Facebook Twitter

ას-153-147-2011 22 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ფ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები _ მ. ფ-ძე და ა. ფ-ძე გამოსახლებულ იქნენ ვ. ბ-შვილის საკუთრებაში არსებულ ქარელში, დაბა აგარაში, ... ქ. ¹11-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან და მასზე აღმართული საცხოვრებელი სახლიდან.

აღნიშნული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ფ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ფ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მ. ფ-ძეს ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 2011 წლის 3 მარტს. მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

2011 წლის 18 მარტს მ. ფ-ძემ წარმოადგინა ამონაწერი და ცნობა სოციალური მომსხურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილებიდან, რომლის მიხედვითაც მ. ფ-ძის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 28650, ასევე კასატორმა წარმოადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი მონაცემის ერთიანი ბაზიდან და მოითხოვა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინების ასლი მ. ფ-ძეს ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 2011 წლის 3 მარტს (ს.ფ.76). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 4 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 9 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში მ. ფ-ძემ ცნობა სოციალური მომსხურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილებიდან, და ამონაწერი სოციალურად დაუცველი მონაცემის ერთიანი ბაზიდან წარმოადგინა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.