Facebook Twitter

ას-155-147-2010 1 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. ქ-ური (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ო. კ-შვილი, ე. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ძე, ე. მ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრისა და 15 ოქტომბრის განჩინებები

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. მ-ძემ და მ. კ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. ქ-ურის მიმართ მამკვიდრებელ დ. ე-ძესა და მოსარჩელეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების _ 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით (იხ. დაზუსტებული სარჩელი ტ.I, ს.ფ. 26-27).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ე. მ-ძისა და მ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ქ-ურს მოსარჩელე ე.მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის, ასევე 5000 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა მოპასუხეს მ.კ-ძის სასარგებლოდ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-ურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ი.ქ-ურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინება ახალი მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.ქ-ურის წარმომადგენლებმა ო. კ-შვილმა და ე. გ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე ე.გ-ძისა და ო.კ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლების წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა კასატორს 2010 წლის 9 მარტს (იხ.ტ.II, ს.ფ.120). ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ქ-ურის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ი. ქ-ურის საკასაციო საჩივარს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე ე.გ-ძისა და ო.კ-შვილი ადვოკატის მოწმობის ასლების წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და 2010 წლის 9 მარტს ჩაბარდა ადრესატს (იხ. ტ.II, ს.ფ.120).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 10 მარტს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 14 მარტი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 15 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ქ-ურის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ქ-ურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.