Facebook Twitter

ას-152-144-10 10 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თ. თოდრია, ლ. ლაზარაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბ. ა-ევი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ა. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ა. ა-ევი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – გ. ხ-ძე

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი –ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. ა-ევმა და მოითხოვა მოპასუხისათვის მისი მიწის ნაკვეთზე სასაზღვრო მიჯნის აღმართვის ხელშეშლის აკრძალვა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის სახლის 4 ფანჯარა მისი ეზოს მხარესაა, რის გამოც ხშირია მეზობლებს შორის კონფლიქტური სიტუაციები. აღნიშნულის თავის ასაცილებლად, მოსარჩელემ დაიწყო სამეზობლო მიჯნის აღმართვა მთელ საზღვარზე, მოპასუხის სახლთან, თავისი მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შიდა მხარეს 70 სმ-ით შეწია მიჯნა და ააშენა კიდეც ერთი მეტრის კედელი მოპასუხის სახლის წინაც, თუმცა კედლის ბოლომდე აშენების შესაძლებლობა მას არ მისცა მოპასუხემ. სამეზობლო მიჯნა აშენებულია სამეზობლო საზღვრის მთელ სიგრძეზე, რაშიც მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ა-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ბ. ა-ევს აეკრძალა მოსარჩელის მიერ სამეზობლო ღობის აღმართვის ხელშეშლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ა-ევმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით ბ. ა-ევის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეები არიან მეზობლები და მათი მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ემიჯნება იმგვარად, რომ მოსარჩელის ეზოს მიჯნაზე დგას მოპასუხის საცხოვრებელი სახლი.

მოსარჩელემ მთელ სამეზობლო საზღვარზე საკუთარი ხარჯით ააშენა სამეზობლო მიჯნა (ღობე), მოპასუხის სახლთან კი თავის ეზოში 70 სმ-ით შიგნით შემოსწია ღობის ადგილი და დაიწყო ღობის აშენება, რომელიც აშენებულია 1 მეტრამდე. დადგენილია, რომ მოპასუხე ხელს უშლის მოსარჩელეს სახლის წინ დაწყებული ღობის აღმართვის დამთავრებაში.

მოპასუხე ბ. ა-ევის საცხოვრებელი სახლის ერთი კედელი გადის სამეზობლო მიჯნაზე, რის გამოც მოსარჩელე სადავო ღობეს აშენებს უშუალოდ საკუთარი მიწის ნაკვეთში, სასაზღვრო მიჯნიდან 70 სმ-ით შიგნით.

მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს შეკითხვაზე თავადვე განმარტა, რომ მისი სახლი ზუსტად ემიჯნება მოსარჩელის მიწის ნაკვეთს და მდებარეობს სამეზობლო მიჯნაზე, რაც შემდგომ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე უარყო.

პალატამ არ გაიაზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ დაწყებული ე.წ. ღობის მშენებლობა, არაფრით განსხვავდებოდა საცხოვრებელი სახლის კედლისგან, რის გამოც დაირღვა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 2001 წლის 18 სექტემბრის ¹57 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ნებადართულია საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთის საზღვრიდან არანაკლებ 5 მეტრისა.

ზემოხსენებულთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის ¹1-1/1254 ბრძანებით, ამასთან, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ ეს მოთხოვნა დაარღვია თავად აპელანტმა, ვინაიდან მისი სახლი აშენებული იყო უშუალოდ სამეზობლო მიჯნაზე.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ა-ევმა.

კასატორის აზრით, არ დაკმაყოფილდა ბ. ა-ევისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის წარმოედგინა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გეგმა – ნახაზი დამოწმებული სათანადო ორგანოს მიერ. აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადგინდებოდა ორივე მხარის მიწის ნაკვეთების ზუსტი საზღვარი და მხოლოდ ამ გარემოების დადგენის შემდეგ შეიძლებოდა მსჯელობა, თუ რომელი მხარის ნაკვეთზე მიმდინარეობს ე.წ ღობის აღმართვა და არსებობდა თუ არა უკანონო ხელშეშლა ბ. ა-ევის მხრიდან.

ამასთან, კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვერც ერთი მხარე ვერ ადასტურებს, თუ სად გადის საზღვარი მიწის ნაკვეთებს შორის, ასეთ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მოსარჩელის მიერ აღმართული მიჯნა – ყრუ კედელი, მდებარეობს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვარზე. გამომდინარე აქედან, მეორე მხარეს არა აქვს უფლება, აღმართოს ღობე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის გარეშე ან საპროექტო გადაწყვეტილების შესაბამისად.

საკასაციო საჩივარში ასევე აღინიშნა, რომ ბეტონის ბლოკებით აშენებული კედელი ხელს უშლის კასატორის ფანჯრებში ჰაერისა და მზის შუქის შეღწევას. ბ. ა-ევმა განმარტა, რომ იგი თანახმა იქნებოდა მიჯნის აღმართვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღობე გაკეთდებოდა მავთულბადით ან სხივგამტარი მასალით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით ბ. ა-ევის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის სასამართლო განხილვისას დადგენილია, რომ კასატორის _ ბ. ა-ევის სახლის ოთხი ფანჯარა ესაზღვრება ა. ა-ევის ეზოს მხარეს, სადაც ა. ა-ევმა დაიწყო სამეზობლო მიჯნის აღმართვა მთელ საზღვარზე ბეტონის ბლოკებით.

საქმის განხილვისას სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ კასატორის სახლის ოთახებს სხვა მხარეს არ აქვთ ფანჯრები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლი უფლებას აძლევს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აღმართოს სასაზღვრო მიჯნა. მიუხედავად ამისა, სასაზღვრო მიჯნის აღმართვამ არ უნდა გამოიწვიოს მეზობლის მდგომარეობის გაუარესება, მისი უფლებების შეზღუდვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს.

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებანი, კერძოდ, ის გარემოება, თუ რა გავლენას მოახდენს ღობის აღმართვა მოპასუხის მდგომარეობაზე - დაირღვევა თუ არა მისი უფლებები მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ქმედების განხორციელებისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა ემსჯელა იმის თაობაზე, შესძლებელი იქნება თუ არა მოპასუხის მიერ ფანჯრების დანიშნულებისამებრ გამოყენება ღობის აღმართვის შემთხვევაში. მიეწოდება თუ არა ჰაერი ან სინათლე იმ ოთახებს, რომლებზედაც განლაგებულია ფანჯრები.

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზეც. ბუნებრივია, ჰაერისა და სინათლის სახლისათვის არასაკმარისად მიწოდებამ შესაძლო გავლენა მოახდინოს მოპასუხის ჯანმრთელობაზე, რაც გამოკვლეული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო ნორმების დაცვა უნდა მოხდეს მშენებლობის განმახორციელებლისა და იმ პირის მდგომარეობის გათვალისწინებით, ვის უფლებებზეც გავლენას ახდენს აგებული ნაგებობა. ის გარემოება, რომ თითქოს მოპასუხის სახლი სამშენებლო ნორმების დარღვევით არის აშენებული მოცემულ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს. ხოლო ვიდრე სახლი არსებობს, მასში მცხოვრებ პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დანიშნულებისამებრ გამოიყენონ სახლის ყოველი ატრიბუტი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებული თვალსაზრისით არ უმსჯელია, რის გამოც მოცემული საქმის დასაბუთება არასრულია. შესაბამისად უნდა მოხდეს საქმის ხელახალი განხილვა სააპელაციო სასამართლოს მიერ. საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს ზემოთმითითებული გარემოებანი და ამ გარემოებათა გათვალისწინბით უნდა იქნეს მიღებული შესაბამის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ა-ევის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.