ას-154-146-10 20 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ა-იადი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ისი (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2009 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ლ. მ-ისმა და ე. მ-შვილმა მოპასუხე გ. ა-იადის მიმართ და მოითხოვეს გ. ა-იადისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღისათვის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის 1460 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით გადახდის სანაცვლოდ ქ.თბილისში, ... ქ. ¹6-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ისის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. მ-ისმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ისის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. მ-ისი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹6-ში მდებარე, საკადასტრო გეგმაზე ¹1-ით აღნიშნულ შენობაში ფაქტობრივად დაკავებული 29,19 კვ.მ ფართის მესაკუთრედ, მოწინააღმდეგე მხარე გ. ა-იადისათვის 3648 აშშ დოლარისა და 75 ცენტის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტის გადახდის სანაცვლოდ.
სასამართლომ მიუთითა, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ლ. მ-ისი წარმოადგენდა მოსარგებლეს და სადავო საცხოვრებელ სადგომს ფლობდა საცხოვრებელი სადგომის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე, მისი მოთხოვნა, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სადავო საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე, საფუძვლიანია. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნა არ შეცვლილა, ის კვლავაც ითხოვს საკუთრების უფლების გადაცემას სადავო საცხოვრებელ ფართზე, მაგრამ არა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე, რომლის შემთხვევაშიც საკუთრების უფლება მოსარგებლეზე გადადის არა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10%-ის, არამედ 25%-ის მესაკუთრის სასარგებლოდ გადახდის შემთხვევაში.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ა-იადმა. მან განმარტა, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ა” პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსარგებლეა პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის ანუ 1998 წლის 25 ივნისისათვის კეთილსინდისიერად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან ფლობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით, ხოლო გარიგება საცხოვრებელი სადგომის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს სადავო სადგომში რეგისტრაციით და კომუნალური გადასახადების გადახდით. პირი მიჩნეულია მოსარგებლედ, თუ იგი კანონის მიღების მომენტისათვის ანუ 1998 წლის 25 ივნისის დროისათვის ფლობს საცხოვრებელ სადგომს, ხოლო ფლობის დადასტურებისათვის კანონი ითხოვს ორივე გარემოების ერთდროულად არსებობას. ლ. მ-ისი ამ კანონით აღიარებული უფლებით ვეღარ ისარგებლებდა 1995 წლიდან, ვინაიდან აღარ იყო რეგისტრირებული გარიგებით გათვალისწინებულ მისამართზე და არც საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების ქვითრებით დგინდება მის მიერ კანონის მიღების მომენტისათვის ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-იადის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას გ. ა-იადის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ა-იადის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
გ. ა-იადს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.