის გამომდინარეობს კონკრეტული ფაქტებიდან. ასეთი ფაქტების მითითების გარეშე კი შეუძლებელია შესაბამისი დასკვნის გამოტანა.
იგივე უნდა ითქვას, გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საფუძვლებზეც. ის გარემოება, რომ შპს ,,ლ-ის’’ წარმომადგენელს არ უცდია საარბიტრაჟო პრეტენზიისაგან თავის დაცვა და ცნო სარჩელი, არ შეიძლება მივიჩნიოთ მხარეთა შორის დავის არსებობის გამომრიცხავ გარემოებად. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული საფუძვლებით სადავო გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლებელია.
დავის პერიოდისათვის მოქმედი ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ’’ კანონის 43-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება თუ დარღვეულია არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან ამ კანონით დადგენილი წესები. აპელანტი სწორედ ასეთი დარღვევების თაობაზე უთითებდა სააპელაცილ საჩივარში, რაზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. აღნიშნულით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ელი ქვეპუნქტის მოთხონები. გადაწყვეტილება იმდენად არასრულადაა დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ხელახლა უნდა იქნეს განხილული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე და 394-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის ხელახალი განხილვისას სასმართლომ უნდა დაადგინოს ჩატარდა თუ არა სხდომა არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისას, ჩატარდა თუ არა იგი კანონის მოთხონათა დაცვით და მიწვეული იყო თუ არა მხარე კანონით დადგენილი წესით სასამართლო სხდომაზე. ამასთან სასამართლომ უნდა შეაფასოს რამადენად შეესაბამება საარბიტრაჟო შეთანხმება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.