ას-168-160-2010 17 მაისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ვ. ბ-ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. თ-შვილი, ს. მ-ოვა (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა (სარჩელში); კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების აღიარება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 8 ივლისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ჟ. ა-ძემ მოპასუხეების _ მ. თ-შვილისა და ს. მ-ოვას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების მიერ თბილისში, ... 47/15-ში მდებარე 2 ოთახის მფლობელობის შეწყვეტის შესახებ იურიდიული ფაქტის დადგენა (ტომი I, ს.ფ. 3-4).
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჟ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა თბილისში, ... 47/15-ში მდებარე ლიტერ “ა-ს” 26კვ.მ ¹4-1 და 23კვ.მ ¹4-2 ოთახებზე მ., დ. თ-შვილებისა და ს. მ-ოვას მფლობელობის შეწყვეტის ფაქტი (ტომი I, ს.ფ. 57).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2004 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე საჩივრის განხილვის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე რაიონულ სასამართლოს (ტომი I, ს.ფ. 137-139).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მაისის განჩინებით, ჟ. ა-ძის საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 19 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად (ტომი I, ს.ფ. 161-165).
“რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის ¹649 ბრძანებულებაში 2005 წლის 12 აპრილის საქართველოს პრეზიდენტის ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელშიც ჩამოყალიბდა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები _ ადმინისტრაციულ საქმეთა, სამოქალაქო საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები.
2008 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოცემულ საქმეზე შეგებებული სარჩელი წარადგინეს მ. თ-შვილმა და ს. მ-ოვამ. საბოლოოდ, მათ მოითხოვეს:
ა. ვ. ბა-ძის საკუთრებაში არსებულ, თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში ლიტ “ა-ში” მდებარე 26.99კვ.მ ¹4-1, 23.67კვ.მ ¹4-2 ოთახების, საპირფარეშოსა და სააბაზანო ¹4-2-1 ოთახის, ფართით 5.52კვ.მ, აგრეთვე, სამზარეულოს და დერეფნის ფართით 13.10კვ.მ, ¹4-1-1 სარდაფის ფართით 9.10კვ.მ მესაკუთრეებად ცნობა, რამდენადაც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრემ უარი განაცხადა მოსარგებლეების სასარგებლოდ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდაზე;
ბ. ზიანის ანაზღაურება 12 500 აშშ დოლარის ოდენობით, აგრეთვე, 2004 წლის ივნისის თვიდან საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის დაკისრება, რამდენადაც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრემ მათ სარგებლობაში არსებულ ფართზე უნებართვოდ დადო ქირავნობის ხელშეკრულება “ი-თან” (ტომი I, ს.ფ. 189-193, 270-281, ტომი II, ს.ფ. 35-41).
საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის სხდომაზე ჟ. ა-ძემ სარჩელი დააზუსტა, კერძოდ, მოითხოვა სადავო ფართის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ მასზე მოპასუხეების მფლობელობის შეწყვეტა (ტომი I, ს.ფ. 343-346).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეზე დაინიშნა დამატებითი სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა, ხოლო მხარეთა მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნებითა და ექსპერტიზის დასკვნით სადავო ქონების მოცულობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნით არ იყო განსაზღვრული თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში მდებარე ლიტერ “ა” ნაგებობის ¹4-1 და ¹4-2 ოთახების მომიჯნავე დერეფანში მოწყობილი ტუალეტის, სააბაზანოს, სამზარეულოს და სარდაფის ფართი და მათი საბაზრო ღირებულება, შესაბამისად, მათ დადგენას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის ობიექტური გადაწყვეტისათვის. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო საქმეზე დამატებითი სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნა (ტომი I, ს.ფ. 343-346).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 20.03.2009წ. დასკვნის შესაბამისად, თბილისში, ... ქუჩის ¹47/15-ში მდებარე, განჩინებაში (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინება) მითითებული ოთახებისა და სათავსების საერთო ფართი შეადგენდა 78.76კვ.მ-ს; ¹4 დერეფნის ქვეშ მდებარეობდა სათავსი, რომლის სიმაღლე შეადგენდა 1.55კვ.მ-ს, ვინაიდან სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად სარდაფის სიმაღლე უნდა ყოფილიყო არანაკლებ 1.8 მეტრი, ამიტომ, აღნიშნული სათავსი არ განეკუთვნებოდა სარდაფს; თბილისში, ... ¹47/15-ში მდებარე შენობა იყო ერთსართულიანი, აშენებული იყო აგურით, სახურავი დახურული იყო აზბო-ცემენტის შიფერით. ვიზუალური დათვალიერებით სახლს აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის ბზარები, სახლის ნაწილი დამჯდარი იყო. სახლს გააჩნდა ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და გაზმომარაგება.
ამავე დასკვნის თანახმად, თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში მდებარე მ. თ-შვილის, დ. თ-შვილის და ს. მ-ოვას სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ¹4-1 ოთახის (27.65კ.მ) საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენდა 26 130 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ¹4-2 ოთახის (10.72კვ.მ) _ 10 130 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ¹4-2 ოთახის (13.56კვ.მ) _ 12 800 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ¹3 სანკვანძის (3.99კვ.მ) _ 2009 წლის მარტის თვის მდგომარეობით _ 3 390 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ¹4 დერეფნის (18.60კვ.მ) _ 15 800 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ¹5 სამზარეულოს (4.24კვ.მ) _ 3 600 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ამდენად, თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში მდებარე მ. თ-შვილის და ს. მ-ოვას სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის (საერთო ფართით 78.76კვ.მ) საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 2009 წლის მარტის მდგომარეობით შეადგენდა 71 850 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (ტომი II, ს.ფ. 10-15).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეზე ჟ. ა-ძის უფლებამონაცვლედ ჩაება ვ. ბა-ძე (ტომი II, ს.ფ. 35-41).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით ვ. ბა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მ. თ-შვილისა და ს. მ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ თბილისში, ... ¹15-ში ... ქ. ¹47-ში მდებარე 51.93კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ 36 795 აშშ დოლარის გადახდა, მ. თ-შვილისა და ს. მ-ოვას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
2004 წლის 9 ივნისს გაცემული მიწის უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თბილისში, ..., ... ¹15/17-ში შენობა-ნაგებობა ¹2, ¹5, ¹9 ლიტ “ა-დან” საერთო ფართობით 204.24კვ.მ და შენობა-ნაგებობა ¹3 და ¹4 ლიტ “ბ-დან” საერთო ფართობით 74.33კვ.მ 7/35 ნაწილი ეკუთვნოდა ჟ. ა-ძეს;
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჟ. ა-ძეს დაეკისრა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა მოსარჩელეების _ ს. მ-ოვასა და მ. თ-შვილის მიმართ მათ სარგებლობაში არსებულ, თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში მდებარე 26კვ.მ ¹4-1 და 23კვ.მ ¹4-2 საცხოვრებელი ოთახების მფლობელობის განხორციელების მიზნით. ამავე გადაწყვეტილებით, ს. მ-ოვა და მ. თ-შვილი აღიარებულ იქნენ თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში მდებარე 26კვ.მ და 23კვ.მ საცხოვრებელ ოთახებზე მოსარგებლეებად;
2007 წლის 1 თებერვალს ვ. ბა-ძესა და ჟ. ა-ძეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ვ. ბა-ძემ შეისყიდა ჟ. ა-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ... ქ. ¹47-ში.
2007 წლის 5 თებერვალს საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, თბილისში, ... ¹47-ში და ... ქ. ¹15-ში მდებარე უძრავ ნივთზე აღრიცხული იყო ვ. ბა-ძის საკუთრების უფლება.
საქმეზე დგინდებოდა, რომ მ. თ-შვილი და ს. მ-ოვა წარმოადგენდნენ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონით განსაზღვრულ მოსარგებლეებს. რამდენადაც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრემ ნება გამოხატა მოსარგებლეების მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის გადახდის სანაცვლოდ კანონით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.
რაც შეეხებოდა მ. თ-შვილისა და ს. მ-ოვას შეგებებულ სარჩელს, საქალაქო სასამართლომ მათი დაუკმაყოფილებლობა შემდეგნაირად დაასაბუთა:
მოცემულ შემთხვევაში, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრემ ნება გამოხატა მოსარგებლეების მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის გადახდის სანაცვლოდ კანონით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე; თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მ. თ-შვილისა და ს. მ-ოვას უფლება მხოლოდ 26კვ.მ და 23კვ.მ საცხოვრებელ ოთახებზე; შეგებებული სარჩელის ავტორებს არ წარუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავი ნივთის თავდაპირველ და ამჟამინდელ მესაკუთრეებს დადებული ჰქონდათ ქირავნობის ხელშეკრულება სხვა პირთან, თბილისში, ... ¹47-ში და ... ქ. ¹15-ში მდებარე სადავო ფართის გაქირავების შესახებ და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ისინი იღებდნენ შემოსავალს (ტომი II, ს.ფ. 47-55).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. თ-შვილმა და ს. მ-ოვამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ისინი ცნობილ იქნებოდნენ ვ. ბ-ძის საკუთრებაში არსებული თბილისში, ... ქ. ¹47-სა და ... ქ. ¹15-ში მდებარე ლიტ “ა-ში” მათ მიერ დაკავებული შემდეგი ფართების მესაკუთრეებად: ოთახი ¹4-1 ფართით 27.65კვ.მ; ოთახი ¹4-2 ფართით 10.72კვ.მ; ოთახი ¹4-2-2 ფართით 13.56კვ.მ; ¹3 სანკვანძი ფართით 3.99კვ.მ; ¹4 დერეფანი ფართით 18.60კვ.მ; სამზარეულო ¹5 ფართით 4.24კვ.მ, მთლიანობაში 78.76კვ.მ ფართის მესაკუთრეებად, დასახელებული ფართების საბაზრო ღირებულების (71 850 აშშ დოლარი) 25%-ის ოდენობით კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, რაც შეადგენს 17 962.5 აშშ დოლარს.
აპელანტებმა არასწორად მიიჩნიეს სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მ. თ-შვილი და ს. მ-ოვა ორი საცხოვრებელი ოთახის (ფართით 26კვ.მ და 23კვ.მ) გარდა არ ფლობდნენ: ¹3 სანკვანძს (ფართით 3.98კვ.მ), ¹4 დერეფანს (ფართით 18.60კვ.მ) და ¹5 სამზარეულოს (ფართით 4.24კვ.მ), ვინაიდან თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მათი უფლება აღიარებულ იქნა მხოლოდ 26კვ.მ და 23კვ.მ საცხოვრებელ ოთახებზე. მათი მოსაზრებით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მ. თ-შვილი და ს. მ-ოვა ორი საცხოვრებელი ოთახის გარდა ფლობდნენ და სარგებლობდნენ მათ მიერ მოწყობილი დერეფნით, ტუალეტით, სააბაზანოთი, სამზარეულოთი და სარდაფით. ამასთან, ჟ. ა-ძეს (თავდაპირველი მოსარჩელე) და მის უფლებამონაცვლე ვ. ბ-ძეს სადავოდ არ გაუხდიათ და არ უარყვიათ აპელანტების მიერ დამხმარე ფართის მოწყობისა და მისით სარგებლობის ფაქტი (ტომი II, ს.ფ. 65-75).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. თ-შვილისა და ს. მ-ოვას სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება ვ. ბა-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელეს მ. თ-შვილისა და ს. მ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ თბილისში, ... ქუჩის ¹15-სა და ... ქუჩის ¹47-ში მდებარე 78.76კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ 53 887.50 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ლარებში გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ, უწინარესად, ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების თანახმად მოსარჩელის (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) ვ. ბა-ძის გვარია “ბ-ძე”.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე უდავოდ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მ. თ-შვილი და ს. მ-ოვა წარმოადგენდნენ ვ. ბ-ძის საკუთრებაში არსებული თბილისში, ... ქუჩის ¹15-სა და ... ქუჩის ¹47-ში მდებარე 51.93კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეებს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით. საქმეზე წარდგენილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ირკვეოდა, რომ ჟ. ა-ძეს (თავდაპირველი მოსარჩელე) დაეკისრა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა ს. მ-ოვასა და მ. თ-შვილის მიმართ მათ სარგებლობაში არსებული თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში მდებარე საცხოვრებელი ოთახების ¹4-1 26კვ.მ ფართით და ¹4-2 23კვ.მ ფართით მფლობელობის განხორციელების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო მხოლოდ ის ფაქტი, იყვნენ თუ არა მ. თ-შვილი და ს. მ-ოვა, აგრეთვე, ე.წ. დამხმარე ფართის მოსარგებლეები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტები წარმოადგენდნენ დამხმარე ფართის მოსარგებლეებსაც, შემდეგი გარემოებების გამო:
I. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. მ-ოვის სარჩელი მოპასუხე ჟ. ა-ძესთან ბინის (თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში მდებარე საცხოვრებელი ოთახების ¹4-1 და ¹4-2) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ჟ. ა-ძის შეგებებული სარჩელი საცხოვრებელი ბინის გამოთავისუფლების თაობაზე (ტომი III, ს.ფ. 37-40). გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში ნათლად არის ასახული, რომ მოსარჩელე თავიდანვე უთითებდა მისი ოჯახის მხრიდან არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ ე.წ. დამხმარე ფართის ფლობასაც. რაც შეეხება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, იგი არ შეიცავს დასაბუთებას იმის შესახებ, რომ აპელანტების ოჯახი არ ფლობდა მოსარგებლის სტატუსით ე.წ. დამხმარე ფართს. ასეთი ფაქტის უარმყოფელი დასკვნა გადაწყვეტილებაში ასახული არ არის;
II. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჟ. ა-ძეს დაეკისრა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა მოსარჩელეების _ ს. მ-ოვისა და მ. თ-შვილის მიმართ მათ სარგებლობაში არსებული, თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში მდებარე საცხოვრებელი ოთახების (¹4-1 26კვ.მ ფართით და ¹4-2 23კვ.მ ფართით) მფლობელობის განხორციელების მიზნით (ტომი I, ს.ფ. 34-35). არც ამ გადაწყვეტილებით დადგენილა აპელანტების მხრიდან ე.წ. დამხმარე ფართის მოსარგებლის სტატუსით არფლობის ფაქტი;
III. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მ. თ-შვილისა და ს. მ-ოვას მხრიდან შეგებებულ სარჩელზე (ტომი I, ს.ფ. 189, 193, 100) თადაპირველი მოსარჩელე ჟ. ა-ძის (მესაკუთრის) შესაგებლით არ იყო სადავოდ გამხდარი შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტი მოსარგებლის სტატუსით როგორც საცხოვრებელი, ისე დამხმარე ფართის ფლობის თაობაზე. შესაგებლით ჟ. ა-ძე სადავოდ ხდიდა მხოლოდ ამ ფართების საბაზრო ღირებულებას (ტომი I, ს.ფ. 116, 117). რაც შეეხებოდა საცხოვრებელი და დამხმარე ფართის ოდენობას, ჟ. ა-ძე თავის შესაგებელში უთითებდა 69კვ.მ-ზე;
IV. უფრო მეტიც, ჟ. ა-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა შპს “ა-ის” დასკვნა, სადაც აპელანტების მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ფართად მითითებულია შესაგებელში აღნიშნული ოდენობა (ტომი I, ს.ფ. 118). დასკვნა შედგენილია თავად ჟ. ა-ძის დაკვეთით და მასში პირდაპირაა აღნიშნული მიზნობრიობა _ ჟ. ა-ძის მიერ მოსარგებლისათვის საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნის სანაცვლოდ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებიდან გადასახდელი სათანადო თანხის გამოანგარიშებისათვის საბაზრო ღირებულების დადგენა. ამასთან, დასკვნაში ცალსახად და არაორაზროვნად ერთმანეთისგან გამოყოფილია საცხოვრებელი და დამხმარე ფართი (ტომი I, ს.ფ. 120).
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ჟ. ა-ძის მიერ აღიარებული მოსარგებლეების მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის ოდენობა იმთავითვე აღემატებოდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 აპრილისა და 2001 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებებში აღნიშნულ, ასევე საბოლოოდ ექსპერტის მიერ ახალი აზომვის მონაცემებში დაფიქსირებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს. მ-ოვასა და მ. თ-შვილის მფლობელობიდან გამოთხოვილ ე.წ. საცხოვრებელი ფართის ოდენობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 18.03.2009წ. დასკვნაზე, რომლის მიხედვით, თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში მდებარე აპელანტების სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი (საერთო ფართით 78.76კვ.მ) საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 2009 წლის მარტის მდგომარეობით შეადგენდა 71 850 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
იმაზე დაყრდნობით, რომ დასტურდებოდა აპელანტების მიერ მოსარგებლის სტატუსით როგორც საცხოვრებელი ფართის, ისე დამხმარე ფართის ფლობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის გამოთვლისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართი, არამედ აგრეთვე ე.წ. დამხმარე ფართი, რამდენადაც “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონით გათვალისწინებული საცხოვრებელი სადგომი თავის თავში მოიცავდა როგორც საცხოვრებელ, ისე დამხმარე ფართს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრემ (ვ. ბ-ძე) გამოავლინა ნება მოსარგებლეების მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდაზე, არ არსებობდა მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოსარგებლეთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილება კი თავისთავად გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას (ტომი III, ს.ფ. 46-57).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-ძემ (წარმომადგენელი ჯ. ტ-ავა), რომელმაც მოითხოვა 53 887.50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხის 36 795 აშშ დოლარით განსაზღვრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც ემყარება მათი მოთხოვნები, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ასეთს განეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და დააკმაყოფილა ის, რაც აპელანტს არ მოუთხოვია. აღნიშნული ქმედებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
კასატორის მითითებით, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მ. თ-შვილი და ს. მ-ოვა ცნობილ იქნენ თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში მდებარე ბინის ¹4-1 ფართის (26.99კვ.მ) და 4-2 ფართის (23.67კვ.მ) მოსარგებლეებად. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დასახელებული გადაწყვეტილების გაუთვალისწინებლად, ისინი უკანონოდ ცნო დამხმარე ფართის მოსარგებლეებად. ამასთან, აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ მხოლოდ იმას, რომ ცნობილი ყოფილიყვნენ თბილისში, ... ქ. ¹47/15-ში მდებარე ბინის ¹4-1 და ¹4-2 ფართების მესაკუთრეებად. სააპელაციო სასამართლო კი გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მათ მიერ საკომპენსციოდ გადასახდელი თანხა გაზარდა 53 887.50 აშშ დოლარამდე, რაც არასწორია (ტომი III, ს.ფ. 61-67).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ვ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ვ. ბ-ძეს უნდა დაუბრუნდეს ჯ. ტ-ავას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ვ. ბ-ძეს დაუბრუნდეს ჯ. ტ-ავას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.