Facebook Twitter

¹ას-163-157-2011 18 აპრილი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ა-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ტ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ტ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ა-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კუთვნილი 1/3 ნაწილი.

მოპასუხე ლ. ა-ძემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ სადავო ბინის მესაკუთრე იყო თავად, გასაჩივრებული აქვს აუქციონის შედეგები, რომლის საფუძველზე მ. მ-შვილმა შეიძინა ბინა და შემდეგ მიჰყიდა ა. ტ-ძეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ა, ტ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ლ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტიბრივი გარემოებები: საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹17-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 წარმოადგენდა ა. ტ-ძის, 1/6- ვასილ ასანიშვილის, 1/6 ი. კ-შვილის, 1/6- ნ. ა-შვილის, ხოლო 1/6 კი ც. პ-შვილის თანასაკუთრებას, ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹17-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილი წარმოადგენდა მოპასუხე ლ. ა-ძის საკუთრებას, აღნიშნული ქონება დატვირთული იყო იპოთეკით სესხის უზრუნველსაყოფად მ. მ-შვილის სასარგებლოდ და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 15 სექტემბრის განკარგულებით განმეორებითი უშედეგო იძულებითი საჯარო აუქციონის შემდგომ კრედიტორის განცხადების საფუძველზე საცხოვრებელი ბინა ნატურით გადაეცა მ. მ-შვილს. 2009 წლის 24 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კი, სადავო საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე გახდა ა. ტ-ძე, მოპასუხე ნ. ა-ძე ფლობს ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹17-ში მდებარე ა. ტ-ძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, უძრავი ქონების 1/3 ნაწილს.

პალატამ მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დავის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე და 312-ე მუხლებით და სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ნორმათა სწორი განმარტება. პალატის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება საჯარო აუქციონის, ასევე მ. მ-შვილისაგან ა. ტ-ძის მიერ ბინის შეძენის უკანონობის თაობაზე, ვინაიდან საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებისა და მათი კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენდა მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობისა და განხილვის საგანს. პალატის მოსაზრებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მესაკუთრის მიერ აღძრული სარჩელის (ვინდიკაციური სარჩელი) საფუძვლიანობისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებები: პირი, რომელიც ითხოვს ნივთის გამოთხოვას, უნდა იყოს ამ ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს; მოპასუხეს არ უნდა გააჩნდეს ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ... ქ.¹17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ა. ტ-ძის სახელზე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 312-ე მუხლებით მოქმედებს რეესტრის ჩანაწერთა სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფცია. ასევე დადგენილია, რომ აპელანტი ფლობს თბილისში, ... ქ.¹17 მდებარე საცხოვრებელ სახლს, რომელიც საჯარო აუქციონზე გასხვისებამდე, წარმოადგენდა მის საკუთრებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მართებულად დაკმაყოფილდა ა. ტ-ძის სარჩელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება დ ახალი გადაწყვეტილების მიიღება, შემდეგი საფუძვლებით: ... ქ.¹17-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო თავად, აღნიშნული ბინა დატვირთული იყო იპოთეკით მ-შვილის სასარგებლოდ, რომელსაც უკანონოდ გადაეცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, რის გამოც მის მიერ გასაჩივრებულ იქნა სააღსრულებო განკარგულება და აუქციონის შედეგები. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მ. მ-შვილმა უკანონოდ ფორმალურად გაასხვისა აღნიშნული ქონება ა. ტ-ძეზე, რაც პროცესზე დაადასტურა, რომ მას არ ერთი თეთრი არ გადაუხდია ბინაში. ამასთან, ბინა არ არის გამიჯნული სხვა მესაკუთრეებთან, შესაბამისად, არ არის დადგენილი ქონების ადგილმდებარეობა და პარამეტრები, რის გამოც სასამართლოს არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება ა.ტ-ძის სასარგებლოდ. მას შეტანილი აქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მ. მ-შვილსა და ა.ტ-ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია კანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე,172-ე, მუხლებით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ლ. ა-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.