¹ას-168-162-2011 16 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ... სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. თ-ოვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. თ-ოვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ბ-ს, საქართველოს ... სამინისტროსა და ა. პ-იანის მიმართ ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 5 მაისს მოსარჩელემ შეიძინა «მერსედეს-ბენც ML-320» მარკის ავტომანქანა. ა. თ-ოვმა ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად ავტომანქანა გააფორმა ა. პ-იანის სახელზე, რომელმაც გასცა მინდობილობა მოსარჩელის სახელზე.
2009 წლის 22 აგვისტოს ა. თ-ოვს ჩამოართვეს მისი კუთვნილი ავტომანქანა იმ მოტივით, რომ სასამართლო განაჩენით ა. პ-იანს დაეკისრა 100 000 ლარის გადახდა და დაყადაღდა მთელი მისი ქონება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ნივთს ყადაღა კანონიერად დაედო.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ა. თ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა, ავტომანქანა «მერსედეს-ბენც ML-320», სახელმწიფო ნომრით ..., გათავისუფლდა ყადაღისაგან და იგი დაუბრუნდა ა. თ-ოვს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ... სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართელოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2008 წლის 5 მაისიდან ავტომანქანა «მერსედეს-ბენც ML-320», სახელმწიფო ნომერი ..., ირიცხებოდა ქ. ახალქალაქში, ...¹412-ში მცხოვრებ ა. პ-იანის სახელზე.
2008 წლის 5 მაისს ა. პ-იანმა ა. თ-ოვის სახელზე გასცა ავტომანქანის მინდობილობა განკარგვის უფლებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ა. პ-იანს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 2009 წლის 12 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ს.ბ-ს წარმოებაში იყო და მის საფუძველზე ყადაღა დაედო ა. პ-იანის სახელზე რეგისტრირებულ «მერსედეს-ბენც ML-320» მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ....
2009 წლის 22 აგვისტოს სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტ «სადახლოს» გავლით, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ა. თ-ოვს ჩამოართვეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ზემოხსენებული ავტომანქანა.
2008 წლის 5 მაისს მოსარჩელე ა. თ-ოვმა ქალაქ თბილისში, ჯ. ქ-იასაგან 14 000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა «მერსედეს-ბენც ML-320», სახელმწიფო ნომერი ... და, შესაბამისად, იგი იყო აღნიშნული ავტომანქანის მესაკუთრე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-91 მუხლი, რადგან აღნიშნული ნორმა მიღებულ იქნა 2009 წლის 17 ივლისის ¹1544 საკანონმდებლო ცვლილებების სახით. საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ სადავო სამართალურთიერთობა წარმოიშვა გაცილებით უფრო ადრე, კერძოდ, 2008 წლის 5 მაისს, როდესაც მოსარჩელე ა. თ-ოვმა ქალაქ თბილისში, ჯ. ქ-იასგან 14 000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა «მერსედეს-ბენც ML-320», სახელმწიფო ნომერი .... იმავე დღესვე ხსენებული ავტომობილი აღირიცხა ქ. ახალქალაქში, ...¹412-ში მცხოვრებ ა. პ-იანის სახელზე და ასევე, იმავე დღეს _ 2008 წლის 5 მაისს, ა. პ-იანმა ა. თ-ოვის სახელზე გასცა ავტომანქანის მინდობილობა განკარგვის უფლებით. ამრიგად, 2009 წლის 17 ივლისს მიღებული სამართლის ნორმა არ უნდა გავრცელდეს 2008 წლის 5 მაისს წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ... სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სამინისტრომ იშუამდგომლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, არასათანადო მხარედ ცნობის თაობაზე, თუმცა პალატამ უგულებელყო «აღსრულების შესახებ» საქართველოს კანონის მე-181 მუხლის დანაწესი და აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღსრულება არ წარმოებდა საქართველოს ... სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორის მიმართვის საფუძველზე არ გამოუტანია.
სასამართლომ არ გამოიყენა «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ¹150 ბრძანების მე-3 მუხლის მეექვსე, მე-12 ნაწილები და არ გაითვალისწინა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ა. თ-ოვმა სადავო ნივთზე საკუთრების უფლება ვერ დაადასტურა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
«აღსრულების შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება.
დასახელებული ნორმა არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დავაში კრედიტორ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო და განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფო დაწესებულებით უნდა იქნეს წარმოდგენილი იგი აღსრულების პროცესში. ასეთია: 1. აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტანი სახელმწიფო ორგანო ან პირი; 2. სასამართლოსათვის აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ავტორი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ა. თ-ოვის სასარჩელო მოთხოვნა ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენის აღსრულების _ ა. პ-იანისათვის 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების მიზნით ა. პ-იანის სახელზე რიცხული ალ. თ-ოვის კუთვნილ ავტომანქანაზე ყადაღის მოხსნას.
ამდენად, აღსრულებას ექვემდებარება არა საქართველოს ... სამინისტროს, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენი) და აღნიშნული სასამართლო განაჩენი მიღებულია პროკურატურის ორგანოთა მიმართვის საფუძველზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კანონის მითითებული დანაწესი ავალებს სასამართლოს, გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ, მოცემული განჩინების კვლევით ნაწილში მითითებული სამართლოს ნორმების გათვალისწინებით, უნდა იმსჯელოს, წარმოადგენს თუ არა საქართველოს ... სამინისტრო სათანადო მოპასუხეს დავაში, სადაც კრედიტორია სახელმწიფო, თუმცა აღსასრულებელი გადაწყვეტილება მიღებულია არა მოპასუხის, არამედ სასამართლოს მიერ პროკურატურის ორგანოთა მიმართვის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.