ას-158-150-2010 10 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ლ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, ნ. პ-ძის სარჩელის გამო მოპასუხე ნ. ლ-იანის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ნ. ლ-იანის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ. ლ-იანს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველად დარჩებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის I ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა ნ. ლ-იანის მიერ მითითებულ მისამართზე მისი ოჯახის წევრს - შ.ბ-ურს 2010 წლის 19 აპრილს (ტ. II, ს.ფ.99), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 29 აპრილს. ნ. ლ-იანმა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი საკასაციო პალატას წარმოუდგინა 2010 წლის 30 აპრილს ანუ საპროცესო ვადის 1 დღის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე კასატორის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ლ-იანის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად;
ნ. ლ-იანს დაუბრუნდეს გადახდილი სახლმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.