ას-164-156-2010 1 აპრილი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა მ. მ-ოვას კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ. მ-ოვას დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კერძო საჩივრის საპროცესო ფორმით შედგენილი და დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2010 წლის 11 მარტს. დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომელიც კვლავ არ შეიცავს გასაჩივრების კონკრეტულ მიზეზებს. მასში კერძო საჩივრის ავტორი მსჯელობს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებაზე, მაშინ როდესაც კერძო საჩივრით გასაჩივრებულია არა აღნიშნული განჩინება, არამედ _ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. მ-ოვას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის შევსებული დადგენილი ხარვეზი დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენის ნაწილში. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილია ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2010 წლის 25 მარტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მ. მ-ოვას მიერ კერძო საჩივრის ხარვეზი არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ოვას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. მ. მ-ოვას დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.