Facebook Twitter
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1134-711(კ-05) 18 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე,
ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: რეგისტრაციის აღდგენა და ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 13 ნოემბერს გ. ტ-მა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: მ., მა., თ. და თო. ტ-ების, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობისა და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართ და მიუთითა შემდეგზე:
იგი რეპრესირებულთა ოჯახიდან იყო და სახელმწიფოსაგან ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა ჰქონდა მიღებული, სადაც 1961 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა. აღნიშნულ ბინაში იგი 1965წ. 25 იანვარს ჩაეწერა. 1964წ. 11 აგვისტოს ქ. თბილისის აღმასკომის მიერ აღნიშნულ ფართზე გაიცა ორდერი ¹..., ხოლო შემდეგ დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება. დასახელებულ მისამართზე მოსარჩელე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა და შეეძინა ორი შვილი. მისი უფროსი ვაჟის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რომელიც ოჯახთან ერთად იმავე სახლში ცხოვრობდა, შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, რის გამოც იგი იძულებული გახდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად მეუღლის ბინაში გადასულიყო, თუმცა კვლავ ძველ მისამართზე დარჩა ჩაწერილი.Aმოსარჩელის თქმით, ვინაიდან აღნიშნული ბინა იმყოფებოდა ნგრევის ზონაში იგი ვარაუდობდა, რომ მას შემდეგ, რაც იქ ახალი სახლი აშენდებოდა, ყველა ოჯახის წევრი მიიღებდა საცხოვრებელ ფართს.
მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ შვილის _ მ. ტ-ის განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის შს სამმართველოს მიერ განხორციელდა მისი სადავო ბინიდან ამოწერა და შემდგომში მისი პრივატიზება მ. ტ-ის სახელზე.
მოსარჩელე გ. ტ-ის განმარტებით, აღნიშნულით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები დაირღვა, კერძოდ, იგი, როგორც დაინტერესებული პირი, არ იქნა ჩაბმული ადმინისტრაციულ წარმოებაში, ასევე მითითებული არ იყო რეგისტრაციიდან მოხსნის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, მოსარჩელე ბინის პრივატიზების ხელშეკრულების, საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საკადასტრო რუკის გაუქმებას, რეგისტრაციის აღდგენასა და მასთან პრივატიზების ხელშეკრულების დადებას მოითხოვდა.
მოპასუხე მ. ტ-მა შესაგებელი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში, ... მდებარე სადავო ბინაზე ყადაღის დადების შესახებ მოსარჩელე გ. ტ-ის შუამდგომლობას უარი ეთქვა.
აღნიშნული განჩინება გ. ტ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 17 მაისის განჩინებით წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და სადავო ბინას ყადაღა დაედო.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:
გ. ტ-ი 1980 წლიდან აღარ ცხოვრობდა სადავო ბინაში და მუდმივად საცხოვრებლად სხვაგან იყო გადასული, რაც მისი რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველს წარმოადგენდა და სრულად შეესაბამებოდა «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონსა და შსს მინისტრის 1997წ. 12 აგვისტოს ¹473 ბრძანებით დამტკიცებულ დებულების მოთხოვნებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრაციის აღდგენისა და ბინის პრივატიზების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ტ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ, ვინაიდან მას იურიდიული განათლება არ ჰქონდა, მან ვერ შეძლო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები სწორად მიეთითებინა, რამაც განაპირობა მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტის თქმით, სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და გადაწყვეტილება მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე გამოიტანა. გ. ტ-მა აქვე მიუთითა, რომ მას რეგისტრაციიდან მოხსნის გამო პრობლემები ექმნებოდა პენსიის მიღებაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 5 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ნოტარიუსი ნ. მ-ა იქნა ჩაბმული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საბინაო კომუნალური მომსახურების სერვისულ ცენტრ «მთაწმინდის» მიერ 2001წ. 11 ივლისს გაცემული ¹80 ცნობის შესაბამისად, მოსარჩელე და მისი მოწინააღმდეგე მხარეები: მ., მა., თ. და თო. ტ-ები ჩაწერილები, ხოლო შემდეგ რეგისტრირებული იყვნენ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინაში, რომელიც კომუნალური ფონდის ბინას წარმოადგენდა. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობას განცხადებით მიმართა მ. ტ-მა და მამამისის – გ. ტ-ის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა. მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობამ 2003წ. 26 აგვისტოს წერილით მიმართა რაიონის შს სამმართველოს და «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონის საფუძველზე გ. ტ-ის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა. 2003წ. 6 სექტემბრიდან გ. ტ-ი მოიხსნა თბილისში, ... მდებარე სადავო ბინის რეგისტრაციიდან. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, 2003წ. 11 სექტემბერს მოხდა სადავო ბინის პრივატიზება და სადავო ბინა უსასყიდლოდ გადაეცათ მ., მა., თ. და თო. ტ-ებს.
სააპელაციო სასამართლომ, ამასთან, განმარტა, რომ «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონი იძლეოდა უფლებას, რომ ბინაში მუდმივად მცხოვრებ მ. ტ-ს მოეთხოვა გ. ტ-ის ბინიდან ამოწერა, შსს ორგანოებმა კი, მოახდინეს რა მოკვლევა და დაადგინეს, რომ მოსარჩელე დიდი ხნის განმავლობაში აღარ ცხოვრობდა სადავო ბინაში, რეგისტრაცია გააუქმეს. სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, მოსარჩელე რეგისტრაციის აღდგენის ერთადერთ საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებას უთითებდა, რომ მას პენსიის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდა, რაც სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად არ მიიჩნია.
საპელაციო სასამართლოს განმარტებით, «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონი და შსს მინისტრის 1997წ. 12 აგვისტოს ¹473 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად მოქალაქის მიერ საცხოვრებლად არჩეულ ადგილზე რეგისტრაციას არანაირი შეხება საკუთრების შეძენასათან ან დაკარგვასთან არ ჰქონდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა და თვით მოსარჩელეც არ უარყოფდა იმ გარემოებას, რომ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღარ ცხოვრობდა სადავო ბინაში, რის გამოც კანონიერად განხორციელდა მოსარჩელის რეგისტრაციიდან მოხსნა. სააპელაციო სასამართლომ, ასევე აღნიშნა, რომ 1996წ. 27 ივნისის «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონით პირის ბინაში რეგისტრაცია სულ სხვა სამართლებრივ საფუძველს დაუკავშირა, ვიდრე ე.წ. ადრე მოქმედი «ჩაწერის» ინსტიტუტი ითვალისწინებდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის _ გ. ტ-ის მოსაზრება სადავო ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობის შესახებ და განმარტა, რომ იგი განხორციელდა მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 და 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებების მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. სასამართლოს მოსაზრებით, 2003 წელს სადავო ბინაზე პრივატიზების განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებდა ბინაში მცხოვრებ დამქირავებელთა სავალდებულო თანხმობას, მით უფრო, რომ მოსარჩელე არც ცხოვრობდა და აღარც რეგისტრირებული იყო სადავო ბინაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინის პრივატიზაციის ხელისშემშლელი გარემოება არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 7 ივნისის განჩინება გ. ტ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე:
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილება სავალდებულოდ მიიჩნევდა ბინის პროვატიზებისას ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობას. ამასთან, სკ-ის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იგი ბინის პირდაპირ მფლობელს წარმოადგენდა, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ გაცემული ორდერით ძირითადი დამქირავებელი იგი იყო, ხოლო სახელმწიფოს (ბინის მესაკუთრის) მხრიდან არ დასმულა საკითხი ნივთის უკან გამოთხოვისა და ოჯახის სხვა წევრზე მისი უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. კასატორის თქმით, სკ-ის 169-ე მუხლის თანახმად, მას ბინის უპირატესი შესყიდვის უფლება ჰქონდა, რაც გამგეობის მიერ უგულებელყოფილ იქნა. ამასთან, აღმასკომის ორდერი გაუქმებული ან შეცვლილი არ ყოფილა.
გ. ტ-ი უკანონოდ მიიჩნევს სასამართლოს განჩინებას, ვინაიდან მასში არ არის მითითებული, რომელი კანონმდებლობის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ მისი სარჩელი უსაფუძვლოდ.
კასატორმა, საბოლოოდ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის და ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საბინაო კომუნალური მომსახურების სერვისულ ცენტრ «მთაწმინდის» მიერ 2001წ. 11 ივლისს გაცემული ¹80 ცნობით დასტურდება, რომ გ. ტ-ი და მისი მოწინააღმდეგე მხარეები: მ., მა., თ. და თო. ტ-ები ჩაწერილები, ხოლო შემდეგ რეგისტრირებულნი იყვნენ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინაში, რომელიც კომუნალური ფონდის ბინას წარმოადგენდა. საქმეში წარმოდგენილია 2003წ. 26 აგვისტოს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის წერილი ამავე რაიონის შს სამმართველოს მიმართ, რომელშიც მითითებულია, რომ თბილისში, ... მცხოვრებლებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს რაიონის გამგეობას და მოითხოვეს ამავე მისამართზე არსებულ კომუნალურ ფართში ჩაწერილი გ. ტ-ისა და სხვების რეგისტრაციიდან მოხსნა იმ მოტივით, რომ ისინი წლების განმავლობაში აღარ ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის განმარტებით, «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონის თანახმად, იგი, როგორც სადავო ფართის მესაკუთრე, თანხმობას აცხადებდა გ. ტ-ისა და სხვების რეგისტრაციიდან მოხსნაზე. ხსენებული მიმართვის თანახმად, შსს-მ 2003წ. 6 სექტემბრიდან გ. ტ-ი მოხსნა თბილისში, ... მდებარე სადავო ბინის რეგისტრაციიდან. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, 2003წ. 11 სექტემბერს მოხდა სადავო ბინის პრივატიზება და იგი უსასყიდლოდ გადაეცათ მ., მა., თ. და თო. ტ-ებს.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
«საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» კანონის იმ დროს მოქმედი რედაქციით (რეგისტრაციიდან მოხსნის დროისათვის _ 2003წ. 6 სექტემბერს) გათვალისწინებული იყო, რომ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებული იყო, ამის შესახებ ახალ საცხოვრებელ ადგილზე მდებარე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის ეცნობებინა, რომელიც ხუთ დღეში გაატარებდა მას რეგისტრაციაში (მე-4 მუხლის პირველი პუნქტი). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ, მართალია, აღნიშნულმა მუხლმა ცვლილება განიცადა 2004 წელს, მაგრამ ცვლილება მხოლოდ ვადას შეეხო და 3 თვის ნაცვლად 6 თვე იქნა გათვალისწინებული. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ დროისათვის პირის რეგისტრაციასა და რეგისტრაციიდან მოხსნას შინაგან საქმეთა ორგანოები ახორციელებდნენ.
პირის რეგისტრაციიდან მოხსნის წინაპირობად «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე» საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1997წ. 12 აგვისტოს ¹473 ბრძანებაც კანონის ანალოგიურ წესს ადგენს და განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას (8.1 მუხლი).
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს კანონისმიერ დათქმას იმის თაობაზე, რომ კონკრეტული მისამართიდან პირის რეგისტრაციიდან მოხსნისათვის აღნიშნულზე უნდა არსებობდეს «საცხოვრისის მესაკუთრის(დამქირავებლის)» მოტივირებული შუამდგომლობა და განმარტავს შემდეგს: მართალია, თბილისის აღმასკომის 1964წ. 11 აგვისტროს ¹7600 ორდერის საფუძველზე სადავო ბინის ძირითად დამქირავებლად გ. ტ-ი იყო მითითებული, მაგრამ, ნიშანდობლივია, რომ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობამ მიმართა რა ამავე რაიონის შსს ორგანოს და განაცხადა თანხმობა მის საკუთრებაში არსებული ფართიდან გ. ტ-ის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, ამით მან სადავო ბინის ძირითად დამქირავებელ _ გ. ტ-ს სამართლებრივად შეუწყვიტა ფართზე სარგებლობის უფლება იმ მოტივით, რომ იგი თავისივე ნებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფაქტობრივად აღარ სარგებლობდა აღნიშნული ფართით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ აღმასკომის მიერ 1964 წელს გაცემული ორდერის საფუძველზე მისი რეგისტრაციიდან მოხსნა არ შეიძლებოდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ იგი 1980 წლიდან სადავო ბინაში აღარ ცხოვრობდა და მუდმივად საცხოვრებლად სხვაგან იყო გადასული, ამდენად, მ. ტ-ს, როგორც ბინის დამქირავებელსა და ბინაში მუდმივად მცხოვრებ პირს, «რეგისტრაციის წესის შესახებ» კანონისა და დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეეძლო მიემართა რაიონის გამგეობისათვის პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შუამდგომლობით, ხოლო გამგეობას, როგორც სადავო ბინის მესაკუთრეს, გააჩნდა გ. ტ-ის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნის უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით განსაზღვრული იყო, რომ მოქალაქეს მის მიერ დაკავებული სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემოდა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა გაუქმდა მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებით. ამდენად, მ. ტ-ს შეეძლო საკუთარი სახელით განეხორციელებინა ბინის პრივატიზაცია, მით უფრო, რომ ამ დროისათვის გ. ტ-ი უკვე ბინის ძირითად დამქირავებელს აღარ წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გაასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი, რის გამოც გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.