ას-156-148-10 14 აპრილი 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი)
თ. თოდრია, ლ. ლაზარაშვილი
კასატორი _ შპს “ს-ა” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ი-ი” (მოსარჩელე)
დავის საგანი – პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 11 სექტემბერს შპს “ი-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს “ს-ის” მიმართ მოპასუხის მიერ მის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის _ 150804,97 ლარის სრულად დაბრუნების მოთხოვნით.
სარჩელში მითითებულია, რომ 2007 წლის 16 ნოემბერს შპს “ი-სა” და შპს “ს-ას” შორის გაფორმდა ¹...... ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა სხვადასხვა სახისა და ღირებულების სარკინიგზო რელსები. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 8378054 ლარი დღგ-ს გარეშე. რელსების შესყიდვა ხდებოდა უკრაინაში შპს “მ-ისაგან” და მათი მიწოდების ბოლო ვადა იყო 2008 წლის 16 იანვარი.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულების შესრულება მათ მიერ ვერ მოხერხდა შემდეგ ფორს-მაჟორულ გარემოებათა გამო: 2008 წლის იანვარში უკრაინაში ტემპერატურა დაეცა -16 _ -20 გრადუსამდე, რამაც შეაფერხა შპს “მ-ის” ქარხნის მუშაობა. ამას დაემთხვა შავ ზღვაზე უამინდობა, რის გამოც არაერთხელ დაიხურა ილიჩევსკისა და ფოთის პორტები.
მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებების შესახებ ტელეფონით, ასევე წერილობით შეატყობინეს მოპასუხის წარმომადგენელს 2008 წლის 11 იანვარს. წერილობით შეტყობინებაზე პასუხის მიუღებლობის გამო, შპს “ი-მა” განაგრძო ხელშეკრულების შესრულება. რელსების მიწოდება დასრულდა 2008 წლის 25 იანვარს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2008 წლის 11 მარტს ს.ს. “თ-ის” მიერ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიიდან პირგასამტეხლოს სახით მოხსნილი იქნა 75402,49 ლარი. მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს “ს-ამ” 2008 წლის 3 ივნისს კვლავ დააკლო მათ თანხა 75402,49 ლარის ოდენობით 2008 წლის 20 თებერვალს დადებული ¹შს/08-059 ხელშეკრულების საფასურიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს “ი-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს “ს-ას” დაეკისრა 75402,48 ლარის გადახდა შპს “ი-ის” სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც შპს “ი-მა” სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, ისე შპს “ს-ამ” სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 16 ნოემბერს შპს ,,ს-ასა’’ და შპს ,,ი-ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,ი-ს’’ 2008 წლის 16 იანვრამდე შპს ,,ს-ისათვის’’ უნდა მიეწოდებინა 8378,054 ლარის ღირებულების სარკინიგზო რელსი.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
დადგენილი იქნა, რომ ქ. ფოთის ნავსადგურში გემების შემოსვლა-გასვლა დროებით შეჩერებული იყო 2007 წლის 21 დეკემბრის 13:40 სთ-დან 2007 წლის 23 დეკემბრის 04:00 საათამდე; 2007 წლის 29 დეკემბრის 05:30 სთ-დან 2007 წლის 30 დეკემბრის 01:30 სთ-მდე; 2008 წლის 01 იანვრის 23:45 სთ-დან 2008 წლის 02 იანვრის 06:50 სთ-მდე; 2008 წლის 03 იანვრის 01:30 სთ-დან 2008 წლის 04 იანვრის 09:50სთ-მდე; 2008 წლის 05 იანვრის 10:00 სთ-დან 2008 წლის 07 იანვრის 10 სთ-მდე; 2008 წლის 11 იანვრის 17:00 სთ-დან 2008 წლის 11 იანვრის 19:30 სთ-მდე; 2008 წლის 24 იანვრის 06:15 სთ-დან 2008 წლის 25 იანვრის 09:10 სთ-მდე (ფოთის ნავსადგურის კაპიტნის 2008 წლის 30 იანვრის ¹016 წერილი).
სასამართლომ მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის კაპიტან კოორდინატორის წერილის თანახმად, ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბათუმის ნავსადგური დაკეტილი იყო 2008 წლის 05 იანვრის 12.30 სთ.-დან 07.01.08 წლის 07.00 სთ.მდე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ შპს ,,ი-მა’’ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა დათქმულ დროს; კერძოდ, შპს “ი-მა” რელსების მიწოდება ნაცვლად 16 იანვრისა, დაასრულა 2008 წლის 25 იანვარს, ე.ი. ცხრა დღის დაგვიანებით.
შპს ,,ი-ს”, მასსა და შპს ,,მ-ას’’ შორის არსებული შეთანხმებით, რელსები უნდა მიეღო 2008 წლის 10 იანვრამდე, უკრაინაში ტემპერატურის დაცემის გამო რელსები ვერ დამზადდა დროულად და გადამზიდველის _ სანაოსნო კომპანია ,,უ-ის’’ წერილის თანახმად, რელსებით დატვირთული ვაგონები ილიჩევსკის პორტში ჩაიტვირთა 2008 წლის 10 იანვარს, ხოლო ნაწილის ჩატვირთვა განხორციელდებოდა 15-16 იანვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ი-ის’’ მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება არის სუბკონტრაქტორისაგან, ანუ სხვა პირისაგან შესრულების მიუღებლობის შედეგი.
მხარეებს შორის 2007 წლის 16 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 8.378,054 ლარს; ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1. პუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულების ვადის ცხრა დღის გადაცდენის გამო, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 75.402,29 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა აპელანტის _ შპს “ი-ის” მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის მიერ შპს “ს-ის” მიმართ ნაკისრი ვალდებულების არა დროულად შესრულება წარმოადგენს ფორსმაჟორული გარემოების შედეგს და რადგან ასეთი გარემოების დადგომისას მხარეები პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან, შესაბამისად შპს ,,ი-ის’’ მხრიდან ვალდებულების დარღვევა არ არსებობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ 2008 წლის 02 იანვრიდან 07 იანვრის ჩათვლით, აგრეთვე 11, 24 და 25 იანვარს ფორსმაჟორული გარემოების არსებობა არ წარმოადგენს მოსარჩელის საჯარიმო სანქციებისაგან გათავისუფლების საფუძველს, ვინაიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ არის უშუალოდ ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობების 3.1. მუხლის თანახმად, საქონლის მიწოდება შემსყიდველისათვის უნდა განხორციელებულიყო როგორც პირობით DDP ფოთის პორტში, ასევე DDP ბათუმის პორტში. აგრეთვე დადგენილია, რომ ბათუმის ნავსადგური დაკეტილი იყო მხოლოდ 2008 წლის 05 იანვრის 12:30 სთ-დან 2008 წლის 07 იანვრის 07:00 სთ-მდე (ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის კაპიტან კოორდინატორის წერილი).
სააპელაციო სასამართლო ასევე არ გაიზიარა შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარში მითითებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რადგან შპს ,,ი-მა’’ შპს ,,ს-ის’’ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მოიგო ორი ლოტი და ხელშეკრულებაც გაუფორმდა ორ ლოტზე, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, გამოანგარიშებული უნდა იყოს თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ შპს ,,ს-ამ’’ სარკინიგზო რელსის შესყიდვაზე ¹1 და ¹2 ლოტებში გამარჯვებულ სატენდერო წინადადების ავტორთან _ შპს ,,ი-თან”, გააფორმა ერთი ხელშეკრულება საერთო ღირებულებით 8 378 054 ლარი. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ვადაგადაცილებული დღეების და ამ თანხის (და არა ორ ლოტზე გაანგარიშებით) მიხედვით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ასევე შპს “ი-ის” მოთხოვნა მის მიერ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების (იურისტის მომსახურების) ანაზღაურების შესახებ და აღნიშნა, რომ მხარეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, მის მიერ წარმომადგენელზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინება შპს “ს-ამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით შპს “ი-თან” ხელშეკრულება დაიდო ორ ლოტზე, შესაბამისად პირგასამტეხლოს 0,1%-ის გამოთვლა უნდა მომხდარიყო ორივე ლოტზე ცალ-ცალკე და არ ერთად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს “ს-ას” დაუბრუნდეს სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3770,13 ლარის 70% _ 2639,091 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.