ას-16-15-10 15 აპრილი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – პ. გ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ფონდი “კ-ი” (მოპასუხე)
დავის საგანი – შრომის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2009 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კ
ასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფონდ “კ-ის” წინააღმდეგ შრომის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით პ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა პ. გ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით პ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ყოველთვის ვადიანი ხელშეკრულება იდებოდა, შრომით ხელშეკრულებებში მუშაკის თანამდებობად სხვადასხვა თანამდებობა იყო აღნიშნული. ამასთან, თუნდაც გაზიარებული რომ იყოს პ. გ-ძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს ერთი და იგივე თანამდებობა იყო, მიუხედავად ამისა, ამ თანამდებობაზე მუშაკის შრომის საფუძვლად ედო ორი სხვადასხვა ხელშეკრულება. შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) იდება წერილობითი ფორმით და ძალაშია მხარეების მიერ ხელმოწერის დღიდან, თუ შრომის ხელშეკრულების პირობებში სხვა რამ არ არის მითითებული. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა დადეს შრომის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით და შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე, მათ შორის გამოსაცდელ ვადაზე. ამასთან, ხელშეკრულება დაიდო მას შემდეგ, რაც პირველ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. ის ფაქტი, რომ ახალ ხელშეკრულებაში მხარეები კვლავ გამოსაცდელ ვადაზე შეთანხმდნენ შრომის კანონთა კოდექსის დარღვევას არ წარმოადგენს, ვინაიდან შრომის კანონთა კოდექსი არ კრძალავდა ახალ შრომით ურთიერთობაში გამოსაცდელი ვადის დაწესებას, თუნდაც ეს იგივე თანამდებობა ყოფილიყო. აქ გადამწყვეტი იყო მხარეთა ნება, დაედოთ შრომითი ხელშეკრულება სწორედ ამ პირობით.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა პ. გ-ძემ. მან მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინების გამომტანმა სასამართლომ, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოდავე მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, დაკავშირებულს მათ შორის უკანასკნელად გაფორმებული შრომით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგამოცდო ვადასთან და ამ მხრივ, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელად იმსჯელა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უკანასკნელი კონტრაქტით პ. გ-ძე მიღებულ იქნა განსხვავებულ თანამდებობაზე. აღნიშნული მსჯელობა სასამართლომ დააფუძნა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ უკანასკნელი ორი შრომითი ხელშეკრულება მხარეთა შორის სხვადასხვა გრანტით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იყო დადებული, რაც აშკარად არამართებული მოსაზრებაა, რადგან მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს იმ ფაქტის დადასტურებას, რომ მოსარჩელე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო დასაქმებული. ასევე დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები იმის შესახებ, რომ თითქოს პ. გ-ძის მიერ დაკავებული თანამდებობებისათვის გათვალისწინებული ფუნქციები გაწერილი იყო შრომითი კონტრაქტებზე თანდართულ სამუშაო აღწერილობებში, აღნიშნული მსჯელობის დაუსაბუთებლობა კი დასტურდება იმ უდავო ფაქტით, რომ საქმეში წარმოდგენილ უკანასკნელ ორ კონტრაქტს საერთოდ არ ერთვის სამუშაო აღწერილობა, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტებით გათვალისწინებულია მათი არსებობა, რაც კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ უკანასკნელი კონტრაქტების გაფორმება მხოლოდ და მხოლოდ კონტრაქტის ვადისა და შრომის ანაზღაურების ოდენობის შეცვლას ისახავდა მიზნად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით პ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას პ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. პ. გ-ძის დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.