Facebook Twitter

ას-158-152-2011 14 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ჩ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. კ-კი, ქ. შ-ლია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჩ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. კ-კისა და ქ. შ-ლიას მიმართ ლ.კ-კისათვის 153000 აშშ დოლარის, ხოლო ქ.შ-ლიასათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ.ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და მიუთითა, რომ ქ. ც.ძე და ლ. ჩ-ძე წარმოადგენდნენ ამხანაგობის დამფინანსებლებს. 2005 წლის 23 ივნისს ქ. ც.ძემ ლ. კ-კის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 95000 აშშ დოლარი, ხოლო 2006 წლის 5 თებერვალს ლ. ჩ-ძემ – 58 000 აშშ დოლარი. ასევე, 2006 წლის 3 თებერვალს ლ. ჩ-ძემ 50 000 აშშ დოლარი გადარიცხა ლ. კ-კის მეუღლის – ქ. შ-ლიას ანგარიშზე. მხარეები არ დავობდნენ იმ გარემოებაზე, რომ ქ. შ-ლიას ანგარიშზე თანხა გადაირიცხა მხოლოდ ფორმალურად, ლ. კ-კის მითითებით და იგი განკუთვნილი იყო ლ. კ-კისათვის. აპელანტის (მოსარჩელის) განმარტებით, აღნიშნული თანხები ლ. კ-კს გადაეცა საგარანტიოდ. მას შემდეგ, რაც აშენდებოდა ახალი მრავალბინიანი სახლი და მას გადაეცემოდა კუთვნილი ფართი, ხსენებული თანხები მას უნდა დაებრუნებინა აღნიშნული პირებისათვის. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში თანხის გადაცემისას დაიდო არა საგარანტიო სახის ხელშეკრულება, არამედ მისი დანიშნულება საკომპენსაციო სახის იყო. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს I განყოფილების 2009 წლის 23 იანვრის ¹27/12-3/17-200 წერილი, რომელშიც აღწერილია ლ. ჩ-ძისა და ქ. ც.ძის ჩვენებები. ამ უკანასკნელებმა აღიარეს, რომ ლ. კ-კი სახლის დანგრევის სანაცვლოდ ითხოვდა კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხას, რაც მათ გადაიხადეს. მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერა ხელი ლ. კ-კმა ამხანაგობის სანოტარო აქტს. ამრიგად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ლ. კ-კმა სადავო თანხი მიიღო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან იგი გარიგების საფუძველზე ვალდებული იყო, უძრავ ქონებაზე უფლების გადაცემის შემდეგ დაებრუნებინა თანხა ლ. ჩ-ძისა და ქ. ც.ძისათვის.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით და აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმის თანახმად, ერთი პირის მიერ მეორესათვის ქონების გადაცემის ნორმალური საფუძვლები არ არსებობდა და ქონება ფიზიკური ან იურიდიული პირის ხელში აღმოჩნდებოდა უსაფუძვლოდ. აღნიშნულ ურთიერთობებში კრედიტორი იყო პირი, რომლის ხარჯზეც სხვამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძინა ან დაზოგა ქონება, ხოლო მოვალე, _ რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა ქონება და, შესაბამისად, გამდიდრდა.

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული თანხები მოპასუხეებს გადაეცათ არა უსაფუძვლოდ, არამედ – კონკრეტული მიზნით და მხარეთა შორის დადებული გარიგების საფუძველზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დეფინიციის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ თანხები მიღებული იყო საფუძვლიანად და უსაფუძვლო გამდიდრება, ანუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თანხის მიღება არ მომხდარა.

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს საოქმო განჩინება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილებიდან მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ ლ. ჩ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:L

გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს არ უმსჯელია დავის არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ გარემოებებზე, შესაბამისად, პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით პალატამ არასწორად გაათავისუფლა მოპასუხე მხარე მტკიცების ტვირთისაგან.

სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა 2009 წლის 23 იანვრის წერილი, რომელიც შედგენილია შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს I განყოფილების გამომძიებლის მიერ, სადაც დაფიქსირებულია მისი მოსაზრებები და არა მოწმეთა ჩვენებები, შესაბამისად, თუკი სასამართლო თვლიდა, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ლ. ჩ-ძემ დაადასტურა თანხის მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩუქების ფაქტი, მაშინ სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა მოწმეთა ჩვენებების გამოთხოვნის თაობაზე. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ლ. ჩ-ძემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მოპასუხეებისათვის თანხის საკომპენსაციოდ გადაცემა. პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, რადგან მოწმის ჩვენებების გამომძიებლის მიერ ინტერპრეტირებული წერილით შეცვალა არ შეიძლება. მოპასუხე ლ. კ-კმა სამართლებრივი საფუძვლების მითითებით ვერ დაადასტურა თანხის მიღების ფაქტობრივად არსებული ვითარება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით ლ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ლ.კ-კმა წარმოადგინა ¹ა-948-2011, ა-1465-2011, ა-1262-2011 განცხადებები, რომლებსაც დაურთო წერილობითი მასალები სულ 22 გვერდად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. ჩ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ფულადი ვალდებულების შესრულების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ლ. ჩ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 17 მარტს გადახდილი 6000 ლარის 70% _ 4200 ლარი.

ლ.კ-კს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ¹ა-948-2011, ა-1465-2011, ა-1262-2011 განცხადებებზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 22 ფურცლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ლ. ჩ-ძეს (პირადი ¹....) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 4200 ლარი.

ლ. კ-კს დაუბრუნდეს მის მიერ ¹ა-948-2011, ა-1465-2011, ა-1262-2011 განცხადებებზე დართული წერილობითი მტკიცებულებები სულ 22 ფურცლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.